1. მოიარა მეფე ანტიოქოსმა ზემო ქვეყნები და შეიტყო, რომ სპარსეთში ყოფილა ქალაქი ელიმაისი, სიმდიდრით, ვერცხლითა და ოქროთი განთქმული;
2. რომ არის იქ ტაძარი, ძალზე მდიდარი, სადაც ინახება ოქროს ფარები, თორები და საჭურველი, რომელიც დატოვა მაკედონიის მეფემ, ალექსანდრე ფილიპეს ძემ, საბერძნეთის მეფე რომ იყო თავდაპირველად.
3. მიადგა ქალაქს და ცდილობდა მის აღებასა და გაძარცვას, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ცნობილი გახდა მისი განზრახვა ქალაქელებისთვის.
4. ბრძოლით დახვდნენ მას, გაიქცა იგი და დიდად შეწუხებული გაემართა იქიდან ბაბილონისკენ.
5. მაშინ ეახლა მას ვინმე სპარსი და მოახსენა, რომ დაფანტულია იუდას ქვეყნისკენ მომავალი ლაშქარი;
6. რომ პირველად ლისია მიდიოდა დიდძალი ჯარით, მაგრამ უკუიქცა მათ წინაშე; რომ იუდაელები გაძლიერდნენ საჭურვლით, ჯარით და დიდძალი ნადავლით, რომელიც დამარცხებული ლაშქრისგან აიღეს;
7. რომ იერუსალიმის საკურთხეველზე დაშენებული სისაძაგლე დალეწეს, საწმიდარი უწინდელივით მოზღუდვს მაღალი კვდლით, და ბეთ-ცურიც, მისი ქალაქი.
8. როდესაც მეფემ მოისმინა ეს ამბავი, გაოგნდა და შეშფოთდა დიდად, ლოგინად ჩავარდა და დასნეულდა მწუხარებისგან, რადგან არ აუსრულდა საწადელი.
9. ასე იწვა იქ მრავალი დღე, რადგან უახლოვდებოდა უზომო მწუხარება და ფიქრობდა, ვკვდებიო.
10. მოუხმო თავის ყველა მეგობარს და თქვა მათ წინაშე: განშორდა ძილი ჩემს თვალებს და გული შემიღონდა მწუხარებისგან.
11. ვუთხარი ჩემს თავს: ეს რა გასაჭირში ჩავვარდი-მეთქი! რა ნიაღვარმა წამლეკა, ჩემს ზეობაში კი საჭირო და ძვირფასი კაცი ვიყავი-მეთქი.
12. ახლაღა მაგონდება ბოროტებანი, იერუსალიმში რომ ჩავიდინე, გამოვზიდე იქიდან მთელი ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი და ტყუილუბრალოდ ვგზავნიდი ხალხს იუდას მოსახლეობის მოსაოხრებლად.
13. მივხვდი, რომ მათი გულისთვის მეწია ეს უბედურება და, აჰა, უცხო მიწაზე ვიღუპები დიდ მწუხარებაში.
14. და უხმო ფილიპეს, ერთს თავის მეგობართაგანს, და დაუმტკიგა მას მთელი თავისი სამეფო.
15. მისცა თავისი გვირგვინი, მოსასხამი და ბეჭედი, რომ აღეზარდა ანტიოქოსი, მისი ვაჟი და სამეფოდ გაეწვრთნა იგი.
16. ასორმოცდამეცხრე წელს მიიცვალა იქ მეფე ანტიოქოსი.
17. როცა გაიგო ლისიამ, რომ მოკვდა მეფე, გაამეფა მისი ძე ანტიოქოსი, რომელსაც ზრდიდა ბავშვობისას, და სახელად ევპატორი უწოდა.
18. ამასობაში ციხე-სიმაგრეში მყოფნი ავიწროვებდნენ ისრაელს სამსხვერპლოს მიდამოებში; მუდამ ცდილობდნენ ევნოთ მათთვის, ხოლო წარმართებისთვის მხარი დაეჭირათ.
19. გადაწყვიტა იუდამ მათი შემუსრვა და მოუწოდა მთელს ერს, გარსშემორტყმოდნენ.
20. შეიკრიბნენ და გარსშემოადგნენ ციხე-სიმაგრეს ასორმოცდამეათე წელს, გააკეთეს სატყორცნები და სხვა საომარი მანქანები.
21. ნაწილმა თავი დააღწია ალყას და ზოგიერთი უღვთო მათ მხარეზე გადავიდა ისრაელიდან.
22. წავიდნენ მეფესთან და უთხრეს: როდემდის აბრკოლებ სამართალს და არ იძიებ შურს ჩვენი ძმებისთვის?
23. ჩვენ კმაყოფილებით დავემორჩილეთ მამაშენს, ვცხოვრობთ მის ნებაზე და მივყვებით მის განკარგულებებს.
24. ჩვენი ხალხის შვილები გარსშემოადგნენ ციხე-სიმაგრეს და მტრად გადაგვეკიდნენ; ჩვენიანს ვისაც წააწყდებიან, კლავენ და ჩვენს მამულს იტაცებენ.
25. მხოლოდ ჩვენზე როდი აღმართეს ხელი, არამედ მთელს მათ მიწა-წყალზე.
26. და აჰა, შემოადგნენ დღეს იერუსალიმში ციხეს ასაღებად და გაამაგრეს საწმიდარი და ბეთ-ცური.
27. თუ არ დაასწარი მათ, მეტსაც იზამენ, და ვეღარ შეძლებ მათ დამარცხებას.
28. განრისხდა მეფე, ეს რომ მოისმინა, და შეკრიბა ყველა თავისი მეგობარი, ჯარის მეთაურები და ხელისუფალნი.
29. მივიდნენ მასთან მოქირავნე ჯარები სხვა სამეფოთაგან და ზღვათა კუნძულებიდან.
30. მათი ჯარების რიცხვი იყო: ასი ათასი ქვეითი, ოცი ათასი მხედარი და ოცდათორმეტი საომრად გაწვრთნილი სპილო.
31. გადაიარეს ედომი და შემოადგნენ ბეთ-ცურს. მრავალ დღეს იბრძოდნენ და აწყობდნენ საბრძოლო მანქანებს; მაგრამ გამოვიდნენ იუდაელები და ცეცხლით გადაწვეს ისინი და მამაცურად შეებრძოლენ.
32. გამოვიდა იუდა ციხიდან და დაბანაკდა ბეთ-ზაქარიასთან, მეფის ბანაკის პირისპირ.
33. დილაადრიანად ადგა მეფე და ჩქარი სვლით წაიყვანა ბანაკი ბეთ-ზაქარიას გზაზე; საომრად განემზადა ლაშქარი და დაჰკრეს ბუკებს.
34. დაანახეს სპილოებს ყურძნის და თუთის სისხლი, საბრძოლველად რომ გაეხელიბინათ.
35. ცხოველები რაზმებად გაანაწილეს და ყოველ სპილოს დაუყენეს ათასი თოროსანი და მუზარადიანი კაცი, და გაიცა განკარგულება, ყოველ ცხოველს ხუთი ათასი ცხენოსანი მისჩენოდა.
36. ესენი წამსვე იქ უნდა გაჩენილიყვნენ, სადაც ცხოველი იყო, და საითაც წავიდოდა, იქით უნდა წაჰყოლოდნენ, არ უნდა მოსცილებოდნენ.
37. სპილოებზე ხის მაგარი კოშკები იდგა, რომლებიც ფარავდა თითოეულ ცხოველს და საგანგებო მოსართავებით იყო მათზე დამაგრებული; თითოეულ მათგანზე ოთხი ღონიერი კაცი იდგა, რომლებიც იბრძოდნენ იქიდან, და ერთიც მისი ინდოელი გამძღოლი.
38. დანარჩენი ცხენოსნები აქეთ-იქიდან დაუყენეს ლაშქარს, ორსავე მხარეს, რომ დაერტყათ მტრისთვის, თავად კი დაცულნი ყოფილიყვნენ გვერდებიდან.
39. როდესაც ოქროსა და სპილენძის ფარებზე მზე აკაშკაშდა, მთებმა ლაპლაპი დაიწყეს მათგან და აელვარდნვნ ცეცხლის ლამპრებივით.
40. ერთი ნაწილი მეფის ლაშქრისა მაღალ მთებში გაიშალა, სხვები კი ბარში, და მიაბიჯებდნენ შეუდრეკლად და მწყობად.
41. შეშფოთდა ყველა, ვინც კი გაიგო მათი სიმრავლის ხმა, ამ უამრავი ხალხის სვლა და იარაღთა ჟღარუნი, რადგან მართლაც ძალზე დიდი და ძლიერი ლაშქარი იყო.
42. ჩაერთო იუდა და მისი ბანაკი ბრძოლაში და დაეცა
43. დაინახა ელეაზარმა, ავარანის ძემ, ერთ-ერთი ცხოველი, სამეფო ჯავშნით დაფარული და აღმატებული ყველა ცხოველზე, და ეგონა, რომ მასზე იყო მეფე,
44. და გასწირა თავი, რათა ეხსნა თავისი ხალხი, ხოლო თავისთვის საუკუნო სახელი მოეხვეჭა.
45. შევარდა გაბედულად რაზმებს შორის, რომ გაეღწია მისკენ; კვეთდა მარჯვნივ და მარცხნივ, და აქეთ-იქით იჩეხებოდნენ მის წინაშე;
46. სპილომდე გააღწია, ქვემოდან შეუვარდა მას და გაფატრა იგი, მიწას დაენარცხა სპილო და ქვეშ მოიყოლა, და იქვე მოკვდა ელეაზარი.
47. როცა დაინახეს იუდაელებმა მეფის ძალა და ჯარების შემოტევა, გაბრუნდნენ მათგან.
48. მებრძოლები მეფის ლაშქრიდან იერუსალიმისკენ წავიდნენ მათ წინააღმდეგ, მეფემ კი იუდაში და სიონის მთასთან დაიბანაკა.
49. დაუზავდა ბეთ-ცურელებს და ისინიც ქალაქიდან გამოიშალნენ, რადგან არ ჰქონდათ იქ სარჩო ალყაში გასაძლებად. შაბათის წელი იდგა ქვეყანაში.
50. აიღო მეფემ ბეთ-ცური და დაცვა ჩააყენა იქ.
51. მერე საწმიდარს შემოადგა და დიდხანს ჰყავდა ალყაშემორტყმული; აღმართა იქ სატყორცნები და საომარი მანქანები: ცეცხლსატყორცნები, ლოდსატყორცნები და ისართსატყორცნები, რომ ისრები და ლოდები ეტყორცნათ.
52. იუდაელებმაც გააკეთეს საომარი მანქანები მათი საომარი მანქანების საპირისპიროდ და იბრძოდნენ მრავალი დღის განმავლობაში.
53. მაგრამ ჭურჭელში სურსათი აღარ იყო, რადგან მესამე წელი იდგა, და წარმართთაგან გადარჩენილმა იუდაელებმა მარაგის ნარჩენებიც შეჭამეს.
54. საწმიდარში ცოტანიღა დარჩნენ, რადგან შიმშილმა ძლია მათ და ყველანი თავ-თავისი ადგილებისკენ გაიფანტნენ.
55. როცა შეიტყო ლისიამ, რომ ფილიპე, რომელიც მეფე ანტიოქოსმა ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში დააყენა თავისი ძის, ანტიოქოსის მეფედ აღსაზრდელად.
56. სპარსეთიდან მობრუნებულა და მოემართება; რომ მას მოჰყვება ურიცხვი ძალა და გადაწყვეტილი აქვს ხელში აიღოს სახელმწიფო საქმეები,
57. სასწრაფოდ გასცა ბრძანება, დაძრულიყვნენ და მიმართა მეფეს, ჯარების სარდლებსა და კარისკაცებს: დღითიდღე ვმცირდებით და საზრდოც აღარ გვყოფნის, ადგილიც, რომლისთვისაც ალყა გვაქვს შემორტყმული, მაგარია; სამეფო საქმეებიც მძიმედ გვაწევს.
58. მოდით, გავუწოდოთ ამ კაცებს მარჯვენა და დავუდოთ ზავი მთელ მათ ხალხს.
59. ნება მივცეთ მათ, მიჰყვნენ თავიანთ წესებს უწინდელივით, რადგან იმ წესების გულისთვის, რომლებიც ავკრძალეთ, გაშმაგდნენ, და ეს ყოველივე მოიმოქმედეს.
60. მოეწონათ ეს სიტყვა მეფეს და მთავრებს, შეუთვალეს და შესთავაზეს მათ ზავი, მათაც მიიღეს.
61. შეჰფიცეს მათ მეფემ და მთავრვბმა და ამ სიტყვაზე გამოვიდნენ სიმაგრიდან იუდაელები.
62. მაგრამ როცა ავიდა მეფე სიონის მთაზე და იხილა გამაგრებული ადგილი, გატეხა დადებული ფიცი, და ბრძანა, შემოენგრიათ ირგვლივ კედელი.
63. შემდეგ საჩქაროდ დაიძრა და ანტიოქიაში დაბრუნდა, სადაც ფილიპე დახვდა ქალაქის განმგებლად; შეება მას და ძალით დაიმორჩილა ქალაქი.