1. მოაბრძანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს შუაგულ კარავში, რომელიც მისთვის ჰქონდა დავითს გაშლილი. მერე კი აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი შესწირეს ღმერთს.
2. მოამთავრა დავითმა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლის შეწირვა და უფლის სახელით დალოცა ერი.
3. ჩამოურიგა მთელ ერს, ისრაელის მთელ კრებულს, კაცსა და ქალს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის წილობი და თითო ქადა.
4. დააყენა ლევიანები უფლის კიდობნის წინაშე სამსახურის გასაწევად, რათა მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა.
5. ასაფი მათი მეთაური იყო, ზაქარია - მისი მომდევნო, იეყიელი, შემირამოთი, იეჰიელი, მათითია, ელიაბი, ბენიაჰუ, ყობედ-ედომ და იეყიელი ბობღნებსა და ქნარებზე იყვნენ. ხოლო ასაფი წინწილების დამკვრელი იყო.
6. მღვდლები: ბენიაჰუ და იახაზიელი საყვირებით მუდამ უფლის აღთქმის კიდობნის წინ იდგნენ.
7. იმ დღეს მაშინ შეასხა დავითმა პირველად ხოტბა უფალს, ასაფისა და მისი ძმების ხელით:
8. ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი.
9. უმღერეთ მას, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე.
10. დაიკვეხნეთ მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა.
11. ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის.
12. გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და მისი ბაგის სამართალნი.
13. შთამომავალნო აბრაამისა, მისი რჩეულისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო.
14. ის არის უფალი, ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი.
15. გახსოვდეთ საუკუნოდ აღთქმა მისი, სიტყვა, რომელიც ბრძანა ათასი თაობის მიმართ,
16. რომელიც დაუდო აბრაამს, და მისი ფიცი ისაკთან,
17. და რაც დაუდგინა იაკობს წესად და ისრაელს - საუკუნო აღთქმად.
18. უთხრა: შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.
19. როცა ცოტანი იყავით, მცირერიცხოვანნი და იქ შეხიზნულნი,
20. იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან - სხვა ერთან,
21. არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და აფრთხილებდა მათ გამო მეფეებს:
22. არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეგყველებს არ უბოროტოთ.
23. უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! ახარებდეთ დღითიდღე მისმიერ ხსნას.
24. მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები.
25. რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთზე საშიშია ის.
26. რადგან ხალხთა ყველა ღმერთი - კერპებია, ხოლო უფალმა ცანი შეჰქმნა.
27. მშვენიერება და ბრწყინვალება მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა - მის ტაძარში.
28. შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება.
29. შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა, წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.
30. ძრწოდე მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! ხომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა.
31. გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. უთხარით ხალხებს: უფალი მეფობს!
32. იხმაურებს ზღვა და სავსება მისი. გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა.
33. მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი, რადგან მოვა ქვეყნიერების განსასჯელად.
34. აქეთ უფალი, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა.
35. და თქვით: გვიხსენი, ჩვენი ხსნის ღმერთო, შეგვკრიბე და დაგვიცავ ხალხებისგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, დავიქადნოთ შენი ქება-დიდებით.
36. კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. და მიუგო ერმა: ამენ! ქება უფალს!
37. დავითმა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე დატოვა ასაფი და მისი ძმები, რათა კიდობნის წინაშე სამსახური გაეწიათ მუდამ, ყოველდღიურად,
38. და ყობედ-ედომი და მისი ძმები - სამოცდარვა. ყობედ-ედომ იედუთუნის ძე და ხოსა კი კარისმცველებად,
39. მღვდელი ცადოკი და მისი მღვდელმსახური ძმები უფლის სავანის წინ, გაბაონში რომ ბორცვია, იქ დააყენა,
40. რომ მუდამ, დილა-საღამოობით, აღსავლენი აღევლინათ უფლისათვის აღსავლენის სამსხვერპლოზე და რომ ყოველივე შეესრულებინათ, რაც უფლის რჯულში სწერია და რაც მან დაუწესა ისრაელს.
41. მათთან იყვნენ: ჰემანი, იედუთუნი და სხვა რჩეულნი, რომელნიც სახელებით იყვნენ დადგენილნი, რათა ექოთ უფლის სახელი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
42. მათთან ერთად ჰემანი და იედუთუნი საყვირებით, წინწილებითა და საკრავებით ღვთის მგალობლებად იყვნენ დადგენილნი, იედუთუნის ძენი კი კარიბჭესთან.
43. ყველანი თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. დავითიც თავისი სახლის დასალოცად გაბრუნდა.