1. წლის შემოქცევისას, მეფეთა გამოსვლის ჟამს, იოაბი წინ წაუძღვა ლაშქარს და გაანადგურა ყამონიანთა ქვეყანა, მივიდა და რაბას შემოადგა. დავითი კი იერუსალიმში დარჩა. აიღო იოაბმა რაბა და დაანგრია.
2. დავითმა მათ მეფეს გვირგვინი მოხადა, ნახა რომ ერთი ტალანტი ოქროს წონისა იყო და ძვირფასი ქვებით იყო მოოჭვილი, და თავზე დაირქვა იგი. აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან.
3. გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და იწყო მათი ხერხით ხერხვა და რკინის კბილებითა და რკინის ცულებით ხოცვა. ასე მოექცა დავითი ყამონიანთა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში.
4. ამის შემდეგ იყო, რომ ფილისტიმელებთან ომი ატყდა გეზერში. მაშინ სიბქაი ხუშათელმა მოკლა სიფაი, რაფას ერთ-ერთი ვაჟი და დაზავდნენ.
5. კვლავ ატყდა ფილისტიმელებთან ომი. მაშინ ელხანან იაყირის ძემ დაამარცხა ლახმი, გოლიათის ძმა, რომლის შუბის ტარი მქსოველთა ლილვისოდენა იყო.
6. კვლავ ატყდა ომი გეთში. იყო უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ება - სულ ოცდაოთხი. ისიც რაფას ნაშიერი იყო.
7. დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათან მიმყას ძემ - დავითის ძმისწულმა.
8. რაფას გათში ესენი შეეძინნენ და ყველანი დავითისა და მისი მორჩილთა ხელით დაეცნენ.