1. ამის შემდეგ იყო: ჰყაედა აბესალომ დავითის ძეს ლამაზი და, სახელად თამარი. შეუყვარდა იგი ამნონს, დავითის ძეს.
2. ისე გაუჭირდა ამნონს, რომ თითქმის დასნეულდა თავისი დის, თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი და იცოდა ამნონმა, რომ ვერაფერს გახდებოდა მასთან.
3. ჰყავდა მეგობარი ამნონს, სახელად იონადაბი, შიმყას ძე, დავითის ძმისწული. ძალზე ჭკვიანი კაცი იყო იონადაბი.
4. უთხრა მას: რა მოგდის, დღითიდღე რომ ხმები, უფლისწულო? არ მეტყვი? მიუგო ამნონმა: თამარი მიყვარს, ჩემი ძმის, აბესალომის და.
5. უთხრა იონადაბმა: ჩაწექი ლოგინში და თავი მოიავადმყოფე. როცა მამაშენი მოვა შენს სანახავად, უთხარი: ჩემი და თამარი მოვიდეს ჩემთან და პური მაჭამოს-თქო; ჩემს თვალწინ მოამზადოს საჭმელი, რომ ჩემი თვალით დავინახო და მისი ხელიდან ვჭამო-თქო.
6. ჩაწვა ამნონი და თავი მოიავადმყოფა. მივიდა მეფე მის სანახავად და უთხრა ამნონმა მეფეს: მოვიდეს ჩემთან ჩემი და თამარი, ჩემს თვალწინ გამოაცხოს ორიოდე ნამცხვარი, რომ მისი ხელიდან ვჭამო.
7. გააგზავნა კაცი დავითმა თამართან სახლში და შეუთვალა: მოდი შენი ძმის, ამნონის სახლში და საჭმელი მოუმზადე.
8. წავიდა თამარი თავისი ძმის, ამნონის სახლში. იწვა იგი. აიღო ქალმა ცომი, მოზილა, ააგუნდავა მის თვალწინ და გამოაცხო ნამცხვრები.
9. აიღო კეცი და დაუდგა წინ, მაგრამ არ შეჭამა. თქვა ამნონმა: გაიყვანეთ ყველანი! და გავიდა ყველა.
10. მაშინ უთხრა ამნონმა თამარს: უკანა ოთახში წაიღე საჭმელი და შევჭამ შენი ხელიდან. აიღო თამარმა თავისი გამომცხვარი ნამცხვრები, უკანა ოთახში გაუტანა ამნონს.
11. და მიაწოდა, რომ ეჭამა. ხელი სტაცა ამნონმა ქალს და უთხრა: მოდი, დაწექი ჩემთან, ჩემო დაო.
12. მიუგო: ნუ, ჩემო ძმაო, ნუ შეურაცხმყოფ. ასე არ იქცევიან ისრაელში, ნუ იზამ ამ სისაძაგლეს.
13. სადღა გამოვჩნდე შერცხვენილი? შენც ერთი საძაგელი კაცის სახელს დაიგდებ ისრაელში. სთხოვე მეფეს, არ დაგიჭერს ჩემს თავს.
14. არ უნდოდა მისი სიტყვის გაგონება ამნონს, დაიმორჩილა იგი, პატივი ახადა და იწვა მასთან.
15. შესძულდა იგი ამნონს უზომო სიძულვილით, ისე რომ სიძულვილი, რომლითაც შესძულდა, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სიყვარული, რომლითაც უყვარდა ადრე. უთხრა ამნონმა: ადე, წადი აქედან.
16. უთხრა ქალმა: ნუ იზამ, ძმაო, წეღანდელზე უფრო დიდი ბოროტებაა, რასაც ახლა მიკეთებ. არ უნდოდა ამნონს მისი მოსმენა.
17. დაუძახა მსახურ ბიჭს და უთხრა: გაიყვანე ეს ქალი აქედან და მიუხურე კარი.
18. ჭრელი ტალავარი ეცვა ქალს, რადგან ასეთი სამოსელით იმოსებოდნენ მეფის ასულები, ქალწული ვინც იყო. გაიყვანა მსახურმა ქალი და მიუხურა კარი.
19. ნაცარი დაიყარა თამარმა თავზე, შემოიხია ტანზე ჭრელი ტალავარი, თავზე დაიდო ხელი და მოთქმა-მოთქმით წავიდა.
20. უთხრა მისმა ძმამ აბესალომმა: შენი ძმა ამნონი იყო შენთან? ახლა ჩუმად იყავი, დაო. შენი ძმა არის ის. გულთან ნუ მიიტან ამ ამბავს. დარჩა თამარი თავისი ძმის, აბესალომის სახლში, გაუბედურებული.
21. გაიგო დავით მეფემ ეს ამბავი და დიდად შეწუხდა.
22. ხოლო აბესალომს არც ცუდი უთქვამს ამნონისთვის, არც კარგი, რადგან შეიძულა აბესალომმა ამნონი მისი საქციელის გამო, რომ შეურაცხყო მისი და თამარი.
23. გავიდა ორი წელი და ცხვარს პარსავდა აბესალომი ბაალ-ხაცორში, ეფრემის მახლობლად. ყველა უფლისწული მიიწვია აბესალომმა.
24. მივიდა აბესალომი მეფესთან და უთხრა: ცხვრის მპარსავები ჰყავს შენს მორჩილს. ეწვიოს მეფე თავის მორჩილებთან ერთად შენს მორჩილს.
25. უთხრა მეფემ აბესალომს: არა, შვილო, ყველანი არ წამოვალთ შენთან, არ დაგამძიმებთ. არ ეშვებოდა აბესალომი, მაგრამ არ ინება მეფემ წასვლა; კურთხევით კი აკურთხა.
26. თქვა აბესალომმა: თუ ასეა, მაშინ ჩემი ძმა ამნონი წამოვიდეს. უთხრა მეფემ: რისთვის წამოვიდეს?
27. არ მოეშვა აბესალომი და მეფემაც გაუშვა ამნონი და სხვა უფლისწულები.
28. ასე უბრძანა აბესალომმა თავის მსახურ ბიჭებს: ყური უგდეთ, როცა ღვინისგან გამხიარულდება ამნონი და მე გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ამნონს, თქვენც მოკალით იგი, ნუ შეგეშინდებათ. განა მე არ გიბრძანებთ ამას? აბა, გამაგრდით და მამაცურად მოიქეცით.
29. ისე მოექცნენ აბესალომის მსახურნი ამნონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის აბესალომს. წამოიშალნენ უფლისწულები, შესხდნენ თავ-თავიანთ ჯორებზე და გაიქცნენ.
30. ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ისინი, რომ მოუვიდა ამბავი დავითს: დახოცა აბესალომმა უფლისწულები, ერთიც არ გადარჩენილა.
31. ადგა მეფე, ტანზე შემოიხია სამოსელი და ჩაჯდა მტვერში. იქვე დადგნენ სამოსელშემოხეული მისი მორჩილები.
32. დაუწყო ლაპარაკი იონადაბ შიმყას ძემ, დავითის ძმისწულმა და უთხრა ნუ ამბობს ჩემი ბატონი, ყველა უფლისწული მოკლესო, რადგან მხოლოდ ამნონია მკვდარი. ასე ჰქონდა გადაწყვეტილი აბესალომს იმ დღიდან, როცა შეურაცხყო ამნონმა მისი და თამარი.
33. ნუ მიაქვს გულთან ჩემს ბატონ მეფეს ეს ხმა, თითქოს ყველა უფლისწული მოკვდაო, რადგან მხოლოდ ამნონია მკედარი.
34. ამასობაში გაიქცა აბესალომი. გაიხედა მოთვალთვალე მსახურმა ბიჭმა და, ხედავს, უამრავი ხალხი მოდის გზაზე, მთის ფერდობით.
35. უთხრა იონადაბმა მეფეს: აჰა, მოდიან უფლისწულები; როგორც გეუბნებოდა შენი მორჩილი, ისეც მოხდა.
36. როცა დაასრულა ლაპარაკი, მოვიდნენ უფლისწულებიც, აუწიეს ხმას და ატირდნენ. დიდი ტირილით ტიროდნენ მეფეც და მისი მორჩილებიც.
37. გაიქცა აბესალომი და მივიდა თალმაი ყამიხურის ძესთან, გეშურის მეფესთან. მთელი დღეები გლოვობდა დავითი თავის შვილს.
38. გაიქცა აბესალომი და მივიდა გეშურს. დაჰყო იქ სამი წელი.
39. შეწყვიტა აბესალომის დევნა დავითმა, რადგან გაუქარვდა მწუხარება ამნონის გამო, რომელიც მოუკვდა.