ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა
თავი მეოთხე
1. მოედო სამუელის ამბავი
მთელს ისრაელს. გავიდა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად და დაიბანაკა
ებენ-ყეზერთან; ფილისტიმელები კი აფეკში დაბანაკდნენ.
2. დაეწყვნენ ფილისტიმელები
ისრაელის პირისპირ; შენივთდა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმელებთან;
ოთხიათასამდე კაცი დააწვინეს ბრძოლის ველზე.
3. ბანაკში რომ მოვიდა ხალხი, ისრაელის
უხუცესებმა თქვეს: რისთვის დაგვამარცხა დღეს უფალმა ფილისტიმელებთან? წამოვიღოთ
სილოამიდან უფლის აღთქმის კიდობანი, იაროს ჩვენს შორის და გვიხსნას მტრების
ხელიდან.
4. შეთვალა ხალხმა სილოამში და მოიტანეს ქერუბიმებზე მჯდარი ცაბაოთ უფლის
აღთქმის კიდობანი; ელის ორი ვაჟი - ხოფნი და ფინხასი ახლდა ღვთის აღთქმის კიდობანს.
5. როცა უფლის აღთქმის კიდობანი ბანაკში მოვიდა, მაღალი ხმით იგრიალა მთელმა
ისრაელმა და შეიძრა მიწა.
6. მოესმათ ფილისტიმელებს გრიალი და თქვეს: ეს რა გრიალი დგას ებრაელთა ბანაკში?
შეიტყვეს, რომ უფლის კიდობანი მოსულიყო ბანაკში.
7. შეეშინდათ ფილისტიმელებს, როცა
ითქვა: ღმერთი მოვიდაო ბანაკში. თქვეს: ვაი ჩვენ, რადგან ასეთი რამე არც გუშინ, არც
გუშინწინ არ მომხდარა.
8. ვაი ჩვენ, ვინ გვიხსნის ამ ძლიერი ღმერთებისგან! ეს ისინი
არიან, ის ღმერთებია, ეგვიპტელები რომ გვემეს უდაბნოში ყოველგვარი საგვემელით.
9.
გამაგრდით და ვაჟკაცურად იყავით, ფილისტიმელებო, რომ არ დავემონოთ ებრაელებს,
როგორც თქვენ გემონებიან. ვაჟკაცურად დადექით და შეებრძოლეთ.
10. შეებრძოლენ
ფილისტიმელები და დამარცხდა ისრაელი; გაიქცნენ თავ-თავიანთ კარვებში; მეტისმეტად
დიდი იყო მარცხი: სამი ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიდან.
11. წაიღეს ღვთის
კიდობანი, დაიხოცა ელის ორივე ვაჟი - ხოფნი და ფინხასი.
12. გამოიქცა ერთი
ბენიამინელი კაცი ლაშქრიდან და იმავე დღეს მივიდა სილოამს. სამოსელი შემოჰგლეჯოდა
და მიწის მტვერი ეყარა თავზე.
13. მოვიდა და, აჰა, ზის ელი თავის საკარცხულზე გზის
პირას და ელოდება, რადგან გული უკრთოდა ღვთის კიდობნის გამო. მოვიდა კაცი ამბის
შესატყობინებლად ქალაქში და აკივლდა მთელი ქალაქი.
14. მოესმა კივილის ხმა ელის და
თქვა: ეს რა ხმაურია. საჩქაროდ მივიდა ის კაცი და ყველაფერი უამბო ელის.
15.
ოთხმოცდათვრამეტი წლისა იყო ელი, თვალისჩინი წართმეული ჰქონდა, ვერ ხედავდა.
16.
უთხრა კაცმა ელის: ლაშქრიდან მოვდივარ, დღეს გამოვიქეცი ლაშქრიდან. ჰკითხა ელიმ: რა
ამბავი იყო, შვილო?
17. მიუგო მაცნემ და უთხრა: უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს.
სასტიკად დამარცხდა ხალხი, შენი ორი ვაჟიც - ხოფნი და ფინხასი დაიხოცნენ და ღვთის
კიდობანიც წაღებულია.
18. როგორც ახსენა მან ღვთის კიდობანი, უკან გადაიქცა ელი
საკარცხულიდან კარისკენ, ხერხემალი გადაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული იყო და
მძიმე. ორმოც წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.
19. მისი რძალი, ფინხასის ცოლი,
მოსალოგინებელი იყო, როცა გაიგო, ღვთის კიდობნის წაღების და თავისი მამამთილისა და
ქმრის დახოცვის ამბავი, მუხლებზე დავარდა და შვა, რადგან უწია შობის ჟამმა.
20.
როცა კვდებოდა, ეუბნებოდნენ თავზე მდგომნი: ნუ გეშინია, რადგან ვაჟი გეყოლაო,
მაგრამ ქალი არ პასუხობდა, უგრძნობი იყო მისი გული.
21. დაარქვა ვაჟს სახელად იქაბოდი (უპატიობა), თქვა: განეშორა დიდება ისრაელს,
ღვთის კიდობნის წაღების გამო, მისი მამამთილისა და ქმრის გამო.
22. თქვა: განეშორა დიდება ისრაელს, რადგან წაღებულია ღვთის კიდობანი.
|