1. უთხრა უფალმა სამუელს: როდემდის უნდა სწუხდე საულის გამო? ხომ განვაყენე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე.
2. თქვა სამუელმა: როგორ წავიდე? გაიგებს საული და მომკლავს. უთხრა უფალმა: წაიყვანე ხბო შენი ხელით და თქვი: უფლისთვის მსხვერპლის შესაწირავად მოვედი-თქო.
3. მსხვერპლთან დაუძახე იესეს და მე გასწავლი, რაც უნდა გააკეთო; ზეთს სცხებ მას, ვისზედაც გეტყვი.
4. ყველაფერი გააკეთა სამუელმა, რაც ბრძანა უფალმა და წავიდა ბეთლემს. პატივით გამოეგებნენ ქალაქის უხუცესები და უთხრეს: მშვიდობით მოგვიხვედი.
5. მიუგო სამუელმა: მშვიდობა! მსხვერპლის შესაწირავად მოვედი. განიწმიდენით და მსხვერპლთან წამომყევით. განწმიდა სამუელმა იესე და მისი ვაჟები და მსხვერპლთან მიიწვია ისინი.
6. როცა მოვიდნენ, დაინახა სამუელმა ელიაბი და თქვა: აჰა, უფლის წინაშეა მისი ცხებული.
7. უთხრა უფალმა სამუელს: ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე დავიწუნე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს.
8. დაუძახა იესემ აბინადაბს და სამუელის წინ ჩაატარა იგი. თქვა სამუელმა: არც ეს აურჩევია უფალს.
9. ჩამოატარა იესემ შამა და თქვა სამუელმა: არც ეს ამოურჩევია უფალს.
10. ჩამოატარა იესემ თავისი შვიდი ვაჟიშვილი სამუელის წინ და უთხრა სამუელმა იესეს: არ აურჩევია ესენი უფალს.
11. უთხრა სამუელმა იესეს: სულ ეს არიან შენი ყმაწვილები? მიუგო: კიდევ დარჩა უმცროსი, მაგრამ ცხვარშია ახლა. უთხრა სამუელმა იესეს: გაგზავნე კაცი და მოაყვანინე, რადგან არ დავსხდებით, ვიდრე აქ არ მოვა იგი.
12. გაგზავნა კაცი და მოაყვანინა. წითური იყო, თვალადი და ლამაზი შესახედავი. თქვა უფალმა: ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის ის.
13. აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს. ადგა სამუელი და წავიდა რამათს.
14. განეშორა საულს უფლის სული და დაუწყო მას წვალება ბოროტმა სულმა უფლისაგან.
15. უთხრეს მისმა მორჩილებმა საულს: აჰა, ბოროტი სული ღვთისაგან გაშფოთებს შენ.
16. უბრძანოს ჩვენმა ბატონმა შენს მორჩილთ, მოძებნონ კაცი, ქნარზე დამკვრელი, და როცა შემოგაწვება ბოროტი სული ღვთისგან, დაუკრავს და შვება მოგეცემა.
17. უთხრა საულმა თავის მორჩილთ: მომიძებნეთ კაცი, კარგად რომ უკრავდეს ქნარზე, და მომიყვანეთ.
18. მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: ბეთლემელი იესეს შვილი მეგულება, იცის ქნარზე დაკვრა, ქველი და მამაცი კაცია, სიტყვაგონიერი და ლამაზი; უფალია მასთან.
19. გაგზავნა საულმა მოციქულები იესესთან და დააბარა: გამომიგზავნე დავითი, შენი ვაჟი, ცხვარში რომ გყავს.
20. აჰკიდა იესემ სახედარს პური და ერთი ტიკი ღვინო, გამოიყვანა ერთი ციკანი და გაატანა დავითს, თავის შვილს, საულთან.
21. მივიდა დავითი საულთან და დადგა მის წინაშე. ძალზე შეიყვარა იგი საულმა და თავის საჭურველთმტვირთველად დანიშნა.
22. შეუთვალა საულმა იესეს: დარჩეს ჩემთან დავითი და იდგეს ჩემს წინაშე, რადგან მადლი ჰპოვა ჩემს თვალში.
23. როცა კი შემოაწვებოდა ბოროტი სული ღვთისაგან საულს, აიღებდა დავითი ქნარს და უკრავდა; ამოისუნთქავდა საული, უკეთ ხდებოდა, გაეცლებოდა ბოროტი სული.