1. მიუგზავნა უფალმა დავითს ნათანი და ისიც მივიდა მასთან და უთხრა: ორი კაცი ცხოვრობდა ერთ ქალაქში, მდიდარი და ღარიბი.
2. მდიდარს უამრავი ცხვარი და ძროხა ჰყავდა,
3. ღარიბს არაფერი გააჩნდა პატარა ბატკნის გარდა, რომელიც ნაყიდი ჰყავდა, და კვებავდა და ზრდიდა თავისთან, თავის ბავშვებთან ერთად. მის ლუკმას ჭამდა, მისი თასიდან სვამდა, მის უბეში ეძინა, როგორც ქალიშვილი, ისე ჰყავდა.
4. ეწვია ერთხელ ვინმე მგზავრი მდიდარ კაცს. ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან დასაკლავად, რომ გამასპინძლებოდა თავის სტუმარს, წამოიყვანა ღარიბი კაცის ბატკანი და გაუმზადა სტუმრებულ კაცს.
5. დიდად განრისხდა დავითი ამ კაცზე და უთხრა ნათანს: უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი!
6. ბატკანი ოთხმაგად უნდა ზღოს, ასეთი საქმე რომ გააკეთა და შეუბრალებლად მოიქცა.
7. უთხრა ნათანმა დავითს: შენა ხარ ის კაცი. ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: მე გცხე მეფედ ისრაელზე. მე დაგიხსენი საულის ხელიდან.
8. მე მოგეცი შენი ბატონის სასახლე და მოგიწვინე შენი ბატონის ცოლები, მოგეცი ისრაელისა და იუდას სახლი, და თუ ეს არ კმარა, კიდევ და კიდევ დაგიმატებ.
9. რატომ დაივიწყე უფლის სიტყვა და ბოროტება ჩაიდინე მის თვალში? მახვილით მოჰკალი ურია ხეთელი და ცოლად მოიყვანე მისი ცოლი? ყამონიანთა მახვილით მოჰკალი იგი.
10. ამიერიდან მახვილი არ მოსცილდება შენს სახლს სამარადისოდ, რადგან უგულვებელმყავი და ურია ხეთელის ცოლი მოიყვანე, რომ ცოლად დაგესვა.
11. ასე თქვა უფალმა: აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან, ავიყვან შენს თვალწინ შენს ცოლებს და შენს მოყვასებს მივცემ; მზისით დაწვებიან შენს ცოლებთან.
12. თუმც შენ ჩუმად გააკეთე, მე მთელი ისრაელის წინაშე და მზის წინაშე გავაკეთებ ამ საქმეს.
13. უთხრა დავითმა ნათანს: შევცოდე უფალს. უთხრა ნათანმა დავითს: უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები.
14. ოღონდ, რაკი ამ საქციელით ალანძღვინე უფალი მის მტრებს, შვილი მოგიკვდება, რომელიც შეგეძინა.
15. როცა წავიდა ნათანი თავის სახლში, შეეხო უფალი ბავშვს, ურიას ცოლმა რომ უშვა დავითს, და მძიმედ დასნეულდა ბავშვი.
16. ევედრებოდა დავითი ღმერთს ყმაწვილის გამო, მარხულობდა დავითი და მიწაზე ათევდა ღამეს.
17. თავზე დაადგნენ მისი სახლის უხუცესები, რომ მიწიდან აეყენებინათ იგი, მაგრამ არ ქნა და არ გატეხა მათთან პური.
18. მეშვიდე დღეს მოკვდა ბავშვი; ვერ გაბედეს დავითის მორჩილებმა მოეხსენებინათ, რომ მოკვდა ბავშვი, რადგან ასე ფიქრობდნენ: ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, რა არ ვუთხარით და არ გაიგონა ჩვენი სიტყვა, ახლა როგორღა ვუთხრათ, რომ მკვდარია ბავშვი? უბედურებას დამართებს თავს.
19. როცა დაინახა დავითმა, რომ ერთმანეთში ჩურჩულებენ მისი მორჩილნი, მიხვდა დავითი, რომ მკვდარი იყო ბავშვი, და ჰკითხა დავითმა თავის მორჩილთ: მოკვდა ბავშვი? უთხრეს: მოკვდა.
20. ადგა მიწიდან დავითი, დაიბანა, ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, წავიდა უფლის სახლში და თაყვანი-სცა. დაბრუნდა სახლში, პური მოითხოვა, მიართვეს და შეჭამა.
21. ჰკითხეს მისმა მორჩილებმა: ეს რა იყო, რომ გააკეთე? ცოცხალი ბავშვის გამო მარხულობდი და ტიროდი, ხოლო როგორც კი მოკვდა ბავშვი, წამოდექი და პური შეჭამე.
22. მიუგო: ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, ვმარხულობდი და ვტიროდი; ვიფიქრე, ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს უფალმა და გადარჩეს-მეთქი ბავშვი.
23. ახლა, როცა მკვდარია, რისთვის ვიმარხულო? როგორ შევძლებ მის დაბრუნებას. მე წავალ მასთან, ის კი აღარ დამიბრუნდება.
24. ანუგეშა დავითმა ბერსაბე, თავისი ცოლი, შევიდა და დაწვა მასთან. შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად სოლომონი, რომელიც შეიყვარა უფალმა,
25. შემოუთვალა ნათან წინასწარმეტყველის პირით და უწოდა უფლის გამო სახელად იედიდია.
26. ამასობაში იოაბი ებრძოდა ყამონიანთა რაბას და აიღო სამეფო ქალაქი.
27. გამოუგზავნა იოაბმა დავითს მაცნეები და შეუთვალა: ვებრძვი რაბას და ხელში მაქვს ჩაგდებული ქალაქის წყალსატევები.
28. ახლა, შეკრიბე დანარჩენი ხალხი, შემოადექი ქალაქს და აიღე, თორემ მე ავიღებ ქალაქს და ჩემი სახელი დაერქმევა.
29. შეკრიბა დავითმა ხალხი, წავიდა რაბას, თავს დაესხა და დაიპყრო.
30. აიღო დავითმა მათი მეფის გვირგვინი, ერთი ოქროს ტალანტის წონისა, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, და თავზე დაიდგა. აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან.
31. გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და ხერხით, რკინის ფარცხებით და რკინის ცულებით სიკვდილი გადაუწყვიტა, სააგურე ქურაში გაატარა ისინი. ასე მოექცა ყამონიანთა ყველა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში.