1. ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ, მემოწმება ჩემი სინიდისი სული წმიდის მიერ,
2. რომ დიდია ჩემი მწუხარება და დაუმცხრალია ტკივილი ჩემი გულისა;
3. ასე რომ, ვისურვებდი თვითონვე ვყოფილიყავი შეჩვენებული და ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების, ჩემი სისხლისა და ხორცის გამო,
4. რომლებიც არიან ისრაელიტნი და შვილობაც ეკუთვნით, დიდებაც, აღთქმანიც და რჯულდებაც, მსახურებაც და დაპირებაც.
5. მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ.
6. მაგრამ ისე კი არა, თითქოს გაცუდდა სიტყვა ღვთისა, რადგან ვინცაა ისრაელისგან, ყველა როდია ისრაელიტი.
7. და არც აბრაამის შვილია ყველა, ვინც მისი თესლისაგან არის; არამედ ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი თესლი“.
8. ესე იგი, ხორციელი შვილები კი არ არიან ღვთის შვილნი, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან თესლად.
9. რადგანაც ასეთია აღთქმის სიტყვა: „ამ დროს მოვალ, და ეყოლება სარას ძე“.
10. და არა მარტო ეს; არამედ რებეკაც ერთი კაცის - მამაჩვენ ისააკისაგან დაფეხმძიმდა,
11. მაგრამ ჯერ კიდევ არ შობილიყვნენ მისი ძენი და არც არაფერი ჩაედინათ - არც კარგი და არც ცუდი (რათა აღსრულებულიყო განზრანვა ღვთისა მისი არჩევანის თანახმად,
12. საქმეთა მიხედვით კი არა, არამედ მხმობელის ნებით), რომ ქალს ეუწყა: „უფროსი დაემონება უმცროსს“.
13. როგორც წერია: „იაკობი შევიყვარე, ხოლო ესავი მოვიძულე“.
14. რას ვიტყვით? ნუთუ უსამართლობაა ღმერთში? არამც და არამც.
15. რადგანაც მოსეს ეუბნება: „შევიწყალებ, ვისაც შევიწყალებ, და შევიწყნარებ, ვისაც შევიწყნარებ“.
16. მაშასადამე, ეს კაცის ნება-სურვილზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ღვთის მოწყალებაზე.
17. რადგანაც წერილი ეტყვის ფარაონს: „სწორედ იმისთვის დაგადგინე, რათა ჩემი ძალა გიჩვენო, და განითქვას ჩემი სახელი მთელს ქვეყანაზე“.
18. ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინცა სურს, მას გაამქისებს.
19. შენ მეტყვი: მაშინ რაღად გვდებს ბრალს? რადგანაც ვის შეუძლია წინ აღუდგეს მის ნებას?
20. კი მაგრამ, შენ ვინა ხარ, კაცო, რომ ედავები ღმერთს? განა ნახელავი ეტყვის ხელოსანს: რატომ შემქმენი ასეო?
21. იქნებ მეთუნეს ნება არა აქვს, რომ მის მიერ მოზელილი ერთი და იმავე თიხისგან ძვირფასი ჭურჭელიც გააკეთოს და უფასურიც?
22. მაგრამ თუ ღმერთი, რომელსაც სურდა ეჩვენებინა თავისი რისხვა და ეუწყებინა თავისი ძალა, მთელი დიდსულოვნებით ზოგავდა შესამუსრად გამზადებულ ჭურჭლებს რისხვისას,
23. რათა გამოეჩინა თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭელთა მიმართ, წინასწარ რომ განამზადა დიდებისათვის,
24. ანუ ჩვენს მიმართ, რომელნიც გვიხმო არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც?
25. როგორც ოსიაში ამბობს: „ხალხს, რომელიც ჩემი არ იყო, ჩემს ხალხს ვუწოდებ, ხოლო იმას, ვინც არ მიყვარდა - საყვარელს.
26. და სადაც ითქვა მათ მიმართ: თქვენ არა ხართ ჩემი ხალხი, იქვე ცოცხალი ღმრთის ძეებად იწოდებიან“.
27. ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელის ძეთა რიცხვი იმდენიც რომ იყოს, რამდენიც ქვიშაა ზღვაში, მხოლოდ ნაშთი თუ ცხონდება.
28. რადგან უფალი თავის სიტყვას მთლიანად და დაუყოვნებლივ აღასრულებს დედამიწაზე“.
29. და როგორც იწინასწარმეტყველა ესაიამ: „უფალ საბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენთვის თესლი, ვიქნებოდი როგორც სოდომი და გომორას ვემსგავსებოდით“.
30. რას ვიტყვით? წარმართნი, რომელნიც არ ეძებდნენ სიმართლეს, ეწივნენ სიმართლეს, სიმართლეს რწმენის მიერ.
31. ხოლო ისრაელი, რომელიც ეძებდა სიმართლის რჯულს, სიმართლის რჯულს ვერ მისწვდა.
32. რატომ? იმიტომ, რომ რწმენით კი არ ეძებდნენ, არამედ საქმეთა მიერ, და შებრკოლების ლოდზე წაიბორძიკეს.
33. როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცთურის კლდეს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“.