1. თქვა დავითმა თავის გულში: ერთ დღეს მაინც დავიღუპები საულის ხელით; ამიტომაც მიჯობს, თავი შევაფარო ფილისტიმელთა ქვეყანას, მომეშვება საული და აღარ დამიწყებს ძებნას ისრაელში, და მეც გადავურჩები მას.
2. ადგა დავითი და ექვსასი კაცითურთ გადავიდა აქიშთან, მაყოქის ძესთან, გეთის მეფესთან.
3. ცხოვრობდა დავითი აქიშთან გეთში, თვითონ და მისი კაცები თავ-თავისი ოჯახებითურთ, დავითი და მისი ორი ცოლი - ახინოყაბი და ქარმელელი აბიგაილი, ნაბალის ქვრივი.
4. შეატყობინეს საულს, გეთში გაიქცაო დავითი, და მეტი აღარ უძებნია იგი.
5. უთხრა დავითმა აქიშს: თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მომცენ ადგილი რომელიმე მცირე ქალაქში და ვიცხოვრებ იქ. რატომ უნდა ცხოვრობდეს შენი მორჩილი შენს გვერდით სამეფო ქალაქში?
6. მისცა აქიშმა იმ დღესვე ციკლაგი; ამიტომაც ეკუთვნის ციკლაგი დღემდე იუდას მეფეებს.
7. ერთი წელი და ოთხი თვე დაჰყო დავითმა ფილისტიმელთა მხარეში.
8. ამხედრდებოდნენ დავითი და მისი კაცები და არბევდნენ გეშურელებს, გერიზელებს და ყამალეკელებს. ესენი სახლობდნენ ძველთაგანვე ამ ქვეყანაში, შურამდე და ეგვიპტემდეც კი.
9. დაამარცხებდა დავითი მთელს ამ ქვეყანას, ცოცხალს არ დატოვებდა არც კაცს და არც ქალს, წამოასხამდა ცხვარ-ძროხას, ვირებს და აქლემებს, წამოიღებდა სამოსელს და დაბრუნდებოდა აქიშთან.
10. ეტყოდა აქიში: სად არბევდით დღეს? მიუგებდა დავითი აქიშს, იუდას სამხრით, იერახმეელთა სამხრით და კენიელთა სამხრით.
11. არც კაცს და არც ქალს ცოცხალს არ ტოვებდა დავითი და არ მოჰყავდა გეთს; ამბობდა, არ ილაპარაკონ ჩვენზე, ასე იქცეოდა დავითი, ეს ჰქონდა წესად, როცა ფილისტიმელთა მხარეში ცხოვრობდაო.
12. მიენდო აქიში დავითს; ფიქრობდა, თავი შეაძულა თავის ერს, ისრაელს, და ჩემი გახდებაო სამუდამოდ.