1. ეუბნებოდა საული თავის ძეს იონათანს და თავის მორჩილთ, მოეკლათ დავითი, მაგრამ იონათანს, საულის ძეს, ძლიერ უყვარდა დავითი.
2. შეატყობინა იონათანმა დავითს, უთხრა: შენი მოკვლა სურს საულს, მამაჩემს. ფრთხილად იყავი ხვალ დილით, არ გამოჩნდე, სადმე დაიმალე.
3. მე გამოვალ და მამაჩემის გვერდით დავდგები მინდორში, სადაც შენ იქნები. შენზე დავუწყებ ლაპარაკს მამაჩემს; შევხედავ საქმეს და შეგატყობინებ.
4. გამოესარჩლა იონათანი დავითს საულთან, თავის მამასთან და უთხრა: ნუ დაიდებს მეფე თავისი მორჩილის, დავითის ცოდვას, რადგან არ შეუცოდავს მას შენს წინაშე. მეტად სასიკეთოა შენთვის მისი საქმეები.
5. არად ჩააგდო სიცოცხლე, როცა ფილისტიმელს კლავდა, და მოუტნა კიდეც დიდი ხსნა უფალმა ისრაელს. ხედავდი და ხარობდი. რისთვის უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლს დავითის ტყუილუბრალოდ მოკვლით?
6. დაუგდო ყური საულმა იონათანის სიტყვას და დაიფიცა საულმა: უფალს ვფიცავ, არ მოკვდება.
7. დაუძახა იონათანმა დავითს და შეატყობინა ეს ყველაფერი. მიუყვანა იონათანმა დავითი საულს, რათა წინანდებურად ყოფილიყო მის წინაშე.
8. კიდევ გაიმართა ომი, გამოვიდა დავითი, შეებრძოლა ფილისტიმელებს და სასტიკად დაამარცხა ისინი. ივლტოდნენ მისგან ფილისტიმელები.
9. შეიპყრო ბოროტმა სულმა უფლისაგან საული, როცა შინ იჯდა და შუბი ეჭირა ხელში, დავითი კი ქნარს უკრავდა.
10. უნდოდა საულს კედელზე მიეგმირა შუბით, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელს მოხვდა შუბი. დავითი კი გაიქცა და ასე გადარჩა სიკვდილს იმ ღამით.
11. მიუჩინა საულმა დავითის სახლს გზირები, რათა დადარაჯებოდნენ მას და მოეკლათ დილით. შეატყობინა ეს ამბავი დავითს მიქალმა, მისმა ცოლმა, უთხრა: თუ ამაღამ არ იხსნი თავს, ხვალ უეჭველად მოგკლავენ.
12. სარკმლიდან გადააპარა მიქალმა დავითი; წავიდა იგი, გაიქცა და ასე გადარჩა.
13. აიღო მიქალმა თერაფიმი, საწოლზე დადო, სასთუმლად თხისურის ფარდაგი დაუგო და სამოსელი გადააფარა.
14. გაგზავნა საულმა გზირები დავითის შესაპყრობად, მაგრამ მიქალმა თქვა: ავად არის.
15. გაგზავნა საულმა გზირები დავითის სანახავად და დააბარა: თავის საწოლიანად წამოიყვანეთ, რათა მოიკლას.
16. მივიდნენ გზირები და, აჰა, კერპი დევს საწოლზე და თხისურის ფარდაგი უგია სასთუმლად.
17. უთხრა საულმა მიქალს: ასე რატომ გამაცურე, რატომ გაუშვი ჩემი მტერი, რომ გადარჩენილიყო? უთხრა მიქალმა საულს: მითხრა, გამიშვი, რისთვის უნდა მომაკვლევინო თავიო?
18. გაიქცა დავითი და გადაირჩინა თავი. მოვიდა სამუელთან რამათში და ყველაფერს მოუყვა, რაც საულმა გაუკეთა მას. მერე წავიდნენ ის და სამუელი და ნავათში დადგნენ.
19. შეატყობინეს საულს: აჰა, ნავათს არის დავითი, რამათში.
20. გაგზავნა საულმა გზირები დავითის შესაპყრობად, მაგრამ როცა იხილეს ქადაგთა გუნდი და სამუელი, მათი ზედამდგომელი, ღვთის სულით აივსნენ ისინი და გაქადაგდნენ.
21. შეატყობინეს საულს ეს ამბავი და მანაც სხვა გზირები გაგზავნა; ისინიც გაქადაგდნენ. მესამედ გაგზავნა საულმა გზირები, მაგრამ ისინიც გაქადაგდნენ.
22. მაშინ თავად გაემართა რამათს და მივიდა ერთ დიდ ჭასთან, სექუსთან რომ არის, და იკითხა, სად არიანო სამუელი და დავითი? მიუგეს: ნავათს არიანო, რამათში.
23. გაემართა ნავათისკენ, რამათს; მასზედაც გადმოვიდა ღვთის სული და ისიც გაქადაგდა გზაში, ნავათში მისვლამდე.
24. შემოიძარცვა სამოსელი და ისიც ქადაგებდა სამუელის წინაშე. შიშველი ეგდო მიწაზე მთელი დღე და მთელი ღამე, ამიტომაც ამბობენ: საულიც კი გაქადაგდაო.