1. აჰა, მათ მამისსახლთა თავკაცნი და მათი საგვარტომო ნუსხა, ვინც ჩემთან ერთად წამოვიდნენ ბაბილონიდან მეფე ართახშასთას მეფობაში:
2. ფინხასიანთაგან გერშომი, ითამარიანთაგან დანიელი, დავითიანთაგან ხატუში.
3. შექანიანთაგან, ფარყოსიანთაგან, ზაქარია და მასთან მითვლილი ასორმოცდაათი მამროვანი.
4. ფახათ-მოაბიანთაგან ელიეჰოყენაი, ზაქარიას ძე, და ორასი მამროვანი მასთან ერთად.
5. შექანიანთაგან იახაზიელის ძე და სამასი მამროვანი მასთან ერთად.
6. ყადიანიანთაგან ყებედი, იონათანის ძე, და ორმოცდაათი მამროვანი მასთან ერთად.
7. ყელამიანთაგან ესაია, ყათალიას ძე, და სამოცდაათი მამროვანი მასთან ერთად.
8. შეფატიანთაგან ზებადია, მიქაელის ძე, და ოთხმოცი მამროვანი მასთან ერთად.
9. იობიანთაგან ყობადია, იეხიელის ძე, და ორასთვრამეტი მამროვანი მასთან ერთად.
10. ბაყანიანთაგან შელომითი, იოსიფიას ძე, და სამოცი მამროვანი მასთან ერთად.
11. ბებაიანთაგან ზაქარია ბებაის ძე, და ოცდარვა მამროვანი მასთან ერთად.
12. ყაზგადიანთაგან იოხანანი, ძე ჰაკატანისა, და ას ათი მამროვანი მასთან ერთად.
13. ადონიკამიანთაგან - უკანასკნელნი და, აჰა, მათი სახელები: ელიფელეტი, იეყიელი, შემაყია და სამოცი მამროვანი მათთან ერთად,
14. ბიგვაიანთაგან ყუთაი, ზაბუდი და სამოცდაათი მამროვანი მათთან ერთად.
15. შევყარე ისინი მდინარესთან, რომელიც აჰავას ერთვის, და ვიდექით იქ სამ დღეს. გამოვიკვლიე ერი და სამღვდელოება და ლევიანთაგან ვერავინ ვპოვე მათ შორის.
16. დავიბარე ელყეზერი, არიელი, შემაყია, ელნათანი, იარიბი, ელნათანი, ნათანი, ზაქარია, მეშულამი - თავკაცნი, იოარიბი და ელნათანი - სწავლულნი.
17. გავგზავნე ისინი იდოსთან, ქასიფიას ადგილის უფროსთან, და შევუთვალე მათი პირით იდოს და მის თვისტომთ, შეწირულთ, ქასიფიაში მყოფთ, რომ ჩვენი ღვთის სახლის მსახურნი გამოეგზავნათ ჩვენთვის.
18. და მათაც, რადგან ჩვენი ღმერთის სასიკეთო ხელი იყო ჩვენზე, გამოგვიგზავნეს ერთი გონიერი კაცი მახლიანთაგან - ლევიანი, ისრაელიანი, სახელად შერებია, მისი ვაჟები და ძმები - სულ თვრამეტი კაცი,
19. და ხაშაბია და მასთან ერთად ესაია მერარიანთაგან, მისი ძმები და ოცი ვაჟი,
20. და შეწირულნი, რომლებიც მსახურებად მისცეს დავითმა და მთავრებმა ლევიანებს. თითოეული მათგანის სახელი ცნობილი იყო.
21. გამოვაცხადე მარხვა, იქ, მდინარე აჰავას ნაპირას, რომ ქედმოდრეკილნი ვყოფილიყავით ჩვენი ღმერთის წინაშე და გვეკითხა მისგან მშვიდობიანი გზა ჩვენთვის, ჩვენი წვრილშვილისთვის და მთელი ჩვენი საბადებლისთვის.
22. რადგან მრცხვენოდა მეთხოვა მეფისთვის ჯარი და მხედრობა, რომ გზაში მტრებისაგან დაეცვათ ჩვენი თავი, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისთვის: სასიკეთოა ჩვენი ღმერთის ხელი ყველასათვის, ვინც კი ევედრება მას; ხოლო მისი ძალა და რისხვა თავს ატყდება ყველას, ვინც მას მიატოვებს.
23. ვმარხულობდით და ამას შევსთხოვდით ჩვენს ღმერთს, და მანაც ისმინა ჩვენი.
24. გამოვყავი მღვდლების უფროსებიდან თორმეტი კაცი - შერებია, ხაშაბია და მათთან ერთად ათი კაცი მათი ძმებიდან.
25. და წონით ჩავაბარე მათ ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი, ჩვენი ღმერთის სახლისადმი შეწირული, რომელიც მეფემ, მისმა მრჩევლებმა, მთავრებმა და ყველა იქ მყოფმა ისრაელიანმა შესწირეს ჩვენი ღმერთის სახლს.
26. წონით ჩავაბარე ხელში: ექვსას ორმოცდაათი ქანქარი ვერცხლი და ასი ქანქარი ვერცხლის ჭურჭელი, ოქრო ასი ქანქარი.
27. ოცი ათასდრაქმიანი ოქროს თასი და ბრწყინვალე სპილენძის ორი საუკეთესო ჭურჭელი, რომელთაც ოქროს ფასი აქვთ.
28. ვუთხარი მათ: თქვენ წმიდა ხართ უფლისათვის და ჭურჭელნიც წმიდაა; ვერცხლი და ოქრო ნებაყოფლობითი შეწირულობაა უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთისადმი.
29. ფხიზლად იყავით და გაუფრთხილდით, სანამ წონით ჩააბარებდეთ მღვდლების უფროსებს, ლევიანებს და ისრაელის მამისსახლთა უფროსებს იერუსალიმში, უფლის სახლის საგანძურში.
30. ჩაიბარეს მღვდლებმა და ლევიანებმა აწონილი ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი, ჩვენი ღმერთის სახლში წასაღებად, იერუსალიმში.
31. დავიძარით მდინარე აჰავადან პირველი თვის მეთორმეტე დღეს იერუსალიმში წასასვლელად და ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე, გვიცავდა მტრის ხელისგან და გზაში ჩასაფრებული მზირებისგან.
32. მივედით იერუსალიმში და დავრჩით იქ სამ დღეს.
33. მეოთხე დღეს წონით ჩაბარდა ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი ჩვენი ღმერთის სახლში მერემოთს, ურიას ძეს, მღვდელს, და ელიაზარს, ფინხასის ძეს, მასთან ერთად და იოზაბადს, იესოს ძეს, ნოყადიას, ბინყის ძეს, ლევიანებს მათთან ერთად.
34. ყველაფერი თვლითა და წონით ჩაბარდა. ამ დროსაც იქნა ჩაწერილი მთელი წონა.
35. ტყვეობიდან დაბრუნებულმა, გადანასახლებმა ხალხმა შესწირა აღსავლენი ისრაელის ღმერთს: თორმეტი ხბო მთელს ისრაელზე, ოთხმოცდათექვსმეტი ვერძი, სამოცდაჩვიდმეტი ბატკანი, თორმეტი თხა ცოდვის გამოსასყიდად; ყველაფერი აღსავლენ მსხვერპლად შეიწირა უფლისადმი.
36. გადასცეს მეფის განკარგულება მეფის ნაცვლებს და მდინარისგაღმელ განმგებლებს. მათაც ხელი შეუწყვეს ერსა და ღვთის სახლს.