1. ამის შემდეგ იყო, რომ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები, დაიმორჩილა ისინი და ხელიდან გამოგლიჯა ფილისტიმელებს გათი თავის ქალაქებიანად.
2. დაამარცხა მოაბიც. შეიქნა მოაბი დავითის მორჩილი და მოხარკე.
3. დაამარცხა დავითმა ჰადარყეზერი, ცობას მეფე ხამათში, როცა ის ევფრატზე ბატონობის განსამტკიცებლად მიდიოდა.
4. წაართვა მას დავითმა ათასი ეტლი, შვიდი ათასი ცხენოსანი და ოციათასი ქვეითი. ეტლის ცხენებს ძარღვები გადაუჭრა დავითმა, მხოლოდ ასი ეტლი დაიტოვა მათგან.
5. მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის ჰადარყეზერის დასახმარებლად და მუსრი გაავლო დავითმა არამელთაგან ოცდაორიათას კაცს.
6. დაადგინა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და შეიქნენ არამელები დავითის მორჩილნი და მოხარკენი. სადაც არ უნდა წასულიყო დავითი, ყველგან უფალი შეეწეოდა.
7. აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადარყეზერის მსახურებს რომ ჰქონდათ, და იერუსალიმში მოიტანა.
8. დიდძალი სპილენძი წამოიღო დავითმა ტიბხათიდან და ქუნიდან, ჰადარყეზერის ქალაქებიდან, რომლისგანაც შემდეგ სოლომონმა გააკეთა სპილენძის საბანელი, ბოძები და სპილენძის ჭურჭელი.
9. შეიტყო თოყიმ, ხათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადარყეზერს, ცობას მეფეს.
10. და გაგზავნა თავისი ძე ჰადორამი მეფე დავითთან მოსაკითხად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადარყეზერს და სძლია მას, რადგან თოყის მოსისხლე იყო ჰადარყეზერი. თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი.
11. მეფე დავითმა ესეც უფალს შესწირა იმ შეწირულ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს: ედომს, მოაბს, ყამონიანებს, ფილისტიმელთ და ყამალეკს რომ წაართვა.
12. აბეშაი ცერუიას ძემ თვრამეტი ათასი ედომელი ამოწყვიტა მარილოვან ველზე.
13. დააყენა ედომში ხელისუფალნი და შეიქნა მთელი ედომი დავითის მორჩილი. ყველგან, სადაც არ უნდა წასულიყო, უფალი შეეწეოდა დავითს.
14. მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა თავის ერს.
15. იოაბ ცერუიას ძე ჯარს სარდლობდა; ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო.
16. ცადოკ ახიტუბის ძე და აბიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია მწერალი იყო.
17. ბენიაჰუ იეჰოდაყის ძე ქერეთელებსა და ფერეთელებს გამგებლობდა, ხოლო დავითის ძენი პირველნი იყვნენ მეფის გვერდით.