image

image


image

 

ძველი აღთქმა

პირველი მეფეთა

თავი ოცდამეერთე

1. ადგა და წავიდა იონათანი, და მივიდა ქალაქს.

2. ხოლო დავითი ნომბაში წავიდა ახიმელექ მღვდელთან. შიშით გამოეგება ახიმელექი დავითს და ჰკითხა: მარტო რატომ ხარ? რატომ არავინ გახლავს?

3. მიუგო დავითმა ახიმელექ მღვდელს: საქმე დამავალა მეფემ და მითხრა: არავინ იცოდეს, რა საქმეა, რაზედაც გგზავნი და რასაც გავალებ. ამიტომაც ამა და ამ ადგილს დავიბარე მსახურები.

4. ახლა, რა გექნება სახელდახელოდ? მომეცი ხუთი პური ან რაც მოგეძევება.

5. მიუგო მღვდელმა დავითს და უთხრა: სადაგი პური არა მაქვს ახლა, მხოლოდ ნაკურთხი პური მაქვს. ოღონდ ცოლებს ხომ არ გაჰკარებიან შენი მსახურები?

6. მიუგო დავითმა მღვდელს და უთხრა: ცოლებთან არ მივსულვართ არც გუშინ და არც გუშინწინ, იმ დროდან, რაც გზას ვადგავარ. ჩემი მსახურების ჭურჭლები წმიდაა; ეგ პურიც სადაგად ჩაითვლება, რადგან დღეს ხომ ახალი უნდა იკურთხოს ჭურჭელში.

7. მისცა მას მღვდელმა ნაკურთხი პური, რადგან არ იყო იქ სხვა პური, გარდა საუფლო პურისა, რომელსაც იღებენ ხოლმე უფლის ტაბლიდან, რომ მის ნაცვლად ახალი პური დააწყონ.

8. იყო იქ იმ დღეს უფლის წინაშე ერთი კაცი, საულის მორჩილთაგანი, სახელად დოეგი, ედომელი, საულის მწყემსების უფროსი.

9. უთხრა დავითმა ახიმელექს: ხომ არ გაქვს სადმე შუბი ან მახვილი, რადგან არც მახვილი წამომიღია და არც სხვა რამ საჭურველი, ისე სასწრაფო იყო სამეფო საქმე.

10. უთხრა მღვდელმა: იმ ფილისტიმელი გოლიათის მახვილია აქ, მუხნარის ველზე რომ დაამარცხე; აგერ დევს, ეფოდის უკან, მოსასხამში გახვეული. თუ წაღება გინდა, წაიღე, რადგან მის გარდა სხვა არაფერი გვაქვს. თქვა დავითმა: არაფერია ამის მსგავსი. მომეცი.

11. ადგა დავითი და გაიქცა იმ დღეს საულისგან, და მოვიდა აქიშთან, გათის მეფესთან.

12. უთხრეს აქიშს მისმა მორჩილებმა: ეს დავითი არ არის ქვეყნის მეფე? მას არ უმღეროდნენ როკვისას: საულმა სძლია ათასს, დავითმა ათი ათასსო?

13. გულში ჩაიდო დავითმა ეს სიტყვები და ძლიერ ეშინოდა აქიშისა, გათის მეფისა.

14. გონება შეიშალა დავითმა მათ თვალში, თავი მოიგიჟიანა, ხაზებს ავლებდა ჭიშკრის კარებზე და წვერებზე დორბლი ჩამოსდიოდა.

15. უთხრა აქიშმა თავის მორჩილთ: ხომ ხედავთ, რომ შეშლილია ეს კაცი. რისთვის მოიყვანეთ ჩემთან?

16. შეშლილებიღა მაკლდნენ, რომ მოგიყვანიათ და გიჟობს ჩემს წინაშე? ეს უნდა შემოსულიყო ჩემს სახლში?



image
© საიტზე მოთავსებულ ტექსტებზე საავტორო უფლებები დაცულია. გთხოვთ, ავტორის ან მთარგმნელის ნებართვის გარეშე ნუ გამოიყენებთ
2003