1. გაუმართეს ბრძოლა ფილისტიმელებმა ისრაელს და გაექცნენ ისრაელიანები ფილისტიმელებს. გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ დახოცილნი.
2. მიეწივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი - საულის შვილები.
3. გაუძნელდა ბრძოლა საულს. ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს.
4. ურხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: იშიშვლე მახვილი და გამიყარე, იმ წინადაუცვეთელებმა რომ არ შეურაცხმყონ. ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ საულმა აიღო მახვილი და ზედ დაეგო.
5. როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა.
6. ერთად დაიხოცნენ საული, მისი სამი ვაჟიშვილი და მთელი მისი სახლი.
7. როდესაც ველზე მყოფმა ისრაელიანებმა დაინახეს, რომ უკუიქცნენ ისრაელიანები და დაიხოცნენ საული და მისი ვაჟიშვილები, დადაგეს ქალები და გადაიხვეწნენ. მოვიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ.
8. მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად და, როცა ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი სამი ვაჟიშვილი,
9. გაძარცვეს იგი, აიღეს მისი თავი და საჭურველი და მოატარეს ფილისტიმელთა მთელი ქვეყნის ირგვლივ, რათა ეხარებინათ თავიანთი საკერპოებისთვის და ხალხისთვის.
10. მისი საჭურველი თავიანთი ღმერთის ტაძარში დადეს, ხოლო მისი თავისქალა დაგონის სახლზე მიაჭედეს.
11. როცა გაიგეს გალაადის იაბეშელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელნი საულს,
12. ადგა ყველა, ვინც ვაჟკაცი იყო, წამოიღეს საულისა და მისი ვაჟიშვილების გვამები, მოიტანეს იაბეშში და დამარხეს მათი ძვლები იაბეშში, მუხის ქვეშ. მერე შვიდი დღე მარხულობდნენ.
13. მოკვდა საული თავისი ორგულობის გამო, რადგან ღალატობდა იგი უფალს, უფლის სიტყვას არ იცავდა და გამოსაკითხად მესულთანეს მიმართავდა.
14. უფალს არ ეკითხებოდა. ამიტომ მოკლა იგი უფალმა და მისი სამეფო დავითს, იესეს ძეს მისცა.