1. მოვიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, წაიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, გორაკზე, და განაწესეს მისი შვილი, ელეაზარი, უფლის კიდობნის დასაცავად.
2. გამოხდა მრავალი ხანი კიდობნის დასვენებიდან კირიათ-იეყარიმში, გავიდა ოცი წელი და მოენატრა უფალი მთელს ისრაელს.
3. ასე უთხრა სამუელმა მთელს ისრაელის სახლს: თუ მთელი გულით მიისწრაფით უფლისკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და აშთორეთები; მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ; მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთაგან.
4. მოიშორეს ისრაელიანებმა ბაალები და აშთორეთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ.
5. თქვა სამუელმა: შეკრიბეთ მთელი ისრაელი მიცფაში და შევევედრები თქვენთვის უფალს.
6. შეიკრიბნენ მიცფაში; ამოჰქონდათ წყალი და უღვრიდნენ უფალს და მარხულობდნენ იმ დღეს. თქვეს იქ: შევცოდეთ უფალს. განსაჯა სამუელმა ისრაელიანები მიცფაში.
7. შეიტყვეს ფილისტიმელებმა, მიცფაში რომ იყვნენ შეკრებილნი ისრაელიანები, და დაიძრნენ ფილისტიმელთა მთავრები ისრაელის წინააღმდეგ. გაიგეს ისრაელიანებმა და შეუშინდნენ ფილისტიმელებს.
8. უთხრეს ისრაელიანებმა სამუელს: ნუ შეგვიწყვეტ უფლის, ჩვენი ღვთისადმი ღაღადს, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთაგან.
9. აიყვანა სამუელმა ძუძუთა ბატკანი და მთლიანად აღუვლინა იგი უფალს. შეჰღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისათვის და უსმინა მას უფალმა.
10. როდესაც სამუელი აღუვლენდა უფალს აღსავლენს და ფილისტიმელებიც მოდგნენ ისრაელთან საბრძოლველად, იგრგვინა ძლიერი ხმით იმ დღეს უფალმა ფილისტიმელებზე, შეაძრწუნა და იძლივნენ ისინი ისრაელიანთაგან.
11. გამოვიდნენ ისრაელის კაცები მიცფადან, დაედევნენ ფილისტიმელებს და მუსრი გაავლეს მათ ბეთქორის მახლობლად.
12. აიღო სამუელმა ერთი ლოდი და დადო იგი მიცფასა და კლდის შვერილს შორის, თქვა: აქამდე შეგვეწია უფალი. და უწოდა იმ ადგილს სახელად ებენ-ყეზერი (ქვა შეწევნისა).
13. დასცხრნენ ფილისტიმელები და აღარ შემოდიოდნენ ისრაელის საზღვრებში. უფლის ხელი იყო ფილისტიმელებზე სამუელის სიცოცხლეში.
14. დაუბრუნდა ისრაელს ფილისტიმელთაგან წაღებული ქალაქები, ყეკრონიდან გათამდე. გამოგლიჯა ისრაელმა მათი საზღვრები ფილისტიმელებს. ისრაელსა და ამორეველთა შორის ზავი იყო.
15. ისრაელის მსაჯული იყო სამუელი მთელი თავისი სიცოცხლე.
16. დადიოდა იგი წლიდან წლამდე, მიმოივლიდა ბეთელს, გილგალს და მიცფას, და განსჯიდა ისრაელს ყეელა ამ ადგილში.
17. ბრუნდებოდა რამათს, რადგან იქ იყო მისი სახლი, და იქაც განსჯიდა ისრაელს. იქ აუგო მან სამსხვერპლო უფალს.