1. მოკვდა სამუელი. შეიკრიბა მთელი ისრაელი, დაიტირეს და დამარხეს იგი თავის სახლში, რამათში. ხოლო დავითი ადგა და ფარანის უდაბნოსაკენ წავიდა.
2. იყო კაცი ვინმე მაყანში და სამუშაკო ქარმელში ჰქონდა. ძალზე მდიდარი იყო ეს კაცი: ჰყავდა სამი ათასი სული ცხვარი და ათასი თხა. ცხვრის პარსვისას ქარმელში იმყოფებოდა.
3. სახელად ამ კაცს ერქვა ნაბალი, მის ცოლს - აბიგაილი. კეთილგონიერი იყო და ლამაზი შესახედავი ეს ქალი; ხოლო კაცი უკმეხი და ავისმქმნელი. ხალების გვარიდან იყო იგი.
4. შეიტყო დავითმა უდაბნოში, რომ ცხვარს პარსავდა ნაბალი.
5. გაგზავნა დავითმა ათი ჭაბუკი და დააბარა მათ: წადით ქარმელში, მიდით ნაბალთან და მოიკითხეთ ჩემი სახელით.
6. უთხარით ასე: იცოცხლე! მშვიდობა შენდა, მშვიდობა შენს სახლს, მშვიდობა მთელს შენს საბადებელს!
7. ახლახან გავიგე, რომ ცხვარს პარსავ. შენი მწყემსები იყვნენ ახლახან ჩვენთან, არ დაგვიჩაგრავს ისინი, არაფერი დაჰკარგვიათ ქარმელში ყოფნისას.
8. ჰკითხე შენს მსახურებს და მოგახსენებენ. იქნება მადლი პოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რაკი სასიხარულო დღეს მოვედით. მიეცი, რაც შეგიძლია შენს მორჩილთ და შენს შვილს, დავითს.
9. წავიდნენ დავითის მსახურნი და მიუტანეს ნაბალს ეს სიტყვები, და დაელოდნენ.
10. მიუგო ნაბალმა დავითის მორჩილთ და უთხრა: ვინ არის დავითი, ვინ არის იესეს ძე? გამრავლდნენ დღეს მორჩილნი, თავიანთ ბატონებს რომ გაურბიან.
11. ავიღო ჩემი პური, წყალი და ღვინო, და მპარსველებისთვის გამზადებული საკლავი და მივცე კაცებს, რომლის ასავალ-დასავალი არ ვიცი?
12. უკან დაბრუნდნენ თავისი გზით დავითის მსახურები, მივიდნენ დავითთან და მიუტანეს ეს სიტყვები.
13. უთხრა დავითმა თავის კაცებს: ყველამ მახვილები შეიბით წელზე! ყველამ შეიბა მახვილი, შეიბა დავითმაც თავისი მახვილი და გაჰყვა დავითს ოთხასამდე კაცი; ორასი კაცი ადგილზე დარჩა.
14. მიუტანა ამბავი ნაბალის ცოლს, აბიგაილს, ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: მოციქულები გაუგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენს ბატონს და მოიკითხა; მაგრამ აბუჩად აიგდო ისინი.
15. ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, არ დავუჩაგრივართ. არაფერი დაგვკარგვია ველზე ყოფნისას, როცა მათთან ერთად დავდიოდით.
16. კედლად გვედგნენ დღითა და ღამით სამწყესურში, როცა მათთან ვიყავით.
17. ახლა ასწონ-დასწონე, როგორ უნდა მოიქცე, რადგან სასჯელი ელის შენს ქმარსა და მთელს მის სახლს. თავად კი უკეთური კაცია, მასთან ლაპარაკი არ იქნება.
18. არ დააყოვნა აბიგაილმა, აიღო ორასი პური, ორი ტიკი ღვინო, ხუთი გამზადებული ცხვარი, ხუთი სეა ქუმელი, ასი მტევანი ჩამიჩი, ორასი ტყლაპი და აჰკიდა ვირებს.
19. უთხრა თავის მსახურებს: თქვენ წინ წადით, მეც ახლავე უკან გამოგყვებით. არაფერი უთქვამს ნაბალისთვის, თავისი ქმრისთვის.
20. როცა ვირზე მჯდარი ეშვებოდა ხეობაში, აჰა, დავითი და მისი კაცებიც გამოჩნდნენ, და შემოხვდა მათ აბიგაილი.
21. ამბობდა დავითი: ტყუილად ვიცავდი ამ კაცის საბადებელს უდაბნოში, არაფერი დაუკარგავს ქონებიდან, მაგრამ ეს სიკეთე ბოროტად გადამიხადა.
22. ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითს კიდევ უარესიც, თუ მისი საბადებლიდან დილამდე ერთი ძაღლიც დავტოვო.
23. როგორც კი დაინახა აბიგაილმა დავითი, სასწრაფოდ ჩამოხდა ვირიდან და პირქვე დაემხო დავითის წინაშე და მდაბლად თაყვანისცა.
24. ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: ჩემზეა, ჩემო ბატონო, დანაშაული; ლაპარაკის ნება მიეცი შენს მორჩილს და ყური უგდე შენი მორჩილის სიტყვებს.
25. ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უკეთურ კაცს, რადგან როგორი სახელიცა აქვს, თავადაც ისეთია; ნაბალი ჰქვია მას და ბილწებით არის სავსე. მე, შენს მორჩილს, არ მინახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი კაცები.
26. ახლა, უფალსა და შენს თავს გაფიცებ, ჩემო ბატონო! უფალმა დაგაკავოს სისხლის ღვრისა და შურისგებისგან; ნაბალივით იქნენ ამიერიდან შენი მტრები, ავი რომ განუზრახავთ ჩემი ბატონისათვის.
27. აჰა, ეს მოსაკითხი, რომელიც შენს მხევალს მოუტანია ჩემი ბატონისთვის. მიეცეს მხლებლებს, ჩემი ბატონის ფეხის კვალს რომ დაჰყვებიან.
28. აპატიე დანაშაული შენს მორჩილს, ნამდვილად მტკიცე სახლს დაუმყარებს უფალი ჩემს ბატონს, რადგან საღმრთო ომს ეწევა ჩემი ბატონი, და ბოროტება არ მოგეკარება არასოდეს.
29. თუმცა აღდგა კაცი და მოსაკლავად დაგდევს, მაგრამ სიცოცხლის საკვრელით არის შეკრული უფალ ღმერთთან ჩემი ბატონის სული, ხოლო შენი მტრების სულს შურდულივით მოისვრის.
30. როცა აღუსრულებს უფალი ჩემს ბატონს ყველაფერ სიკეთეს, რასაც დაჰპირდა, და ისრაელს მეფედ დაგადგენს,
31. ნუ შეაწუხებს გულის ქენჯნა ჩემს ბატონს, რომ არ დაღვარა უბრალო სისხლი და შური არ იძია. როცა გააბედნიერებს უფალი ჩემს ბატონს, მაშინ გამიხსენე შენი მორჩილი.
32. უთხრა დავითმა აბიგაილს: კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ჩემს შესახვედრად გამოგგზავნა დღეს.
33. კურთხეულ იყოს შენი გონიერება და კურთხეულ იყავი შენ, რომ არ მიმიშვი სისხლის ღვრამდე და შურისგებამდე.
34. მაგრამ ცხოველ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ბოროტება არ გამაკეთებინა შენთვის, რადგან რომ არ აჩქარებულიყავ და არ შემხვედროდი, ძაღლიც არ გადაურჩებოდა ცოცხალი დილამდე ნაბალს.
35. მიიღო დავითმა აბიგაილის ხელიდან ყველაფერი, რაც მოტანილი ჰქონდა მისთვის აბიგაილს, და უთხრა: მშვიდობით წადი შენს სახლში. ხომ ხედავ, შევიწყნარე შენი ვედრება და გაპატიე.
36. მივიდა აბიგაილი ნაბალთან. და, აჰა, ლხინი ჰქონდა სახლში, სამეფო ლხინის მსგავსი. გული უხაროდა ნაბალს და ძალიან მთვრალი იყო. არაფერი უთქვამს მისთვსა დილამდე აბიგაილს, არც მცირე, არც დიდი.
37. მეორე დილით, როცა ღვინო გამოუნელდა ნაბალს, ყველაფერი უამბო მას ცოლმა. გული ჩაუკვდა მკერდში ნაბალს და ქვასავით გახდა კაცი.
38. ათიოდე დღის შემდეგ დაჰკრა უფალმა ნაბალს და მოკვდა იგი.
39. გაიგო დავითმა ნაბალის სიკვდილი და თქვა: კურთხეულია უფალი, რომ უზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისათვის, რომ აარიდა თავისი მორჩილი ბოროტის ქმნას და ნაბალის ბოროტება მასვე დაატეხა თავზე უფალმა. მაშინ შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა მას.
40. მივიდნენ დავითის კაცები აბიგაილთან ქარმელში და გამოუცხადეს: დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად ვუთხოვოთ შენი თავი.
41. ადგა აბიგაილი, მიწამდე თაყვანისცა და თქვა: აჰა, მხევლად წამოვა შენი მორჩილი, რომ ფეხი დაბანოს ჩემი ბატონის მორჩილთ.
42. არ დააყოვნა აბიგაილმა, ადგა და შეჯდა სახედარზე, თან ხუთი მოახლე წაიყვანა, და მიჰყვა დავითის მოციქულებს. ასე გახდა იგი დავითის ცოლი.
43. იზრეყელიდან ახინოყაბი მოიყვანა დავითმა და იყვნენ ეს ორნი მისი ცოლები.
44. ხოლო მელქოლა, თავისი ქალიშვილი, დავითის ცოლი, საულმა ფალტის, ლაიშის ძეს, გალიმელ კაცს მიათხოვა.