1. მივიდნენ ზიფიელები საულთან გიბყაში და უთხრეს: არ იცი, რომ დავითი ხაქილას გორაკზე იმალება, იეშიმონის გასწვრივ?
2. ადგა საული და სამი ათასი რჩეული ისრაელიანითურთ ზიფის უდაბნოსკენ გაემართა, რათა მოეძებნა დავითი ზიფის უდაბნოში.
3. დადგა საული ხაქილის გორაკზე, იეშიმონის გასწვრივ, გზის პირას; ხოლო დავითი უდაბნოში იყო და ხედავდა, როგორ მოვიდა მის კვალზე საული უდაბნოში.
4. გაგზავნა დავითმა მზვერავები და დარწმუნდა, რომ ნამდვილად მოსული იყო საული.
5. ადგა დავითი და მივიდა იმ ადგილას, სადაც საული იყო გაჩერებული. დაინახა დავითმა ის ადგილი. სადაც ეძინათ საულსა და აბნერს, ნერის ძეს, მის მხედართმთავარს. საული შუაგულ ბანაკში იწვა, ხოლო ხალხი მის ირგვლივ იყო განლაგებული.
6. მიუბრუნდა დავითი ახიმელექ ხეთელს, და აბიშაის, ცერუიას ძეს, იოაბის ძმას და უთხრა: ვინ წამომყვება საულთან მის ბანაკში? უთხრა აბიშაიმ: მე წამოგყვები.
7. მივიდნენ ღამით დავითი და აბიშაი ხალხთან და, აჰა, ხედავენ, წევს მძინარე საული შუაგულ ბანაკში, და მისი შუბი სასთუმალთან არის ჩარჭობილი მიწაში. აბნერი და ხალხი მის ირგვლივ წვანან.
8. უთხრა აბიშაიმ დავითს: ღმერთმა ჩაგაგდებინა დღეს ხელში შენი მტერი. ახლა ერთი დაკვრით დავაკლავ მიწას, მეორე აღარ დამჭირდება.
9. უთხრა დავითმა აბიშაის: ნუ დაღუპავ მას, რადგან უფლის ცხებულზე ხელის აღმმართველი დაუსჯელად არ გადარჩება.
10. თქვა დავითმა: უფალს ვფიცავ, თავად უფალი გაანადგურებს მას, ან მისი დღე მოაწევს და მოკვდება, ან საბრძოლველად წავა და დაიღუპება.
11. უფალმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე ხელი აღვმართო. ახლა აიღე მისი სასთუმლიდან ეგ შუბი და მათარა და წავიდეთ ჩვენთვის.
12. აიღო დავითმა შუბი და მათარა საულის სასთუმალიდან და წავიდნენ თავისთვის. არვის დაუნახავს, არვის გაუგია, არც არვის გაუღვიძნია, ყველას ეძინა, რადგან უფლისმიერ ძილს მოეცვა ისინი.
13. გადავიდა დავითი გაღმა და დადგა მთის წვერზე, მოშორებით. დიდი მანძილი იყო მათ შორის.
14. გაჰყვირა დავითმა ხალხს და აბნერს, ნერის ძეს: ხმა გამეც, აბნერ! ხმა გასცა აბნერმა და უთხრა: ვინა ხარ, რომ ჰყვირი და აწუხებ მეფეს?
15. უთხრა დავითმა აბნერს: ხომ კაცი ხარ შენ? ვინ არის ისრაელში შენი ტოლი. მაშ, რატომ არ დაიფარავ შენს ბატონს, მეფეს? ვიღაც მოსულა მეფის, შენი ბატონის მოსაკლავად.
16. ვერ არის კარგი საქმე, რასაც შენ აკეთებ. უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსნი ხართ, რომ არ იფარავთ თქვენს ბატონს, უფლის ცხებულს. ახლა მიიხედ-მოიხედე, სად არის მეფის შუბი და მათარა, მის სასთუმალთან რომ იყო?
17. იცნო საულმა დავითის ხმა და თქვა: ეს შენი ხმა არის, დავით, შვილო? მიუგო დავითმა: ჩემი ხმაა, მეფევ ბატონო!
18. კვლავ თქვა: რისთვის მდევნის ჩემი ბატონი თავის მორჩილს, რა გავაკეთე ისეთი, რა ცოდვა მაწევს.
19. ახლა, ისმინოს მეფე ბატონმა თავისი მორჩილის სიტყვები: თუ უფალმა წაგაქეზა ჩემს წინააღმდეგ, სურნელოვანი იყოს ეს მსხვერპლი; თუ ადამიანებმა - წყეულიმც არიან ისინი უფლის წინაშე, რადგან მათ განმდევნეს მე დღეს, რომ წილი არ მქონოდა უფლის სამკვიდროში და მითხრეს, წადი, უცხო ღმერთებს ემსახურეო.
20. არ დაიღვრება ჩემი სისხლი მიწაზე უფლის წინაშე, რადგან ერთიბეწო რწყილის საძებრად არის გამოსული ისრაელის მეფე, როგორც გნოლებს ედევნებიან ხოლმე მთებში.
21. თქვა საულმა: შევცოდე. დაბრუნდი, შვილო დავით, მეტს აღარ გიბოროტებ, რადგან არ გაიმეტე დღეს ჩემი სიცოცხლე. მე კი უგუნურად ვიქცეოდი და დიდად ვცდებოდი.
22. მიუგო დავითმა და უთხრა: აჰა, მეფის შუბი. გადმოვიდეს ვინმე მსახურთაგანი და წაიღოს.
23. უფალმა მიუზღოს ყველას მისი სიმამაცისა და ერთგულების წილ. დღეს მომცა შენი თავი ხელში უფალმა, მაგრამ არ ვინდომე, უფლის ცხებულზე აღმემართა ხელი.
24. აჰა, როგორც არ მემეტებოდა დღეს შენი სიცოცხლე, ასევე არ გაიმეტოს უფალმა ჩემი სიცოცხლე და მიხსნას ყოველგვარი გასაჭირისაგან.
25. უთხრა საულმა დავითს: კურთხეული იყავი, შვილო დავით! კიდევაც აღასრულებ აღსასრულებელს, კიდევაც შესძლებ შესაძლებელს. წავიდა დავითი თავის გზაზე და საულიც გაბრუნდა თავის ადგილას.