1. აიღო სამუელმა ზეთით სავსე ქილა, თავზე დაასხა, აკოცა და უთხრა: აჰა, გცხო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად.
2. დღესვე, როცა ჩემგან წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის საფლავთან, ბენიამინის საზღვარზე ცელცახში; გეტყვიან: ნაპოვნია ვირები, რომელთა საძებრადაც წამოხვედი. აჰა, დაავიწყდა მამაშენს თავისი ვირები და თქვენზე დარდობს: რა ვუყო ჩემს შვილსო?
3. გასცდები ამ ადგილს და მიხვალ თაბორის მუხნართან და შეხვდები ბეთელისკენ სალოცავად მიმავალს სამ კაცს. ერთს სამი თიკანი მიჰყავს, მეორეს სამი პური მიაქვს, მესამეს ტიკით ღვინო.
4. მშვიდობით მოგიკითხავენ და ორ პურს მოგცემენ, შენც გამოართმევ.
5. შემდგომ ამისა ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია. ქალაქში შესვლისას შეხვდები გორაკიდან ჩამომავალ ქადაგთა გუნდს, რომელთაც წინ მიუძღვებიან ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით. თავად კი ქადაგებენ.
6. ღვთის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად აქადაგდები, სხვა კაცად გარდაიქმნები.
7. როცა ყოველივე ეს აგიცხადდება, როგორც მოგიხდეს, ისე მოიქეცი, რადგან ღმერთი იქნება შენთან.
8. ჩემზე წინ ჩახვალ გილგალში და მეც მალე მოვალ შენთან, რათა შევწირო აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. შვიდ დღეს მელოდე, ვიდრე არ მოვალ შენთან და არ გასწავლი, რა უნდა გააკეთო.
9. როგორც კი გატრიალდა საული წასასვლელად სამუელისგან, სხვა გული ჩაუდგა მას ღმერთმა და ყველა ნიში აუცხადდა იმ დღეს.
10. ავიდნენ გორაკზე და, აჰა, მოდის მისკენ ქადაგთა გუნდი. გადმოვიდა მასზე ღვთის სული და ისიც მათთან ერთად აქადაგდა.
11. ყველანი, ვინც მანამდე იცნობდნენ მას, ხედავდნენ ქადაგებთან ერთად გაქადაგებულს და ლაპარაკობდნენ ერთმანეთში: რა დაემართა კიშის ძეს? ნუთუ საულიც გაქადაგდა?
12. თქვა პასუხად ერთმა იქაურმა კაცმა: ვინ არის მათი მამა? ასე წარმოიშვა ანდაზა: ნუთუ საულიც გაქადაგდაო?
13. მორჩა ქადაგებას და ავიდა გორაკზე.
14. უთხრა საულის ბიძამ საულსა და მის მსახურს: სად იარეთ? მიუგო: ვირებს ვეძებდით და როცა ვერსად ვიპოვეთ, სამუელთან წავედით.
15. უთხრა საულს ბიძამ: მომიყევი, რა გითხრათ სამუელმა.
16. უთხრა საულმა ბიძას: გამოგვიცხადა, ნაპოვნიაო ვირები. ხოლო მეფობის ამბავი, რაც სამუელმა უთხრა, არ გაუმხელია მისთვის.
17. მოუხმო სამუელმა ხალხს უფალთან მიცფაში.
18. უთხრა ისრაელიანებს: ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან, მე გიხსენით თქვენ ეგვიპტელთაგან და ყველა სამეფოსგან, რომელიც კი გავიწროებდათ.
19. ახლა უარყოფთ თქვენს ღმერთს, რომელმაც გიხსნათ ძნელბედობასა და გასაჭირში, რადგან ეუბნებით: მეფე დაგვიდგინეო. აბა, წარუდექით უფალს თქვენთქვენი ტომისა და გვარეულობის მიხედვით.
20. სათითაოდ მიიყვანა სამუელმა ისრაელის ყველა ტომი და ბენიამინის ტომს ხვდა წილი.
21. მიიყვანა ბენიამინის ტომი საგვარეულოებისდა მიხედვით და მატრის საგვარეულოს ხვდა წილი. მერე საულს, კიშის ძეს, ხვდა წილი. დაუწყეს ძებნა და ვერსად იპოვეს.
22. კვლავ შეეკითხნენ უფალს: თუ კიდევ არის აქ ვინმე მიმსვლელი? თქვა უფალმა: აჰა, ჭურჭლებს არის ამოფარებული.
23. გაიქცნენ და გამოიყვანეს იქიდან. ჩადგა ხალხში და ერთი თავით ყველაზე მაღალი გამოჩნდა.
24. უთხრა სამუელმა მთელს ხალხს: ხომ ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა? რადგან მთელს ხალხში არავინაა მისი მსგავსი. იხუვლა ხალხმა და თქვა: დღეგრძელი იყოს მეფე!
25. გამოუცხადა სამუელმა ერს მეფობის უფლებანი, წიგნში ჩაწერა და უფლის წინაშე დადო. მერე დაითხოვა სამუელმა ხალხი და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავის სახლებში.
26. საულიც გაემართა თავისი სახლისკენ, გიბყაში. თან გაჰყვა მამაცი ხალხი, რომელთა გულებს ღმერთი შეეხო.
27. უგვანი ხალხი ამბობდა: ეგ ჩვენ როგორ გვიხსნისო, და შეიძულეს იგი და ძღვენი არ მიართვეს. მას კი არაფერი უთქვამს.