1. გორგიამ წაიყვანა ხუთიათასი ქვეითი და ათიათასი რჩეული მხედარი, და დაიძრა ღამით ლაშქარი,
2. რათა თავს დასხმოდნენ იუდაელთა ბანაკს და მუსრი გაევლოთ მათთვის მოულოდნელად; მისი მეგზურები ციხე-სიმაგრიდან იყვნენ.
3. შეიტყო იუდამ და გამოვიდა თავისი ლაშქრითურთ მეფის ჯართან შესაბმელად ემაუსში,
4. როცა ჯარები ჯერ კიდევ შორს იყვნენ ბანაკიდან.
5. შევიდა გორგია ღამით იუდას ბანაკში და ვერავინ ნახა იქ. მერე მთებში ეძებდა მათ, რადგან იფიქრა: გაგვექცაო ეს ხალხი.
6. გათენებისთანავე გამოჩნდა იუდა ვაკეზე სამიათასი კაცით; ფარები და მახვილები არ ჰქონიათ, რადგან ასე ისურვეს.
7. დაინახეს წარმართთა ბანაკი, ძლიერი და გამაგრებული, მხედრობით გარსშემორტყმული; ბრძოლებში გამოწრთობილნი იყვნენ ისინი.
8. უთხრა იუდამ კაცებს, რომლებიც თან ახლდნენ მას: მათი სიმრავლისა ნუ შეგეშინდებათ და მათი შემართება ნუ დაგაფრთხობთ.
9. გაიხსენეთ, როგორ გადარჩნენ ჩვენი მამები მეწამულ ზღვაში, როდესაც ჯარით გამოუდგა მათ ფარაონი.
10. ახლა კი შევღაღადოთ მას, ვინძლო ინებოს ღმერთმა ჩვენი გადარჩენა და გაიხსენოს მამათა აღთქმა, და შემუსროს ეს ლაშქარი დღეს ჩვენს წინაშე.
11. და გაიგოს ყოველმა ხალხმა, რომ არსებობს გამომსყიდველი და მხსნელი ისრაელისა.
12. როდესაც უცხოთესლმა ააპყრო თვალი, დაინახეს ისინი, მათ წინააღმდეგ მომავლები,
13. და გამოვიდნენ საომრად თავიანთი ბანაკიდან; მაშინ ბუკსა სცეს იუდას მხრიდან
14. და შეუტიეს და სძლიეს წარმართებს, და დაბლობისკენ გააქციეს;
15. ჩამორჩენილნი კი მახვილით განგმირეს; მისდიეს მათ გაზერამდე და ედომის ვაკემდე, აშდოდამდე და იამნიამდე. გაწყდა მათგან სამიათასამდე კაცი.
16. მობრუნდა იუდა ლაშქართან ერთად მათი დევნიდან.
17. და მიმართა ხალხს: ნუ დახარბდებით ნადავლს, რადგან წინ ომი გვიდევს.
18. გორგია და მისი ჯარი ჩვენს ახლოს არიან, მთებში. ახლა განეწყვეთ მტრის წინააღმდეგ და შეებრძოლეთ მათ, ამის შეხდეგ გაბედულად იალაფეთ.
19. ამ ლაპარაკში იყო, რომ რაღაც რაზმი გამოჩნდა მთიდან.
20. დაინახეს, რომ მათი ჯარი გაქცეულია, ბანაკს კი ცეცხლს უკიდებენ; ადენილი კვამლიდან ჩანდა, რაც მოხდა.
21. ამის მნახველთ თავზარი დაეცათ; ხოლო ვაკეზე საომრად გამზადებული იუდას ლაშქარი რომ დაინახეს,
22. ყველანი ფილისტიმელთა ქვეყნისკენ გაიქცნენ.
23. მაშინ მიბრუნდა იუდა ბანაკის გასაძარცვავად და მოხვეტეს დიდძალი ოქრო-ვერცხლი, იაკინთი და ზღვის პორფირი, დიდი დოვლათი.
24. როდესაც უკან დაბრუნდნენ, გალობანი და ლოცვები აღავლინეს ცისკენ, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა.
25. აღსრულდა ისრაელზე იმ დღეს დიდი ხსნა.
26. ხოლო ვინც გადარჩა უცხოთესლთაგან, ეახლნენ და აუწყეს ლისიას ყოველივე, რაც მოხდა.
27. როცა მოისმინა ეს, შეშფოთდა და დაღონდა, რადგან ისე არ წაუვიდა საქმე ისრაელს, როგორც მას სურდა, და არ ახდა ისე, როგორც მეფემ უბრძანა.
28. მეორე წელს შეკრიბა სამოცი ათასი რჩეული კაცი და ხუთიათასი ცხენოსანი, რომ შებრძოლებოდნენ მათ.
29. მივიდნენ ედომში და ბეთ-ცურში დაიბანაკეს; და დაუხვდა მათ იუდა ათიათასი კაცით.
30. როცა დაინახა, რომ ძლიერი იყო მათი ლაშქარი, ილოცა და თქვა: კურთხეულ ხარ, მხსნელო ისრაელისა, რომელმაც შემუსრე ძლიერი მტერი შენი მორჩილის, დავითის ხელით, და უცხოთესლთა ჯარი ხელში ჩაუგდე იონათანს, საულის ძეს, და მის საჭურველთმტვირთველს.
31. ასევე მოამწყვდიე ეს ლაშქარი შენი ერის, ისრაელის ხელში, რომ შერცხვენოდათ თავიანთი ჯარისა და მხედრობისა.
32. აავსე ისინი სიმხდალით, დაადამბლავე მათი ძალა, და შეარყია ისინი მარცხმა.
33. შემუსრე ისინი შენს მოყვარულთა მახვილით და საგალობლებში განგადიდებენ შენი სახელის მცნობელნი.
34. შემდეგ ეკვეთნენ ერთმანეთს და დაეცა ლისიას ბანაკიდან ხუთი ათასამდე კაცი და გაწყდნენ მათ წინაშე.
35. დაინახა ლისიამ თავისი ლაშქრის უკუქცეკა და იუდას მებრძოლთა სიმამაცე, თუ როგორ იყვნენ მზად, ან ეცოცხლათ ან ღირსეულად დახოცილიყვნენ, და ანტიოქიისკენ გაემართა; გულში ჩაიდო, ჯარი დაექირავებინა და უფრო დიდი ლაშქრით კვლავ იუდაელებს შესეოდა.
36. მაშინ თქვეს იუდამ და მისმა ძმებმა: აჰა, შეიმუსრა ჩვენი მტერი. ავიდეთ სამსხვერპლოს განსაწმედად და განსაახლებლად.
37. შეიკრიბა მთელი ჯარი და ავიდნენ სიონის მთაზე.
38. ნახეს გაპარტახებული საწმიდარი, წაბილწული სამსხვერპლო, გადამწვარი კარიბჭე; ეზოში კი ბუჩქები იყო ამოსული, როგორც ტყეში ან მთაში; სიწმიდეთა საცავები მოოხრებული იყო.
39. შემოიგლიჯეს ტანისამოსი, გამართეს დიდი გლოვა და ნაცარი დაიყარეს თავზე.
40. პირქვე დაემხნენ მიწაზე, მაუწყებელ საყვირებს ჩაჰბერეს და ხმამაღალი ღაღადისი აღავლინეს ცისკენ.
41. მერე გამოყო იუდამ მებრძოლები ციხე-სიმაგრეში მყოფებთან საომრად, ვიდრე თავად სამსხვერპლოს გაწმედდა.
42. ამოირჩია უბიწო მღვდლები, რჯულის ერთგულნი,
43. და გაასუფთავეს საწმიდარი და ბინძური ქვები უსუფთაო ადგილზე გაიტანეს.
44. შემდეგ გამართეს ბჭობა შებღალული აღსავლენის სამსხვერპლოს გამო, თუ როგორ მოქცეულიყვნენ.
45. მაშინ გაუჩნდათ მათ კეთილი აზრი, დაენგრიათ იგი, რომ სირცხვილად არ ქცეულიყო მათთვის, რადგან წარმართთაგან იყო წაბილწული; და დაანგრიეს სამსხვერპლო.
46. ქვები კი დააწყვეს ტაძრის მთაზე, შესაფერ ადგილას, სანამ მიამავალი ვინმე წინასწარმეტყველი მათ შესახებ იტყოდა რამეს.
47. მოაგროვეს წესისამებრ გაუთლელი ქვები და ააგეს ახალი სამსხვერპლო ძველის მიხედვით.
48. ააშენეს საწმიდარი და ტაძრის შიგადი, და აკურთხეს ეზო.
49. ახლად დაამზადეს წმიდა ჭურჭელი და ტაძარში შეიტანეს სასანთლე, საკმევლის სამსხვერპლო და ტრაპეზი.
50. აკმიეს სამსხვერპლოზე, შანდლებზე სანთლები დაანთეს და გაანათეს ტაძარი.
51. ტრაპეზზე პურები დააწყვეს, ჩამოკიდეს ფარდები და აღასრულეს ყოველი საქმე, რაც წამოიწყეს.
52. ასმეორმოცე წელს, მეცხრე თვის (ქისლევის თვის) ოცდამეხუთე დღეს, დილით ადრე ადგნენ
53. და ახლადაგებულ აღსავლენ სამსხვერპლოზე ჯერისამებრ მოიყვანეს შესაწირავი.
54. სწორედ იმ დროსა და იმ დღეს, როცა წაბილწეს წარმართებმა, განაახლეს იგი საგალობლებით, ბობღნებით, ებნებითა და წინწილებით.
55. პირქვე დაემხო მთელი ხალხი, თაყვანისცეს და ჰმადლობდნენ ცას, რომელმაც სიკეთე მოიღო მათზე.
56. რვა დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს სატფურებას, სიხარულით მოჰყავდათ აღსავლენი და სწირავდნენ ხსნისა და ქების შესაწირავს.
57. ტაძრის შუბლი დაამშვენეს ოქროს გვირგვინებითა და ფარებით, განაახლეს კარიბჭეები და სიწმიდეთსაცავები, და კარი შეაბეს.
58. დიდზე დიდმა სიხარულმა მოიცვა ხალხი და განქარდა წარმართთაგან მოყივნება.
59. დააწესეს იუდამ, მისმა ძმებმა და მთელმა ისრაელის კრებულმა ეზეიმათ სამსხვერპლოს სატფურების დღე წლიდან წლამდე რვა დღის განმავლობაში, ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღიდან, ლხენითა და სიხარულით.
60. იმავე ხანებში სიონის მთა შემოზღუდეს მაღალი კედლებით და მაგარი კოშკებით, რათა ოდესმე მომხდურ წარმართებს აღარ დაექციათ ისინი უწინდელივით.
61. ჩააყენა იქ ჯარი მის დასაცავად და გაამაგრა ბეთცურიც დასაცავად, რათა ხალხს ედომის მხარეს ჰქონოდა სიმაგრე.