1. მეფე დარიოსმა გაუმართა დიდი ლხინი ყველა თავის ქვეშევრდომს, ყველა თავის სახლეულს და მიდიისა და სპარსეთის ყველა დიდებულს,
2. ყველა სატრაპს და მხედართმთავარს ქვეშევრდომი ქვეყნების განმგებელთ ინდოეთიდან ეთიოპიამდე ას ოცდაშვიდ სამთავროში.
3. ჭამეს და სვეს და კმაყოფილნი დაიშალნენ, ხოლო მეფე დარიოსი შევიდა საძინებელში, დაიძინა და მერე გაღვიძა.
4. მაშინ სამმა ჭაბუკმა, მცველებმა, რომლებიც მეფის სხეულს იცავდნენ უთხრეს ერთმანეთს:
5. ვთქვათ თითოეულმა ჩვენთაგანმა თითო სიტყვა, - ვინც აჯობებს, და რომლის ნათქვამიც მეორისაზე ბრძნული აღმოჩნდება, მისცეს მას მეფე დარიოსმა დიდძალი საბოძვარი და დიდი ჯილდო.
6. პორფირით შეიმოსოს და ოქროს სასმისით სვამდეს, ოქროზე ეძინოს და ჰქონდეს ეტლი ოქროსაღვირიანი და თავსაბურავი ბისონისა, და მანიაკი ყელზე.
7. დაჯდეს დარიოსის გვერდით თავისი სიბრძნის გამო და დარიოსის ნათესავად იწოდებოდეს.
8. მაშინ თითოეულმა დაწერა თავისი სიტყვა, დაბეჭდა და დასდო მეფე დარიოსის სასთუმალთან.
9. როცა გაიღვიძებს მეფე, მისცემენ მას წერილებს და ვის სიტყვასაც მიიჩნევს უბრძნესად მეფე და სამი სპარსელი დიდებული, მას მიეცეს ძლევა, როგორც წერია.
10. ერთმა დაწერა: უძლიერესია ღვინო.
11. მეორემ დაწერა: უძლიერესია მეფე.
12. მესამემ დაწერა: უძლიერესნი არიან დედაკაცნი, ხოლო ყოველივეს სძლევს ჭეშმარიტება.
13. როდესაც მეფემ გაიღვიძა, აიღეს და მისცეს მას დაწერილი და წაიკითხა,
14. და დაიბარა ყველა დიდებული სპარსეთისა და მიდიისა, და სატრაპნი და მხედართმთავარნი, მხარეების გამგებელნი და მრჩეველნი და დაჯდა სამსჯავროში, და მათ წინაშე წაკითხულ იქნა დაწერილი.
15. თქვა: მოუხმეთ ჭაბუკებს და განმარტონ თავიანთი სიტყვები. დაძახებულ იქნენ და მოვიდნენ.
16. უთხრა მათ: გვაუწყეთ დაწერილთა შესახებ.
17. დაიწყო პირველმა, რომელიც ღვინის ძლიერებაზე ამბობდა, და თქვა ასე:
18. კაცნო, როგორ სძლევს ღვინო ყოველივეს? ყოველ ადამიანს ებინდება გონება, ვინც მას დალევს.
19. ერთ ჭკუაზე აყენებს მეფეს და ობოლს, მონასა და თავისუფალს, ღატაკსა და მდიდარს.
20. ყოველ გონებას მოაქცევს ლხინისა და სიხარულისკენ და არ ახსენდება არავითარი მწუხარება და არავითარი მოვალეობა.
21. ყოველი გულს აქცევს მდიდრად და არავის ახსოვს არც მეფე და არც სატრაპი და ყველას თავის ტალანტზე ალაპარაკებს.
22. არ ახსოვთ, როცა თვრებიან, მეგობრებისა და ძმების სიყვარული და არც ისე იშვიათად იშიშვლებენ მახვილს.
23. როცა გამოფხიზლდებიან ღვინისაგან, აღარ ახსოვთ, რა მოიმოქმედეს.
24. ო, კაცნო, როგორღა არ არის ღვინო უძლიერესი, როცა აიძულებს ასე მოიქცნენ. თქვა ეს და დადუმდა.