1. იყო ერთი კაცი ბენიამინის შტოდან, სახელად კიმი, ძე აბიელისა, ცერომის ძისა, შექორათის ძისა, აფიახის ძისა, ბენიამინელი, მაგარი ვაჟკაცი.
2. ჰყავდა ვაჟი, გამორჩეული და მშვენიერი, სახელად საული. ისრაელიანთა შორის მასზე უკეთესი არავინ იყო; ერთი თავით მაღალი იყო მთელ ხალხზე.
3. დაეკარგა ხრდალი ვირები კიშს, საულის მამას, და უთხრა კიშმა საულს, თავის შვილს: წაიყვანე ვინმე მსახური ბიჭი, წადი და მოძებნე ვირები.
4. გადაიარა ეფრემის მთა, მოიარა შალიშას მხარე, მაგრამ ვერ იპოვნეს. მოიარეს შაყალიმის მხარე, არც იქ იყო. მოიარა ბენიამინის მხარე და ვერ იპოვეს.
5. მივიდნენ ცუფის მხარეში და უთხრა საულმა მსახურ ბიჭს, თან რომ ახლდა: წამო, გავბრუნდეთ უკან; დაავიწყდებოდა მამაჩემს ვირები და ახლა ჩვენი დარდი ექნება.
6. მან მიუგო: აი, რას გეტყვი; ღვთისკაცი ცხოვრობს ამ ქალაქში; პატივდებული კაცი, რასაც იტყვის, ყველაფერი სრულდება. წავიდეთ იქ, ეგებ გვასწავლოს, რა გზას დავადგეთ.
7. უთხრა საულმა თავის მსახურს: კარგი, წავიდეთ, მაგრამ რა მივუტანოთ იმ კაცს? გუდაში პური აღარა გვაქვს, არც საჩუქარი გვაქვს რამე, ღვთის კაცს რომ მივუტანოთ. რა გვაქვს თან?
8. კვლავ მიუგო მსახურმა საულს და უთხრა: აჰა, მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს ხელში. მივცეთ ღვთისკაცს და გვასწავლის გზას.
9. უწინ ისრაელში ასე ამბობდა კაცი, ღმერთთან საკითხავად რომ მიდიოდა: მოდი, წავიდეთ მისანთან (რადგან ახლა რომ წინასწარმეტყველია, უწინ მისანი ეწოდებოდა).
10. უთხრა საულმა თავის მსახურს: სწორს ამბობ, წამო, წავიდეთ. წავიდნენ ქალაქში, სადაც ღვთისკაცი ცხოვრობდა.
11. აიარეს ქალაქის აღმართი და შემოხვდათ წყალზე მიმავალი გოგონები და ჰკითხეს: არის აქ სადმე მისანი?
12. მიუგეს: აქვეა, ახლოში. ოღონდ იჩქარეთ, დღეს ამოვიდა ქალაქში, რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს ხალხს ბორცვზე.
13. როგორც კი ქალაქში შეხვალთ, მაშინვე მოძებნეთ იგი, ვიდრე ბორცვზე არ ასულა პურის საჭმელად, რადგან ხალხი მის მისვლამდე არაფერს შეჭამს. მან უნდა აკურთხოს საკლავი, მხოლოდ ამის მერე დაიწყებენ ჭამას მიწვეულები. აბა, წადით, რადგან სწორედ ამ დროს შეგეძლებათ მისი ნახვა.
14. ავიდნენ ქალაქში. როცა შუა ქალაქში შევიდნენ, ხედავენ, ეგებება მათ გორაკისკენ მიმავალი სამუელი.
15. საულის მოსვლამდე ერთი დღით ადრე გამოეცხადებინა უფალს სამუელისთვის.
16. ხვალ ამდროს კაცს გამოგიგზავნი ბენიამინის მხარიდან და სცხებ მას ჩემი ერის, ისრაელის, მეფედ; იგი იხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთაგან, რადგან მოვხედე მე ჩემს ერს, როცა მისმა ღაღადისმა ჩემამდე მოაღწია.
17. დაინახა სამუელმა საული და უფალმაც დაუდასტურა: აჰა, ის კაცი, რომელზეც გელაპარაკე. იგი იმეფებს ჩემს ერზე.
18. შეხვდა ჭიშკართან საული სამუელს და ჰკითხა: მასწავლე, სად არის აქ მისანის სახლი.
19. მიუგო სამუელმა საულს და უთხრა: მე ვარ მისანი. წამომყევი გორაკზე; დღეს ჩემთან ერთად შეჭამთ პურს, ხოლო დილას კი გაგიშვებ. ყველაფერს გეტყვი, რაც გულში გაქვს.
20. ნუ გადარდებს ვირები, სამი დღის წინ რომ დაკარგე, რადგან ნაპოვნია ისინი. ვის ეკუთვნის ისრაელის მთელი საუნჯე, თუ არა შენ და მამაშენის მთელს სახლს?
21. მიუგო საულმა და უთხრა: მე ხომ ბენიამინელი ვარ, ისრაელის უმცირესი ტომის კაცი; ჩემი საგვარეულოც ხომ მცირეა ბენიამინის ტომის საგვარეულოთა შორის? რისთვის მეუბნები ამას?
22. წაიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური, შეიყვანა დარბაზში და ოცდაათი წვეული კაცის თავში დასხა.
23. უთხრა სამუელმა მზარეულს: მომეცი ნაჭერი, რომელიც მოგაბარე და გითხარი, დაიტოვე-მეთქი.
24. გამოიტანა მზარეულმა მთელი ბეჭი და წინ დაუდო საულს. უთხრა სამუელმა: ეს არის, რაც მორჩა. წინ დაიდე და ჭამე, რადგან იმ დროისთვის გადაგინახე, როცა ხალხის მოწვევა განვიზრახე. პურობდა საული იმ დღეს სამუელთან ერთად.
25. ჩამოვიდნენ ბორცვიდან ქალაქში და სახლის ბანზე ელაპარაკა საულს.
26. ადგნენ დილაადრიანად. განთიადისას დაუძახა სამუელმა საულს ბანზე და უთხრა: ადექი, უნდა გაგისტუმრო. ადგა საული და გავიდნენ ორთავენი, ის და სამუელი, გარეთ.
27. როცა ქალაქის ბოლოზე ჩავიდნენ, სამუელმა უთხრა საულს: უბრძანე, ჩვენს წინ იაროს მსახურმა (ისიც წავიდა წინ); შენ კი მცირეხანს დადექი, რომ ღვთის სიტყვა გამოგიცხადო.