1. როცა მოხუცდა სამუელი, ისრაელის მსაჯულებად თავისი შვილები დაადგინა.
2. მის პირმშოს სახელად ერქვა იოველი, ხოლო უმცროსს - აბია; ბეერ-შებაში მსაჯულობდნენ ისინი.
3. არ გაჰყვნენ შვილები მამის გზას, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ.
4. შეიკრიბა ისრაელის უხუცესობა და მივიდა სამუელთან რამათს.
5. უთხრეს: შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას. დაგვიდგინე ახლა მეფე, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს.
6. არ მოეწონა ეს ამბავი სამუელს, როცა თქვეს, მეფე მოგვეციო მსაჯულად. მაშინ შეევედრა სამუელი უფალს.
7. უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.
8. როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონენ, ასევე გექცევიან შენც.
9. ახლა შეისმინე მათი სიტყვა, ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც მათზე უნდა იმეფოს.
10. უთხრა სამუელმა უფლის სიტყვები ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან.
11. უთხრა: აი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს თქვენზე: წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის ეტლებთან და ცხენებთან დაიყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ.
12. დანიშნავს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად, თავის ყანის მხვნელებად და თავისი სამკალის მოსამკელად, თავისი საბრძოლო საჭურველისა და ეტლების მკეთებლებად.
13. აიყვანს თქვენს ასულებს მენელსაცხებლებად, მზარეულებად და პურის მცხობლებად.
14. წაგართმევთ საუკეთესო ყანებს, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს და თავის მორჩილებს დაურიგებს.
15. მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის კარისკაცებსა და მორჩილებს უწყალობებს.
16. წაგართმევთ საუკეთესო ყმებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს.
17. წაიღებს მეათედს თქვენი ფარიდან და თქვენც მისი ყმები გახდებით.
18. მაშინ მოჰყვებით წუწუნს თქვენს არჩეულ მეფეზე, მაგრამ არ მოგისმენთ უფალი.
19. არ დაუჯერა ხალხმა სამუელს. თქვეს: არა და არა, მეფე უნდა გვესვას,
20. ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც სხვა ხალხები არიან. ჩვენი მეფე განგვსჯის ჩვენ, წინ წაგვიძღვება და ჩვენი გულისთვის იბრძოლებს.
21. მოისმინა სამუელმა ხალხის ნათქვამი და შეატყობინა უფალს.
22. უთხრა უფალმა სამუელს: შეიწყნარე მათი სიტყვა და დაუდგინე მეფე. უთხრა სამუელმა ისრაელის კაცებს: წადით თქვენ-თქვენს ქალაქებში.