1. იმ ხანებში იყო, რომ შეჰყარეს ფილისტიმელებმა მხედრობა ისრაელთან საომრად და უთხრა აქიშმა დავითს: იცოდე, ჩემთან ერთად გამოხვალთ ბანაკად შენ და შენი ხალხი!
2. უთხრა დავითმა აქიშს: ახლა გაიგებ, რას მოიმოქმედებს შენი მორჩილი. უთხრა აქიშმა დავითს: ამის გამო ჩემს მცველად დაგნიშნავ სამუდამოდ.
3. მოკვდა სამუელი, დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა და დამარხეს რამათში, თავის ქალაქში. განდევნა საულმა ქვეყნიდან მუცლითმეზღაპრენი და მჩხიბავნი.
4. შეიყარნენ ფილისტიმელები, მივიდნენ და შუნებში დაიბანაკეს. საულმაც შეჰყარა მთელი ისრაელი და გილბოაყში დაიბანაკეს.
5. როცა დაიხახა საულმა ფილისტიმელთა ბანაკი, შეეშინდა და ძლიერ შეუკრთა გული.
6. დაეკითხა უფალს საული, მაგრამ პასუხი არ გაუცია მისთვის უფალს, არც სიზმრად, არც ურიმისა და არც წინასწარმეტყველთა პირით.
7. უთხრა საულმა თავის მორჩილთ: მომიძებნეთ ქალი, მესულთანე, მივალ მასთან და ვამკითხვინებ. უთხრეს მსახურებმა: აჰა, ყენდორში არის მესულთანე ქალი.
8. სახე იცვალა საულმა, გადაიცვა სხვა სამოსელი, თან გაიყოლა ორი კაცი და მივიდა იმ ქალთან ღამით. უთხრა: მიმკითხავე მისნობით და ამომიხმე, ვისზეც გეტყვი.
9. უთხრა ქალმა: კარგად უწყი, რა გააკეთა საულმა, რომ მოსპო ამ ქვეყანაში მესულთანენი და მჩხიბავნი. მახეს რატომ მიგებ დასაღუპავად?
10. უფალი დაიფიცა საულმა: ცხოველ არს უფალი! ავი არაფერი შეგემთხვევა ამ საქმისთვის.
11. ჰკითხა ქალმა: ვინ ამოგიხმო? მიუგო: სამუელი ამომიხმე.
12. დაინახა სამუელი ქალმა და ხმამაღლა იყვირა: ასე უთხრა ქალმა საულს: რისთვის მომატყუე? საული ხარ შენ!
13. უთხრა მას მეფემ: ნუ გეშინია. რას ხედავ? უთხრა ქალმა საულს: სულს ვხედავ, მიწიდან ამომავალს.
14. ჰკითხა: როგორ გამოიყურება? მიუგო: მოხუცებული კაცია, ვინც ამოდის, მოსასხამი ბურავს. მაშინ მიხვდა საული, რომ სამუელი იყო იგი, მიწად დაიხარა და თაყვანისცა.
15. უთხრა სამუელმა საულს: რისთვის შემაწუხე, რომ ამომიყვანე? უთხრა საულმა: ძალიან მიჭირს. ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი კი განმიდგა და პასუხს აღარ მცემს, არც წინასწარმეტყველთა პირით და არც სიზმრებში. შენ ამოგიხმე, რომ მასწავლო, როგორ მოვიქცე.
16. უთხრა სამუელმა: მე რისთვის მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა?
17. ყველაფერს აგისრულებს უფალი, რაც ბრძანა ჩემი პირით; გამოგგლეჯს ხელიდან სამეფოს და მისცემს შენს თვისტომს დავითს.
18. რადგან არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე. ამიტომაც აღასრულებს დღეს უფალი შენზე თავის სიტყვას.
19. ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები; ისრაელის ბანაკსაც ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს.
20. უცებ მთელი ტანით დაეცა მიწაზე საული, დიდად შეეშინდა სამუელის სიტყვებისა; ძალაც გამოლეოდა, რადგან მთელი დღე და ღამე არ ეჭამა პური.
21. მივიდა ის ქალი საულთან და როცა დაინახა, რომ დიდად შეშფოთებული იყო იგი, უთხრა: აჰა, ისმინა შენი ბრძანება შენმა მხევალმა და ხიფათში ჩაიგდო თავი.
22. ახლა შენც ისმინე შენი მხევლის სიტყვა: პურის ნაჭერს დაგიდებ წინ და შეჭამე, რათა ძალა მოიცე უკან წასასვლელად.
23. იუარა საულმა და თქვა: არ შევჭამ. როცა არ მოეშვნენ მისი მორჩილნი და ის ქალიც, დაჰყვა მათ ნებას. მიწიდან ადგა და საწოლზე ჩამოჯდა.
24. ჰყავდა იმ ქალს სახლში ნასუქალი ხბო; სასწრაფოდ დაკლა იგი, აიღო ფქვილი, ცომი მოზილა და ხმიადები გამოაცხო.
25. მიართვა საულს და მის მორჩილთ; მათაც ჭამეს. მერე ადგნენ და იმ ღამესვე წავიდნენ.