1. პავლე, ღვთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული ღვთის რჩეულთა რწმენითა და ჭეშმარიტების შემეცნებით, ღვთისმოსაობის შესაბამისად,
2. საუკუნო სიცოცხლის იმედით, საუკუნეთა უწინარეს რომ აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა,
3. და თავის დროზე გამოაცხადა სიტყვა ქადაგებით, რომელიც ჩვენი მაცხოვრის - ღმერთის ბრძანებით მე მომენდო, -
4. ტიტეს, ჭეშმარიტ შვილს საერთო რწმენისამებრ: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი მაცხოვრის - ქრისტე იესოსაგან.
5. იმიტომ დაგტოვე კრეტეს, რომ დასასრულებელი დაასრულო და ხუცესნი დაადგინო ყველა ქალაქში, როგორც დაგავალე:
6. ვინც უბიწოა, ერთი ცოლის ქმარი და მორწმუნე შვილების მამა, ვისაც ვერავინ დასდებს ბრალად ბილწებასა და ურჩობას,
7. რადგანაც ეპისკოპოსი უბიწო უნდა იყოს, როგორც მნე ღვთისა, არა თავნება, არა გულფიცხი, არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არა ანგარი,
8. არამედ სტუმართმოყვარე, სიკეთისმოყვარე, გონიერი, მართალი, წმიდა, მტკიცე,
9. სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, თანახმად სწავლებისა, რათა საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და ურჩთა მხილება.
10. რადგან ბევრია ურჩიც, ფუჭად მოლაყბეც და გონების მაცდურიც, მეტწილად წინადაცვეთილთაგან,
11. რომელთაც უნდა ავუკრათ პირი, რადგანაც რყვნიან მთელ სახლებს და ასწავლიან იმას, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ, სამარცხვინო ანგარებით.
12. ერთმა მათგანმა, იქაურმა წინასწარმეტყველმა თქვა: კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, მძვინვარე მხეცნი, უქმი მუცელნი.
13. ეს მოწმობა ჭეშმარიტია. ამიტომაც ამხილე ისინი მკაცრად, რათა საღნი იყვნენ რწმენაში.
14. ყურს ნუ უგდებენ იუდეველთა ზღაპრებსა და ჭეშმარიტებისაგან განდგომილ კაცთა მცნებებს.
15. რადგანაც წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ბილწთა და ურწმუნოთათვის კი არაფერი არ არის წმიდა, არამედ შებილწულია მათი გონებაც და სინიდისიც.
16. სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს, უკეთურნი, ურჩნი და ყოველი კეთილი საქმისათვის ურგებნი.