1. წამოვიდა ნახაშ ყამონელი და შემოადგა გალაადის იაბეშს. უთხრეს იაბეშელებმა ნახაშს: შეკარი კავშირი ჩვენთან და დაგემორჩილებით.
2. უთხრა ნახაშ ყამონელმა: ჯერ ყველას მარჯვენა თვალებს დაგთხრით, რომ სირცხვილი ვაჭამო მთელს ისრაელს, და მერე შევკრავ თქვენთან კავშირს.
3. უთხრეს იაბეშის უხუცესებმა: შვიდი დღე გვაცალე, რომ მოციქულები დავგზავნოთ მთელს ისრაელში, და თუ არავინ შეგვეწია, გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ.
4. მივიდნენ მოციქულები საულის გიბყაში და გამოუცხადეს ეს ამბავი ხალხს. ახმაურდა ხალხი და მორთო ტირილი.
5. აჰა, საულიც მოდის, ხარებს მოჰყვება ყანიდან. იკითხა საულმა: რა ატირებს ხალხს? ამცნეს იაბეშელთა ნათქვამი.
6. ამ სიტყვების გაგონებისას ღვთის სული გადმოვიდა საულზე და ძლიერ განრისხდა იგი.
7. ადგა და აკუწა ორივე ხარი და მოციქულების ხელით დაგზავნა მთელს ისრაელში, შეუთვალა: ვინც საულს და სამუელს არ გაჰყვება, ასე მოუვა მის ხარებს. უფლის შიში დაეცა ხალხს და გამოვიდნენ როგორც ერთი კაცი.
8. აღრიცხა ისინი ბეზეკში: ისრაელიანი სამასი ათასი იყო, იუდას ხალხი - ოცდაათი ათასი.
9. უთხრეს მოსულ მოციქულებს: ასე უთხარით გალაადის იაბეშის ხალხს: ხვალ, მზე რომ დააცხუნებს, მოგევლინებათ ხსნა. მივიდნენ მოციქულები და შეატყობინეს იაბეშელებს. მათაც გაიხარეს.
10. შეუთვალეს იაბეშელებმა ყამონელებს: ხვალ გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ და გვიყავით, რაც გენებოთ.
11. მეორე დღეს სამ რაზმად გაჰყო საულმა ხალხი. დილის სახმილავზე შევიდნენ შუაგულ ბანაკში და შუადღის პაპანაქებამდე გაწყვიტეს ყამონელები. გადარჩენილნი კი ისე დაიფანტნენ, რომ ორს ერთად ვერ ნახავდა კაცი.
12. უთხრა ხალხმა სამუელს: ვინ ამბობდა, ნუთუ საულმა უნდა იმეფოსო ჩვენზე? მოგვეცი ის ხალხი, რომ დავხოცოთ.
13. უთხრა საულმა: ერთი კაციც არ მოკვდება დღეს, რადგან ხსნა მოავლინა უფალმა დღეს ისრაელში.
14. უთხრა სამუელმა ხალხს: წამოდით, წავიდეთ გილგალში და განვაახლოთ იქ მეფობა.
15. წავიდა მთელი ხალხი გილგალს და გაამეფეს საული უფლის წინაშე იქ, გილგალში. შესწირეს იქ სამადლობელი მსხვერპლი უფლის წინაშე და ძლიერ გაიხარეს იქ საულმა და ყველა ისრაელიანმა.