1. ესმა იუდას რომაელთა სახელი, რომ მხნენი და ძლიერნი არიან ისინი; რომ კეთილგანწყობილნი არიან ყველა მათი მოკავშირის მიმართ და, ვინც კი მათთან მისულა, ყველა მათი მეგობარი გამხდარა; რომ მხნენი და ძლიერნი არიან.
2. მოუთხრობდნენ მას მათ გადახდილ ომებზე და საგმირო საქმეებზე, გალატებს შორის რომ მოახდინეს, რომ სძლიეს მათ და მოხარკეებად აქციეს;
3. და ყველაფერზე, რაც ესპანეთის ქვეყანაში მოიმოქმედეს, რათა დაპატრონებოდნენ ვერცხლისა და ოქროს იქაურ საბადოებს;
4. დაეპატრონენ მთელ მხარეს თავიანთი გონიერებით და მოთმინებით, მათგან ფრიად დაშორებულ ადგილსაც კი; ხოლო მათზე ქვეყნის კიდიდან წამოსულ მეფეებს ყოველთვის ძლევდნენ და სასტიკად ამარცხებდნენ; და ნარჩენები კი მათ ხარკს უხდიდნენ ყოველწლიურად;
5. მათ სძლიეს ომში და დაიმორჩილეს ფილიპე და პერსევსი, მაკედონელთა მეფე და სხვანი, ვინც აღუდგნენ მათ;
6. ასევე ანტიოქოსიც, აზიის დიდი მეფე, მათ წინააღმდეგ ამხედრებული, რომელსაც ჰყავდა ასოცი სპილო, ცხენები, ეტლები და დიდძალი ჯარი, იძლია მათგან;
7. ცოცხლად შეიპყრეს იგი და დააკისრეს მას და მის მომდევნო მეფეებს ხარკი და მძევლები, და მათი საუკეთესო ქვეყნების დაცალკევება,
8. ინდოეთის, მიდიისა და ლიდიის დანაწილება. აიღეს მისგან და მეფე ევმენეს ჩააბარეს ისინი.
9. როდესაც ბერძნებმა მოისურვეს მათზე გალაშქრება და მათი დამხობა,
10. ემცნო მათ ეს ამბავი, გაგზავნეს მათ წინააღმდეგ ერთი სარდალი და შეებრძოლნენ მათ; დაეცა მათგან მრავალი დაჭრილი, ტყვედ ჩაცვივდნენ მათი ცოლები და შვილები და გაიძარცვნენ, დაეპატრონენ მათ ქვეყანას, დალეწეს მათი სიმაგრეები და დღემდე მორჩილებაში ჰყავთ ისინი.
11. დანარჩენი სამეფოები და კუნძულები, რომლებიც კი ოდესმე აღდგომიან მათ, გაანადგურეს და დაიმორჩილეს. ხოლო თავიანთ მეგობრებთან და მხარდამჭერებთან შეინარჩუნეს მეგობრობა.
12. დაეპატრონენ მახლობელ და შორეულ სამეფოებს, და ყველას, ვინც მათ სახელს გაიგონებდა, შიში იპყრობდა.
13. ვის შეწევნასაც და გამეფებას მოისურვებენ, ამეფებენ; თუ მოისურვებენ, გადააყენებენ. დიდად აღზევებულნი არიან.
14. და მაინც არცერთ მათგანს არასოდეს გვირგვინი არ დაუდგამს, არც ძოწეულით შემოსილა დიდების ნიშნად.
15. მოიწყვეს საბჭო და ყოველდღე ბჭობს ოცდათორმეტი მებრჭე ყველაფერზე, რაც ხალხს შეეხება, მათ მართვა-გამგეობაზე.
16. ანდობენ ერთ კაცს მთავრობას და ქვეყნის პატრონობას ერთი წლის განმავლობაში; ყველანი ერთს უჯერესგნ და არ არის მათში არც შური, არც ეჭვი.
17. ამოირჩია იუდამ ევპოლემოსი, ძე იოანესი, ძისა აკოსი, და იასონი, ძე ელეაზარისა, და გაგზავნა ისინი რომში, მეგობრობისა და კავშირის დასამყარებლად,
18. რათა გადაეგდოთ უღელი, რადგან დაინახეს, რომ ელინთა სამეფომ საბოლოოდ დაიმონა ისრაელი.
19. გაემგზავრნენ რომისკენ შორეულ გზაზე; შევიდნენ საბჭოში და თქვეს:
20. იუდა მაკაბელმა, მისმა ძმებმა და იუდაელმა ხალხმა გამოგვაგზავნეს თქვენთან, რომ დავამყაროთ ერთმანეთთან კავშირი და მშვიდობა, და ჩაგვთვალოთ თქვენს მოკავშირეებად და მეგობრებად.
21. მოეწონათ მათ ეს სიტყვა.
22. აი, ასლი წერილისა, რომელიც დაწერეს სპილენძის დაფებზე და გაგზავნეს იერუსალიმში, რომ ყოფილიყო იქ მათთან ნიშნად მშვიდობისა და კავშირისა:
23. სიკეთე იყოს რომაელებთან და იუდაელ ხალხთან ერთად ზღვასა და ხმელეთზე უკუნისამდე, და შორს იყოს მათგან მტერი და მახვილი.
24. ხოლო თუკი პირველად ომი შეემთხვევა რომს ან რომელიმე მის მოკავშირეს მთელ მის სამფლობელოში,
25. იუდაელმა ხალხმა დახმარება უნდა გაუწიოს მას წრფელი გულით, როგორც დროება მოითხოვს მათგან.
26. მეომრებს არ მოამარაგებენ არც საკვებით, არც იარაღით, არც ფულით, არც ხომალდით, როგორც რომმა განსაჯა; უსასყიდლოდ უნდა ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს.
27. ასევე, თუკი იუდაელთა ხალხს შეემთხვა პირველად ომი, რომაელები გულითად დახმარებას გაუწევენ, როგორც დროება მოითხოვს მათგან;
28. მოკავშირეებს არ მოამარაგებენ არც საკვებით, არც იარაღით, არც ვერცხლით, არც ხომალდებით, როგორც რომმა განსაჯა; უზაკველად უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებანი.
29. ამ პირობებით შეკრეს კავშირი რომაელებმა იუდაელთა ერთან.
30. თუკი ერთი ან მეორე მხარე მოისურვებს ამ პირობებისთვის რაიმეს მიმატებას ან მოკლებას, გააკეთონ ეს საერთო გადაწყვეტილებით და, რასაც კი მიუმაგებენ ან გამოაკლებენ, ძალა ექნება.
31. ხოლო იმ სიავეთათვის, რაც მეფე დემეტრიოსმა მათ დაატეხა, მივწერეთ მას, შევუთვალეთ: რისთვის დამძიმდა შენი უღელი იუდაელებზე, ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებზე?
32. და აჰა, თუ ამიერიდან დაიჩივლებენ შენს წინააღმდეგ, ჩვენ დავიცავთ მათ სიმართლვს და შეგებრძოლებით ზღვაზე და ხმელეთზე.