1. ამ ამბების შემდეგ სპარსთა მეფის, ართახშაშთას, მეფობაში ეზრა ძე სერაიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა ხილკიასი,
2. ძისა შალუმისა, ძისა ცადოკისა, ძისა ახიტუბისა,
2. ძისა ამარიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა მერაიოთისა,
4. ძისა ზერახიასი, ძისა ყუზისა, ძისა ბუკისა,
5. ძისა აბიშუაყისა, ძისა ფინხასისა, ძისა ელეაზარისა, ძისა აარონისა, მღვდელმთავრისა -
6. ეს ეზრა წამოვიდა ბაბილონიდან. იგი იყო მწიგნობარი, მოსეს რჯულში ჩახედული, რომელიც მისცა უფალმა, ისრაელის ღმერთმა. შეუსრულა მას მეფემ ყველა სათხოვარი, რადგან უფლის, მისი ღმერთის ხელი იყო მასზე.
7. წავიდნენ ისრაელიანთაგან, მღვდელთაგან, ლევიანთაგან, მგალობელთაგან, კარისკაცთაგან და შეწირულთაგან იერუსალიმში მეფე ართახშასთას მეშვიდე წელს.
8. მივიდა იერუსალიმში მეხუთე თვეს, მეფის მეშვიდე წელს,
9. რადგან პირველი თვის პირველი დღე იყო დასაწყისი ბაბილონიდან წამოსვლისა და მეხუთე თვის პირველ დღეს მივიდა იერუსალიმში, რადგან მისი ღვთის სასიკეთო ხელი იყო მასზე.
10. რადგან გულს იდვა ეზრამ უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება, და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში.
11. აჰა, პირი წერილისა, რომელიც მისცა მეფე ართახშასთამ ეზრას - მღვდელს, მწიგნობარს, უფლის მცნებათა და წესთა მოძღვარს ისრაელში:
12. ართახშასთა, მეფეთა მეფე, ეზრას, მღვდელს, ცათა ღმერთის რჯულის სრულყოფილ მოძღვარს, ასე და ასე.
13. ვიძლევი განკარგულებას, რომ თუ ვინმეს ისრაელის ერიდან - მღვდლებს და ლევიანებს, გადაწყვეტილი აქვთ იერუსალიმში წასვლა, შენთან ერთად წავიდეს,
14. რადგან შენ იგზავნები მეფისგან და მისი შვიდი მრჩევლისგან, რათა მოიხილო იუდა და იერუსალიმი შენი ღმერთის რჯულის მიხედვით, რომელიც შენს ხელთაა,
15. რომ წაიღო ვერცხლი და ოქრო, მეფემ და მისმა მრჩევლებმა რომ შესწირეს ისრაელის ღმერთს, რომლის სავანე იერუსალიმშია,
16. და მთელი ვერცხლი და ოქრო, რასაც მოიპოვებ მთელს ბაბილონში, იმ ერისკაცთა და მღვდელთა შემოწირულობასთან ერთად, რომელნიც შესწირეს თავიანთ ღმერთის სახლს იერუსალიმში.
17. ამიტომაც დაუყოვნებლივ იყიდე ამ ვერცხლით ხარები, ვერძები და ბატკნები და მათი საძღვნო შესაწირავი და ზედაშე, და მიიტანე ისინი თქვენი ღმერთის სამსხვერპლოზე, იერუსალიმში.
18. და როგორც უკეთესად მიიჩნევთ შენ და შენი თვისტომნი, თქვენი ღმერთის ნებით, ისე მოიხმარეთ დარჩენილი ოქრო-ვერცხლი.
19. ჭურჭელი, რომელიც მოგეცა შენი ღმერთის სახლის სამსახურისთვის, დაუბრუნე იერუსალიმის ღმერთს.
20. შენი ღმერთის სახლის დანარჩენი სამსახურებელი ნივთი, რისი მიცემაც მოგესურვება, მიეცი სამეფო საგანძურიდან.
21. ვიძლევი განკარგულებას მე, ართახშასთა მეფე, მდინარისგაღმელი ყველა მეგანძურის მიმართ, რომ რასაც კი მოგთხოვთ ეზრა, მღვდელი და ცათა ღმერთის რჯულის მოძღვარი, დაუყოვნებლივ შესრულდეს.
22. ვერცხლი ას ქანქარამდე, ხორბალი ას ქორამდე, ღვინო ას ბათამდე, ზეთი ას ბათამდე, და მარილი დაუწერელად.
23. ყველაფერი, რაც კი ნაბრძანები აქვს ცათა ღმერთს, ბეჯითად უნდა გაკეთდეს ცათა ღმერთის სახლისათვის, რათა არ დაატყდეს მისი რისხვა სამეფოს, მეფეს და უფლისწულებს.
24. გაცნობებთ, რომ არცერთ მღვდელს და ლევიანს, არც მგალობელს და შეწირულ კარისკაცს, ამ ღვთის სახლში მომსახურეს, არ დაეკისროს არც ხარკი, არც გადასახადი და არც ბეგარა.
25. შენ კი, ეზრა, შენი ღმერთის სიბრძნით, რომელიც შენს ხელთაა, დაადგინე მსაჯულები და მოსამართლეები, რომლებიც სამართალს გაუჩენენ მთელს ერს, მდინარისგაღმელს, ყველას, ვინც იცის შენი ღმერთის რჯული, ხოლო ვინც არ იცის, ასწავლეთ.
26. ყველა, ვინც არ შეასრულებს შენი ღმერთის რჯულს და მეფის რჯულს, დაუყოვნებლივ უნდა გასამართლდეს. ან სიკვდილით დაისაჯოს, ან მოიკვეთოს, ან დაჯარიმდეს და დატუსაღდეს.
27. კურთხეულ იყოს უფალი, ჩვენი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც შთააგონა მეფეს შეემკო უფლის სახლი იერუსალიმში,
28. და წყალობით მოახედა ჩემსკენ მეფე და მისი მრჩევლები, მეფის ძლიერი მთავრები. მეც გავმხნევდი, რადგან უფლის, ჩემი ღმერთის ხელი იყო ჩემზე, და შევკრიბე ისრაელიანი მთავრები, რომ ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ.