1. დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები უკვე ქალაქებში ესახლნენ; შეიკრიბა ერი იერუსალიმში როგორც ერთი კაცი.
2. ადგნენ იესო იოცადაკის ძე, მისი ძმები, მღვდლები - ზერუბაბელ შალთიელის ძე და მისი ძმები და აუგეს ისრაელის ღმერთს სამსხვერპლო, რათა აღსავლენი მსხვერპლი შეეწირათ მასზე, როგორც მოსეს, ღვთისკაცის რჯულში იყო დაწერილი.
3. დადგეს სამსხვერპლო თავის ადგილზე, რადგან ქვეყანათა ხალხების შიში ჰქონდათ, და სწირავდნენ მასზე აღსავლენ მსხვერპლს უფლისადმი დილით და საღამოთი.
4. მართავდნენ კარვობის დღესასწაულს დაწერილისამებრ და სწირავდნენ დღიურ აღსავლენ მსხვერპლს განსაზღვრულ რიცხვში ყოველდღიური წესის მიხედვით.
5. ამის შემდეგ სწირავდნენ მუდმივ აღსავლენს ახალმთავრობისას და უფლის ყოველ კურთხეულ დღესასწაულზე და ყველასათვის, ვისაც ნებაყოფლობითი შესაწირავი მიჰქონდა უფლისათვის.
6. მეშვიდე თვის პირველი დღიდანვე დაიწყეს აღსავლენის შეწირვა უფლისადმი. უფლის ტაძრის საძირკველი ჯერ კიდევ არ იყო ჩაყრილი.
7. დაურიგეს ვერცხლი ქვისმთლელებს და ხუროებს, საჭმელ-სასმელი და ზეთი ციდონელებს და ტვიროსელებს, რომ მოეზიდათ კედარის ძელები ლიბანიდან ზღვით იაფოში სპარსეთის მეფის, კიროსის მიერ მათთვის გაცემული ნებართვით.
8. ღვთის სახლთან, იერუსალიმში, მათი მოსვლის მეორე წლის მეორე თვეს შეუდგნენ საქმეს ზერუბაბელ შალთიელის ძე, იესო იოცადაკის ძე და დანარჩენი მათი ძმები, მღვდლები - ლევიანები და ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნებული მთელი ხალხი, და დაადგინეს ლევიანები, ოც წელს გადაცილებულნი, უფლის სახლის სამუშაოების ზედამხედველებად.
9. დადგნენ იესო, მისი შვილები და ძმები, კადმიელი, და მისი შვილები, იუდას შვილები, როგორც ერთი კაცი, ღვთის სახლში მომუშავეთა ზედამხედველებად; აგრეთვე ხენადადიანები, მათი შვილები და მათი ძმები, ლევიანები.
10. როცა მშენებლები შეუდგნენ უფლის ტაძრის საძირკვლის ჩაყრას, დააყენეს შემოსილი მღვდლები საყვირებით და ლევიანები, ასაფის ძენი, დაფდაფებით, რათა ედიდებინათ უფალი ისრაელის მეფის, დავითის, წესის მიხედვით.
11. უმღერდნენ ქება-დიდებას უფალს: რადგან კეთილია, რადგან საუკუნოა მისი წყალობა ისრაელზე! მთელი ხალხი კი მაღალი ხმით ყიჟინებდა უფლის ქება-დიდებას უფლის სახლის დაფუძნების გამო.
12. ბევრი მღვდელი და ლევიანი, მამისსახლთა თავკაცნი, მოხუცებულნი, რომელთაც ნანახი ჰქონდათ პირვანდელი ტაძარი, ხმამაღლა ტიროდნენ, როცა მათ თვალწინ საძირკველი ეყრებოდა ტაძარს; ბევრნი სიხარულის ყიჟინას სცემდნენ.
13. ხალხი ვერ არჩევდა სიხარულის ყიჟინას და ტირილის ხმებს, რადგან დიდი ხმით ყიჟინებდა ხალხი და შორს ისმოდა მათი ხმა.