1. ვიდრე მესამე დღეს დავითი და მისი კაცები ციკლაგში მივიდოდნენ, ყამალეკელები სამხრეთიდან დაესხნენ ციკლაგს, გაანადგურეს ციკლაგი და გადაწვეს.
2. ტყვედ წაასხეს ქალები, ვინც კი იყვნენ, დიდიდან პატარამდე; არვინ მოუკლავთ, მხოლოდ გაიტაცეს და თავისი გზით წავიდნენ:
3. მივიდნენ დავითი და მისი კაცები ქალაქში და ხედავენ, გადამწვარია ქალაქი, დედა-წული ტყვედ არის წაყვანილი.
4. გამართეს მოთქმა დავითმა და მისმა ხალხმა და ტიროდნენ ვიდრე ძალი შესწევდათ.
5. ტყვედ იყვნენ წაყვანილნი დავითის ორი ცოლიც - იზრეყელელი ახინოყაბი და ქარმელელი ნაბალის ქვრივი.
6. დამწუხრდა დიდად დავითი, რადგან მისი ჩაქოლვა განიზრახა ხალხმა; გამწარებული იყო მთელი ხალხი თავიანთი ვაჟებისა და ასულების გამო, მაგრამ უფლის, თავისი ღვთის იმედით გაიმხნევა დავითმა თავი.
7. უთხრა დავითმა აბიათარ მღვდელს, ახიმელექის ძეს: მომიტანე ეფოდი! მიუტანა აბიათარმა ეფოდი დავითს.
8. დაეკითხა დავითი უფალს: დავედევნო იმ ურდოს? მივეწევი? მიუგო: დაედევნე, რადგან უსათუოდ დაეწევი და წაართმევ ნადავლს.
9. წავიდა დავითი ექვსასი კაცითურთ და მიადგნენ ბესორის ხევს. ერთი ნაწილი დარჩა.
10. დაედევნა დავითი ოთხასი კაცითურთ; დარჩა ორასი კაცი, რომელთაც დაღლილობის გამო ვერ შეძლეს ბესორის ხევის გადალახვა.
11. ნახეს მინდორში ერთი ეგვიპტელი კაცი და მიიყვანეს დავითთან; მისცეს პური და შეჭამა, წყალიც დაალევინეს.
12. მისცეს ტყლაპის ნაჭერი და ორი მტევანი ჩამიჩი. შეჭამა კაცმა და მოსულიერდა, რადგან სამი დღე და ღამე უჭმელ-უსმელი იყო.
13. ჰკითხა დავითმა: ვისი ხარ და სადაური ხარ. მიუგო: ეგვიპტელი კაცი ვარ, ერთი ყამალეკელის ყმა. მიმატოვა ჩემმა პატრონმა, რადგან ეს მესამე დღეა, რაც ავად ვარ.
14. თავს დავესხით ქერეთის სამხრეთს, იუდას, ქალების სამხრეთს და ციკლაგს და გადავწვით.
15. უთხრა დავითმა: თუ მიმიყვან იმ ურდომდე? მიუგო: ღმერთი დაიფიცე, რომ არ მომკლავ და ჩემს პატრონს არ მიმცემ, და ჩაგიყვან იმ ურდომდე.
16. ჩაიყვანა და, აჰა, გაფანტულან მთელს არემარეზე, ჭამენ, სვამენ და ზეიმობენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და იუდადან წამოღებული დიდი ნადავლის გამო.
17. მუსრავდა მათ დავითი დილის ბინდიდან მეორე დღის საღამომდე; არვინ გადარჩენილა ოთხასი ჭაბუკის გარდა, რომელნიც მოახტნენ აქლემებს და გაიქცნენ.
18. უკან დაიბრუნა დავითმა ყველაფერი, რაც წაღებული ჰქონდა ყამალეკს; თავისი ორი ცოლიც დაიბრუნა დავითმა.
19. არაფერი დაჰკარგვიათ, არც მცირე, არც დიდი, არც ვაჟებიდან და არც ასულებიდან. მთელი ნადავლიდან, რაც გატაცებული ჰქონდათ, ყველაფერი დაიბრუნა დავითმა.
20. წამოასხა დავითმა მთელი ცხვარ-ძროხა; ერეკებოდნენ ამ საქონელს და ამბობდნენ: დავითის ნადავლიაო ეს.
21. მივიდა დავითი ორას კაცთან, რომელთაც დაეზარათ გაჰყოლოდნენ დავითს და ბესორის ხევთან დარჩნენ. გამოვიდნენ ისინი დავითისა და მასთან მყოფი ხალხის მისაგებებლად. მივიდა დავითი ამ ხალხთან და მოიკითხა.
22. ასე ამბობდა ზოგიერთი ბოროტი და უგვანი კაცი, დავითთან ერთად რომ იყო წასული: რაკი არ წამოგვყვნენ, ნურაფერს გავუნაწილებთ მათ ნადავლიდან, ჩვენ რომ დავიბრუნეთო უკან. მხოლოდ თავ-თავისი ცოლშვილი წაასხან და წავიდნენო.
23. თქვა დავითმა: ნუ იზამთ ამას, ძმებო, რადგან უფლის მოცემულია ეს ყველაფერი, მან დაგვიფარა, მან ჩაგვიგდო ხელში ეს ურდო, თავს რომ დაგვესხა.
24. ვინ მოგცემთ დასტურს ამ საქმეში? რადგან რა წილიც ნაბრძოლებ კაცს უდევს, იგივე წილი უნდა ხვდეს ბანაკში დარჩენილს, ყველას უნდა ხვდეს წილი.
25. ასე იყო ამ დღიდან და მერეც. ეს არის მისგან დადგენილი წესად და რჯულად დღესამომდე.
26. მივიდა დავითი ციკლაგში, ჩამოურიგა ნადავლიდან წილი იუდას უხუცესებს, თავის მეგობრებს და შეუთვალა: აჰა, თქვენი მოსაკითხავი უფლის მტრების ნადავლიდან,
27. იმათი ბეთილში რომ არიან, სამხრეთ რაბოთში რომ არიან, იათერში რომ არიან;
28. იმათი, ყაროყერში რომ არიან, შიმფოთში რომ არიან, ეშთემოყში რომ არიან,
29. რაქალში რომ არიან, იერახმეელთა ქალაქებში რომ არიან, კინელთა ქალაქებში რომ არიან,
30. ხორმაში რომ არიან, ქორიყაშანში რომ არიან, ყათაქში რომ არიან;
31. ხებრონში რომ არიან, და ყველგან, სადაც დავითსა და მის კაცებს უვლიათ.