1. ყრმა სამუელი უფალს ემსახურებოდა ელისთან. უფლის სიტყვა იშვიათი იყო იმ ხანებში; ხილვები არ იყო ხშირი.
2. ერთხელ ელი თავის ადგილზე იწვა (თვალები დასნეულებული ჰქონდა და ვეღარ ხედავდა),
3. ღვთის სანთელი ჯერ კიდევ არ იყო ჩამქრალი და სამუელს უფლის ტაძარში ეძინა, სადაც ღვთის კიდობანი იდგა.
4. დაუძახა უფალმა სამუელს. გაეპასუხა: აქა ვარ.
5. გაიქცა ელისთან და უთხრა: აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. უთხრა: არ დამიძახნიხარ, წადი, დაწექი. ისიც წავიდა და დაწვა.
6. კვლავ დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა სამუელი, მივიდა ელისთან და უთხრა: -აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. უთხრა: არ დამიძახნიხარ, შვილო, წადი, დაწექი.
7. ჯერ კიდევ ვერ სცნობდა სამუელი უფალს, ჯერ არ გამოსცხადებოდა მას უფლის სიტყვა.
8. მესამეგზის დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა, მივიდა ელისთან და უთხრა: აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. მიხვდა ელი, რომ უფალი ეძახდა ყმაწვილს.
9. უთხრა ელიმ სამუელს: წადი, დაწექი. თუ დაგიძახეს, უთხარი: ბრძანე, უფალო, გისმენს შენი მორჩილი. წავიდა სამუელი და დაწვა თავის ადგილზე.
10. მოვიდა უფალი და დადგა, კვლავ დაუძახა წინანდებურად: სამუელ, სამუელ! უთხრა სამუელმა: ბრძანე, რადგან გისმენს შენი მორჩილი.
11. უთხრა უფალმა სამუელს: ისეთ რასმე მოვახდენ ისრაელში, რომ ყოველ მის მსმენელს ორთავე ყური გაუყრუვდება.
12. იმ დღეს თავიდან ბოლომდე აღვასრულებ ელიზე ყველაფერს, რაც მის სახლზე წარმოვთქვი.
13. ხომ გამოვეცხადე, რომ უკუნისამდე განვსჯიდი მის სახლს უკეთურების გამო, რადგან იცოდა, რომ თავს ირცხვენდნენ მისი შვილები და არ ამხილებდა მათ.
14. ამიტომაც დავემუქრე ელის სახლს, არც მსხვერპლით და არც ძღვენით არ გამოისყიდება-მეთქი უკუნისამდე ელის სახლის უკეთურება.
15. დილამდე ეძინა სამუელს. მერე გააღო უფლის სახლის კარი. ეკრძალებოდა სამუელს გაემხილა ელისთვის ეს ხილვა.
16. დაუძახა სამუელს და უთხრა: სამუელ, შვილო! მიეგო: აქა ვარ.
17. უთხრა ელიმ: რაზე გელაპარაკა? ნუ დამიმალავ, თორემ შენც იმასვე დაგმართებს ღმერთი და უარესსაც, თუ დამიმალე და არ მიამბე ყველაფერი, რაც გელაპარაკა.
18. უამბო სამუელმა მთელი ნალაპარაკევი, არაფერი დაუმალავს მისთვის. თქვა ელიმ: უფალი ყოფილა. ქმნას, რაც ენებოს.
19. იზრდებოდა სამუელი და უფალი იყო მასთან. ფუჭად არ ჩაუვლია არცერთ მის სიტყვას.
20. შეიტყო მთელმა ისრაელმა, დანიდან ბერშებამდე, რომ სამუელი უფლის წინასწარმეტყველად იქნა დამტკიცებული.
21. კვლავ ცხადდებოდა სილოამში უფალი მას შემდეგ, რაც მოევლინა უფალი სამუელს სილოამში უფლის სიტყვის მეშვეობით.