1. ილოცა ხანამ და თქვა: გამიხალისდა გული უფლის წყალობით და ღვთის წყალობით რქა ამიმაღლდა; გამეხსნა ბაგე მტრების წინააღმდეგ, რადგან გავიხარე შენი შეწევნით.
2. არავინ არს უფალივით წმიდა, რადგან არავინ არის შენს გარდა, არავინ არის ღმერთივით მფარველი.
3. აღარ ილაპარაკებთ მედიდურად, აღარ გამოვა თავხედები სიტყვები თქვენი ბაგიდან, რადგან ყოვლისმცოდნე ღმერთია უფალი, ყოველი საქმე მას აბარია.
4. ძლიერთა მშვილდი დალეწილია, უძლურნი ძალას შემოისარტყლავენ.
5. მაძღარნი პურისთვის ქირაზე დადიან, მშიერნი აღარ შიმშილობენ; საშოდახშულმა შვიდი დაბადა, მრავალშვილიანი დაჭკნა.
6. უფალი აკვდინებს და აცოცხლებს; შავეთში ჩაჰყავს და ამოჰყავს.
7. უფალი აღატაკებს და ამდიდრებს; დაამდაბლებს და აღამაღლებს.
8. საპყარს მტვერიდან წამოაყენებს, სანეხვედან აღამაღლებს უპოვარს, რათა დიდებულთა გვერდით დასვას; ტახტს დიდებისას დაუმკვიდრებს, რადგან უფლისაა დედამიწის საფუძველნი და სამყარო მათზე დაამყარა.
9. თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ მაგრობს კაცი.
10. უფალი შემუსრავს თავის წინააღმდგომთ და ციდან დამეხავს მათ უფალი, განსჯის ქვეყნის კიდეებს და მისცემს ძალას თავის მეფეს, და თავის ცხებულს რქას აუმაღლებს.
11. წავიდა ელკანა რამათს, თავის სახლში, ყმაწვილი კი მღვდელ ელისთან დარჩა უფლის მსახურად.
12. უგვანები იყვნენ ელის ვაჟები: არც უფალი იცოდნენ
13. და არც მღვდლობის მოვალეობა ხალხის წინაშე. როცა კი ვინმე საკლავს დაკლავდა, მივიდოდა ხორცის ხარშვისას ახალგაზრდა მღვდელი სამკაპით ხელში,
14. ჩაჰკრავდა ავაზანში, ან ქვაბში, ან კოჭობში, ან კარდალში და ყველაფერი, რაც სამკაპს ამოჰყვებოდა, მღვდელს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ მთელს ისრაელს, სილოამში მიმსვლელს.
15. ქონის დაწვამდეც მოდიოდა ახალგაზრდა მღვდელი და ეუბნებოდა საკლავის პატრონს: მიეცი მღვდელს შესაწვავი ხორცი. მოხარშულს არ გამოგართმევს, უმი მიეცი.
16. თუ ეტყოდა ვინმე: ქონს დაწვავენ და მერე წაიღე, რაც გენებოსო, მიუგებდა: არა, ახლა მომეცი, თორემ წაგართმევ.
17. ძალზე დიდი იყო ახალგაზრდა მღვდლების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან ბილწავდა ეს ხალხი საუფლო ძღვენს.
18. სამუელი უფლის მსახურად იყო, სიყრმიდანვე სელის ეფოდი ემოსა.
19. პატარა წამოსასხამს უკერავდა ხოლმე დედა და ამოუტანდა ყოველ წელიწადს, როცა ქმართან ერთად ყოველწლიურად მსხვერპლის შესაწირად ამოდიოდა.
20. აკურთხებდა ხოლმე ელი ელკანას და მის ცოლს და ეტყოდა: უფალი მოგცემს ამ ქალისგან შთამომავლობას მიბარებულის ნაცვლად, რომელიც უფალს მიაბარე. და ბრუნდებოდნენ უკან.
21. მოჰხედა უფალმა ხანას, დაორსულდა იგი და შვა სამი ვაჟი და ორი ასული. ყრმა სამუელი კი უფალთან იზრდებოდა.
22. ძალზე მოხუცდა ელი. გაგებული ჰქონდა ყველაფერი, როგორ ექცეოდნენ მისი შვილები მთელს ისრაელს, რომ წვებოდნენ იმათ ცოლებთან, ვინც სადღესასწაულო კარვის კართან სამსახურს სწევდა.
23. ეუბნებოდა მათ: რატომ აკეთებთ ამას? ხალხისგან მესმის თქვენი უკეთურობის ამბავი.
24. ნუ იზამთ, შვილებო! ცუდი ხმები მესმის. გზიდან აცდენთ უფლის ერს.
25. თუ კაცმა კაცს შესცოდა, ღვთის სამართალია ქომაგი; თუ უფალს შესცოდა კაცმა, ვინ გამოექომაგება? არ ისმინეს მამის სიტყვა, რადგან ნებავდა უფალს მათი დაღუპვა.
26. ყრმა სამუელი კი იზრდებოდა და მშვენდებოდა უფლისა და ხალხის თვალში.
27. მივიდა ერთი ღვთისკაცი ელისთან და უთხრა: ასე თქვა უფალმა: ხომ გამოვეცხადე მამაშენის სახლს ეგვიპტეში, ფარაონის სახლში ყოფნისას?
28. ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა შტოდან ჩემს მღვდლად, რომ ასულიყო ჩემს სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად, რომ ეფოდი ეტარებინა ჩემს წინაშე. მე განვუკუთვნე მამაშენის სახლს ისრაელიანთა მთელი საცეცხლო მსხვერპლი.
29. რატომ წიხლავთ ჩემს მსხვერპლს და შესაწირავს, ტაძრისთვის რომ დავაწესე? რატომ ამჯობინე ჩემს თავს შენი შვილები, რომ სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის შესაწირავის ნათავარით?
30. ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა: მარადიულად ივლიან ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, ამბობს უფალი, არამც და არამც! რადგან ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან.
31. აჰა, მოაწია ჟამმა და უნდა მოვკვეთო შენი მკლავი და მამაშენის სახლის მკლავი ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩეს შენს სახლში.
32. დაინახავ მეტოქეს ტაძარში, როცა კეთილი დღე დაუდგება ისრაელს, შენს სახლში კი მოხუცებული არასოდეს იქნება.
33. ყველას არ მოგიკვეთ ჩემი სამსხვერპლოდან, რომ თვალები გევსებოდეს და სული გიწუხდეს. მაგრამ შენი სახლის მთელი მამრული მონაგარი გაწყდება.
34. აჰა, ნიშანი, რომელიც ახდება შენს ორ ვაჟზე - ხოფნიზე და ფინხასზე: ერთ დღეს დაიხოცებიან ორთავენი.
35. დავიყენებ ურყევ მღვდელს, რომელიც ჩემს ნებაზე მოიქცევა, ავუშენებ ურყევ სახლს, რათა სულ მუდამ ჩემი ცხებულის წინაშე დადიოდეს.
36. მივა მასთან შენს სახლში დარჩენილი ვინმე და თაყვანს სცემს მას გროშისა და პურის ნატეხისთვის და ეტყვის: მომეცი სამღვდელო რამ ხარისხი, რომ ლუკმაპური ვჭამო.