1. როცა დაინახა იონათანმა, რომ დაუდგა შესაფერი ჟამი, ამოირჩია კაცები და გაგზავნა რომში მათთან მეგობრობის განსამტკიცებლად და განსაახლებლად.
2. ასეთივე წერილები დაგზავნა სპარტაში და ყველა მხარეში.
3. გაემართნენ რომისკენ. შევიდნენ საბჭოში და თქვეს: მღვდელმთავარმა იონათანმა და იუდაელმა ხალხმა მოგვავლინა ჩვენ ერთმანეთს შორის ძველი მეგობრობისა და მოკავშირეობის განსაახლებლად.
4. მისცეს მათ წერილები, ყოველი მხარის გამგებელთა მიმართ მიწერილი, რათა მშვიდობით გაესტუმრებინათ ისინი იუდას ქვეყანაში.
5. აი, ასლი წერილისა, რომელიც მისწერა იონათანმა სპარტელებს:
6. მღვდელმთავარი იონათანი, ერის უხუცესნი, მღვდლები და დანარჩენი იუდაელი ხალხი სპარტელებს, ძმებს, მოგიკითხავთ.
7. ჯერ კიდევ წინანდელ დროში თქვენი მეფის, არეიოსის მიერ მღვდელმთავარ ონიასთან გამოგზავნილი ყოფილა წერილი, რომ თქვენ ჩვენი ძმები ხართ, როგორც ამას ასლი წარმოგვიდგენს.
8. პატივით მიიღო ონიამ გამოგზავნილი კაცი და გამოართვა წერილი, რომელიც ნათლად მოწმობდა მოკავშირეობასა და მეგობრობას.
9. თუმცა ჩვენ ახლა ეს აღარ გვჭირდება, რადგან გასამხნევებლად ხელთ წმიდა წიგნები მოგვეპოვება.
10. გადავწყვიტეთ თქვენთვის გამოგვეგზავნა წერილი ძმობისა და მეგობრობის განსაახლებლად, რათა არ გაგიუცხოვდეთ, რადგან მრავალ დროებას ჩაუვლია მას შემდეგ, რაც მოგვწერეთ.
11. ჩვენ ახლა ყოველ დროს, დღესასწაულებშიცა და დანარჩენ სადაგ დღეებშიც გიხსენებთ თქვენ აღსავლენის შეწირვისას და ლოცვებში, რადგან ჯერ არს და ხამს ძმების გახსენება.
12. თქვენი დიდებით გახარებულნი ვართ,
13. თუმცა ჩვენ უზომო გასაჭირით და ხშირი ომებით ვიყავით გარემოცულნი; გვებრძოდნენ ჩვენ გარეშემო მეფეები.
14. მაგრამ არ გვსურდა თქვენი და ჩვენი დანარჩენი მოკავშირეებისა და მეგობრეხის შეწუხება იმ ომებში;
15. რადგან ციდან გვქონდა შეწევნა და ჩვენ ბევრჯერ გადავრჩენილვართ მტრების ხელიდან, ჩვენი მოძულენი კი დათრგუნულან.
16. ახლა ავირჩიეთ ნუმენიოსი, ანტიოქოსის ძე, და ანტიპატროსი, იასონის ძე, და გამოვგზავნეთ რომაელებთან, რათა განვაახლოთ მათთან მეგობრობა და წინანდელი მოკავშირეობა.
17. დავავალეთ მათ თქვენთან გამომგზავრებაცა და თქვენი მოკითხვაც; აგრეთვე, რომ გადმოგცენ ჩვენი წერილი ჩვენი ძმობის განახლების თაობაზე.
18. ახლა კარგს იზამთ, თუ გვიპასუხებთ ამაზე.
19. აი, ასლი წერილისა, რომელიც გაუგზავნეს ონიას:
20. არეიოსი, მეფე სპარტელთა, მღვდელმთავარ ონიას მოგიკითხავ.
21. წერილში აღმოჩნდა, რომ სპარტელები და იუდაელები ძმები და აბრაამის მოდგმისანი არიან.
22. ახლა, რაკი ეს ამბავი შევიტყვეთ, კარგს იზამთ, თქვენს კეთილდღეობაზე თუ მოგვწერთ.
23. ხოლო ჩვენ გწერთ, რომ თქვენი ცხვარ-ძროხა და ქონება ჩვენია, ჩვენი კი - თქვენი. ნაბრძანები გვაქვს, გაცნობოთ ეს ამბავი.
24. გაიგო იონათანმა, რომ დაბრუნდნენ დემეტრიოსის მთავრები წინანდელზე მეტად ურიცხვი ლაშქრით მათთან საომრად.
25. გამოვიდა იერუსალიმიდან და დახვდა მათ ხამათის მხარეში და არ შეუშვა თავის მიწა-წყალზე.
26. გაგზავნა მზვერავები მათი ბანაკისაკენ; დაბრუნდნენ და მოახსენეს, რომ ღამით ამზადებდნენ მათზე თავდასხმას.
27. როცა მზე ჩაესვენა, იონათანმა უბრძანა თავისთან მყოფებს, ეფხიზლათ და იარაღასხმულნი მდგარიყვნენ, რომ მზად ყოფილიყვნენ ომისათვის მთელი ღამის განმავლობაშა და გუშაგებიც დააყენა ბანაკის გარშემო.
28. შეიტყვეს მოწინააღმდეგეებმა, რომ მზად არიან საომრად იონათანი და მასთან მყოფნიც. შეშინდნენ, გულები შეუდრკათ, კოცონები დაანთეს ბანაკში და უკუიქცნენ.
29. ხოლო იონათანს და მასთან მყოფებს დილამდე არ გაუგიათ ეს, რადგან ხედავდნენ ანთებულ ცეცხლებს.
30. მისდია მათ უკან იონათანმა, მაგრამ ვერ მიეწია, რადგან მდინარე ელეფთეროსს გაღმა იყვნენ გასულნი.
31. მაშინ არაბებს გადაწვდა იონათანი, რომლებიც ზაბადეიანებად იწოდებოდნენ, სძლია მათ და მოხვეტა ნადავლი.
32. მერე აიყარა და მიადგა დამასკოს, და გაიარა მთელი ის მხარე.
33. სიმონი კი გაეშურა და იარა აშკელონამდე და მახლობელ ციხე-სიმაგრეებამდე, შემდეგ გაუხვია იაფოში და აიღო იგი,
34. რადგან გაიგო, რომ იქაურებს სურდათ ციხე-სიმაგრე დემეტრიოსთან მყოფთათვის გადაეცათ. ჩააყენა იქ ჯარი მის დასაცავად.
35. დაბრუნდა იონათანი, მოუხმო ხალხის უხუცესებს და მოითათბირა მათთან, რომ აეგოთ სიმაგრეები იუდაში,
36. აემაღლებინათ იერუსალიმის კედლები და აღემართათ დიდი ზღუდე ციხე-სიმაგრესა და ქალაქს შორის, რათა გამოეყოთ ის ქალაქისგან, რომ ცალკე ყოფილიყო და შემწყდარიყო მათ შორის ყიდვა-გაყიდვა.
37. შეიკრიბნენ ქალაქის ასაშენებლად და აღადგინეს ჩანგრეული კედელი ხევთან, აღმოსავლეთით, ხაფენათად წოდებული.
38. ხოლო სიმონმა ააგო, ადიდა შეფელაში, გაამაგრა ის და დაუყენა ურდულებიანი კარიბჭე.
39. ტრიფონი კი ცდილობდა, აზიის მეფე გამხდარიყო, გვირგვინი დაედგა და ხელი აღემართა მეფე ანტიოქოსზე.
40. ეშინოდა, არ დაებრკოლებინა იგი იონათანს და ომი არ დაეწყო მის წინააღმდეგ. ამისთვის ცდილობდა მის შეპყრობას მოსაკლავად ადგა და ბეთ-შანისკენ გაემართა.
41. გამოვიდა იონათანი მის დასახვედრად ორმოციათასი საბრძოლოდ მზადმყოფი კაცით და მიადგა ბეთ-შანს.
42. როცა დაინახა ტრიფონმა. რომ იგი დიდძალი ლაშქრით არის მოსული, შეეშინდა, აღემართა ხელი მასზე.
43. ამიტომ პატივით მიიღო იგი და წარუდგინა ყველა თავის მეგობარს, უბოძა საჩუქრები და უბრძანა თავის მეგობრებსა და ლაშქარს, დამორჩილებოდნენ, როგორც თავად მას მორჩილებდნენ.
44. უთხრა იონათანს: რისთვის გასარჯე მთელი ეს ხალხი, თუ ომი არ გველის?
45. მაშ, გაუშვი ახლა ისინი თავ-თავიანთ სახლებში, შენთვის კი აარჩიე რამდენიმე კაცი, ვინც შენთან დარჩება და ერთად გავემგზავროთ პტოლემაისისკენ. ჩაგაბარებ მას და დანარჩენ ციხე-სიმაგრეებს, დანარჩენ ჯარებს და ყველა გამგებელს; მერე კი შინ გავბრუნდები. ამის გულისთვის ვიმყოფები აქ.
46. ერწმუნა მას და ისე მოიქცა, როგორც უთხრა. დაითხოვა ჯარები და წავიდნენ იუდას ქვეყნისკენ.
47. თავისთან კი დაიტოვა სამიათასი კაცი, რომელთაგან ორი ათასი გალილეაში დარჩა, ათასი კი მას გაჰყვა.
48. როცა იონათანი პტოლემაისში შევიდა, ჩაკეტეს კარიბჭეები პტოლემაისელებმა და შეიპყრეს იგი და ყველა, ვინც მასთან ერთად იყო შესული, მახვილით დახოცეს.
49. გაგზავნა ტრიფონმა ჯარები და ცხენოსნები გალილეაში და დიდ ვაკეზე, რომ გაეწყვიტათ ყველანი, იონათანის თანამდგომნი.
50. მაგრამ როცა გაიგეს მათ, რომ შეპყრირილია იონათანი, მისი ხალხი კი დახოცილი, გაამხნევეს ერთმანეთი და დაიძრნენ საომრად შემართულნი.
51. მდევრებმა დაინახეს, რომ ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლო იქნებოდა, და უკუიქცნენ.
52. დაბრუნდნენ ყველანი მშვიდობით იუდას ქვეყანაში და დაიტირეს იონათანი და მისი ხალხი; ძალზე შეშინებული იყო და დიდი მოთქმით მოთქვამდა მთელი ისრაელი.
53. მათ ირგვლივ მოსახლე ყველა ხალხი ცდილობდა მათ განადგურებას, რადგან ამბობდნენ, აღარ ჰყავთ არც წინამძღვარი და არც მშველელიო. მაშ, ახლა ვეკვეთოთ და წარვხოცოთო კაცთა შორის მათი სახსენებელი.