1. ეს ყველაფერი რომ დასრულდა, მოვიდნენ ჩემთან თავკაცები და მითხრეს: არ განდგომიან ისრაელის ერი, მღვდლები და ლევიანები ამ ქვეყნების ხალხთა - ქანაანელთა, ხეთელთა, ფერიზეველთა, იებუსელთა, ყამონელთა, მოაბელთა, ეგვიპტელთა და ამორეველთა სიბილწეებს;
2. რადგან მოიყვანეს მათი ასულები თავისთვის და თავისი ვაჟიშვილებისთვის, და შეერია წმიდა თესლი ამ ქვეყნების ხალხებს. მთავარი ხელი ამ დანაშაულში თავკაცებისა და წინამძღოლებისაა.
3. ამ ამბის გაგონებისას შემოვიგლიჯე სამოსელი და მოსასხამი, თმას და წვერს ვიგლეჯდი და დამწუხრებული ვიჯექი.
4. თავი მოიყარეს ჩემთან ყველამ, ვისაც ეშინოდა ისრაელის ღმერთის განაჩენისა, გადანასახლები ხალხის დანაშაულის გამო. მე კი დამწუხრებული ვიჯექი მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე.
5. ხოლო მწუხრის მსხვერპლშეწირვისას ავდექი ჩემი მარხულობიდან და სამოსელშემოგლეჯილი დავეცი მუხლებზე, და ხელი აღვაპყრე უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ,
6. ვთქვი: ღმერთო ჩემო! მრცხვენია და ვერ ვბედავ სახის აღმართვას, ღმერთო, შენს მიმართ, რადგან ჩვენი უზნეობანი თავზე გადაგვდის და ჩვენი დანაშაული ცას მიწვდა.
7. ჩვენი მამა-პაპის დროიდან დღემდე დიდ დანაშაულში ვრთ. ჩვენს უზნეობათა გამო ჩავვარდით ჩვენ, ჩვენი მეფეები და ჩვენი მღვდლები, უცხო ქვეყნების მეფეთა ხელში. მახვილის ქვეშ და ტყვეობაში, გავხდით სათარეშოდ და სამასხარაოდ, როგორც დღესა ვართ.
8. ახლა მაინც მოგვხედა სიბრალულით უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, რომ ეხსნა ჩვენი ნატამალი და დავემაგრებინეთ მისი სიწმიდის ადგილას, რომ გაენათებინა ჩვენი თვალები ჩვენს ღმერთს და ცოტათი მაინც გავეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში.
9. ჩვენ ხომ მონები ვართ, მაგრამ მონობაშიც არ მივუტოვებივართ ჩვენს ღმერთს: წყალობით მოახედა ჩვენსკენ სპარსთა მეფეები, რომ გავეცოცხლებინეთ, რომ აღგვემართა ჩვენი ღმერთის სახლი, აღგვედგინა ნანგრევებიდან და თავშესაფარი მოგვცემოდა იუდაში და იერუსალიმში.
10. ახლა კი, რა უნდა ვთქვათ, ღმერთო, ამის შემდეგ, როცა დავივიწყეთ შენი მცნებები,
11. შენს მორჩილთა - წინასწარმეტყველთა - ხელით რომ გვამცნე: ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლად მიდიხართ, უწმიდურიაო იქ მცხოვრებთა უწმიდურობის და სიბილწეთა გამო, კიდით კიდემდე აქვთ ავსებულიო თავიანთი სიბინძურით.
12. ამიტომ თქვენი ასულები არ გაატანოთო მათ ვაჟებს და თქვენი ვაჟებისთვისაც არ მოიყვანოთო მათი ასულები. ნუ ეძებთო მათთვის მშვიდობას და სიკეთეს, რომ მტკიცედ იყოთ და ჭამოთ ქვეყნის დოვლათი და სამრადისოდ დაუმკვიდროთო იგი თქვენს შთამომავლობას.
13. და ყოველივე იმის შემდეგ, რაც თავს დაგვატყდა ჩვენი ავი საქმეებისა და დიდი დანაშაულის გამო (თუმცა შენ, ღმერთო ჩვენო, დაგვინდე, მიუხედავად ჩვენი უკეთურებისა, და მოგვივლინე ხსნა),
14. ნუთუ კვლავ გადავალთ შენს მცნებებს და დავუმოყვრდებით ამ ბილწ ხალხებს? ხომ მოგვსპობს შენი რისხვა, ისე რომ ჩვენი ნატამალიც არ დარჩება?
15. უფალო, ღმერთო ისრაელისა! შენ სამართლიანი ხარ, რადგან გადარჩენილი ვართ ნატამალი დღესდღეობით. აჰა, შენს წინაშე ვართ ჩვენი ცოდვებითურთ და არ ძალგვიძს შენს წინაშე დგომა ამის გამო.