1. როცა დავითი მოხუცდა და გაძღა წლებით, თავისი ვაჟი სოლომონი გაამეფა ისრაელზე.
2. თავი მოუყარა ისრაელის მთავრებს, მღვდლებსა დ ლევიანებს.
3. აღრიცხეს ოცდაათ წელს გადაცილებული ლევიანები. გამოვიდა სულ ოცდათვრამეტი ათასი კაცი.
4. აქედან ოცდაოთხიათასი უფლის სახლის საქმეს უძღვებოდა, ექვსი ათასი კი მწიგნობრები და მსაჯულები იყვნენ.
5. ოთხიათასი კარისმცველი იყო, ოთხიათასი კი იმ საკრავებით ადიდებდა უფალს, რომელნიც დავითმა გააკეთა.
6. დავითმა ისინი ლევის, გერშონის, კეჰათის და მერარის ძეთა დასებად დაჰყო.
7. გერშონელთაგან იყვნენ: ლაყდანი და შიმყი.
8. ლაყდანის ძენი: უფროსი იეხიელი, ზეთამი და იოელი - სამნი.
9. შიმყის ძენი: შელომითი, ხაზიელი და ხარაში - სამნი. ესენი არიან ლაყდანის მამისსახლთა თავკაცები.
10. შიმყის ძენი: იხათი, ზიზა, იეყუმში და ბერიყა. ესენი არიან შიმყის ძენი - ოთხნი.
11. იახათი უფროსი იყო, ზიზა - მომდევნო. იეყუშსა და ბერიყას ძალიან ცოტა შვილები ჰყავდათ. ამიტომ აღრიცხვისას ერთ მამისსახლს შეადგენდნენ.
12. კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი - ოთხნი.
13. ყამრამის ძენი: აარონი და მოსე. აარონი იმისთვის გამოირჩია, რომ წმიდათა წმიდისთვის ეკურთხებინათ იგი და მისი ძენი სამარადისოდ, რათა მათ ეკმიათ უფლის წინაშე, რათა სამსახური გაეწიათ მისთვის და მისი სახელით უკუნისამდე ეკურთხებინათ.
14. მოსე ღვთისკაცი იყო. მისი ძენი ლევიანთა ტომს მიათვალეს.
15. მოსეს ძენი: გერშომი, ელიყეზერი.
16. გერშომის ძენი: შებუელი - უფროსი.
17. ელიყეზერის ძენი იყვნენ: რეხაბია, უფროსი. ელიყეზერს მეტი შვილი არც ჰყოლია. რეხაბის ძენი კი ძალიან გამრავლდნენ.
18. იცჰარის ძენი: შელომითი - უფროსი.
19. ხებრონის ძენი: იერიაჰუ - უფროსი, ამარია - მეორე, იახაზიელი - მესამე, იეკამაყი - მეოთხე.
20. ყუზიელის ძენი: მიქა - უფროსი, იშია - მეორე.
21. მერარის ძენი: მახლი და მუში. მახლის ძენი: ელყაზარი და კიში.
22. ელყაზარი ისე მოკვდა, რომ ვაჟი არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები დარჩა. ისინი კიშის ძეებმა, ბიძაშვილებმა, შეირთეს.
23. მუშის ძენი: მახლი, ყედერი, იერემოთი - სამნი.
24. აჰა, ლევის ძენი, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, სახელებისა და სულადობის რიცხვის მიხედვით აღრიცხულნი, რომელნიც უფლის სახლის სამსახურის საქმეს უძღვებოდნენ, ოცი წლის ასაკს გადაცილებულნი.
25. ვინაიდან თქვა დავითმა: უფალმა ღმერთმა მისცა მშვიდობა ისრაელს, თავის ერს, და იერუსალიმში დამკვიდრდა იგი სამარადისოდ.
26. აღარც ლევიანებს დასჭირდებათ სამსახურის გასაწევად სავანისა და მისი ჭურჭლეულის ტარება.
27. დავითის უკანასკნელი სიტყვების მიხედვით აღრიცხეს ოცი წლის ასაკს გადაცილებული ლევიანები.
28. ისინი უნდა მდგარიყვნენ აარონიანთა გვერდით, ემსახურათ უფლის სახლში, ეზოებში და ოთახებში, სუფთად შეენახათ ყოველი სიწმიდე და აღესრულებინათ ღვთის სახლის სამსახური,
29. ეზრუნათ საწირ პურზე, ძღვენზე, უფუარ კვერებზე, ტაფებზე და შესაწვავზე, ყველაფრის არწყვა-აწონაზე,
30. დილა-საღამოობით უფლის ქება-დიდებაზე,
31. ყოველგვარ აღსავლენებზე უფლისათვის შაბათობით, ახალმთვარობების და დღესასწაულების განსაზღვრულ რიცხვებში, როგორც მათთვისაა დადგენილი უფლის წინაშე მარად აღსასრულებლად,
32. რომ დაიცვან დადგენილება სადღესასწაულო კარვის შესახებ, დადგენილება საწმიდარის შესახებ და დადგენილება აარონიანთა, მათი ძმების შესახებ, უფლის სახლში სამსახურის გასაწევად.