1. უთხრა ახითოფელმა აბესალომს: შემარჩევინე ათი ათასი კაცი, ავდგები და დავედევნები ამღამითვე დავითს.
2. თავს დავესხმები, ვიდრე დაღლილი და მკლავმოდუნებულია; შიშის ზარს დავცემ, გაეფანტება მთელი ხალხი და მოვკლავ მარტო დარჩენილ მეფეს.
3. შენსკენ მოვაბრუნებ მთელ ხალხს, როგორც კი ყველა მობრუნდება, ვისაც ეძებ, მაშინ მშვიდობით იქნება მთელი ხალხი.
4. სწორად მოეჩვენათ ეს თათბირი აბესალომს და ისრაელის უხუცესობას.
5. თქვა აბესალომმა: ხუშაი არქიელსაც დამიძახეთ; მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის.
6. მივიდა ხუშაი აბესალომთან და უთხრა აბესალომმა: ასე და ასე გვირჩია ახითოფელმა. მივყვეთ მის რჩევას? თუ არა და, თქვი შენი აზრი.
7. უთხრა ხუშაიმ აბესალომს: არ ვარგა ამჯერად ახითოფელის თათბირი.
8. თქვა ხუშაიმ: ხომ იცნობ მამაშენს და მის კაცებს: მამაცები არიან გამწარებულნი, როგორც ბელებწაგვრილი ძუ დათვი მინდვრად. მამაშენი მებრძოლი კაცია და ხალხთან ერთად იფხიზლებს ღამით.
9. ახლა ალბათ რომელიმე ხევში ან სადმე სხვა ადგილას იმალება იგი. თუ ბრძოლის დასაწყისშივე დამარცხდნენ ჩვენები და ხმა გავარდა, დამარცხდა აბესალომის ხალხიო,
10. მაშინ უმამაცესნიც კი, რომელთაც ლომის გული აქვთ, დაიბნევიან, რადგან მთელმა ისრაელმა იცის, რა მაგარი კაციც არის მამაშენი და რა მამაცი ხალხია მისი მომხრეები.
11. ამიტომ გირჩევ შემოიკრიბო მთელი ისრაელი დანიდან ბერშებამდე, ზღვის ქვიშასავით უთვალავი, და შენ თავად გახვიდე საბრძოლველად.
12. მივადგებით მას, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, თავს დავეცემით, როგორც ცვარი ეცემა მიწას, და ერთ კაცსაც არ დავტოვებთ ცოცხალს მისი ხალხიდან.
13. თუ ქალაქში ჩაიკეტა, მთელი ისრაელი თოკებს შემოახვევს ქალაქს და ხევში ჩავათრევთ ისე, რომ კენჭიც არ დარჩება იმ ადგილას.
14. თქვა აბესალომმა და ყველა ისრაელიანმა: ხუშაი არქიელის თათბირი სჯობია ახითოფელის თათბირს. უფალმა გადაწყვიტა ჩაეშალა ახითოფელის უკეთესი თათბირი, რათა უბედურება დაეთია აბესალომისთვის უფალს.
15. უთხრა ხუშაიმ ცადოკსა და აბიათარს, მღვდლებს: ასე და ასე ურჩია ახითოფელმა აბესალომს და ისრაელის უხუცესობას, ხოლო მე ასე და ასე ვურჩიეო.
16. ახლა საჩქაროდ გააგზავნე კაცი და შეუთვალე დავითს: უდაბნოს ვაკეზე ნუ გაათევ-თქო ამ ღამეს, არამედ გაეცალე მანდაურობას, თორემ დაიღუპება მეფეც და მთელი მისი ხალხი.
17. როგელის წყაროსთან იდგნენ იონათანი და ახიმაყაცი, როცა მივიდა მსახური ქალი და უთხრა, წასულიყვნენ და ეცნობებინათ მეფე დავითისთვის; რადგან ქალაქში გამოჩენა არ შეეძლოთ მათ.
18. მაგრამ დაინახა ისინი ერთმა ყმაწვილმა და შეატყობინა აბესალომს. საჩქაროდ წავიდნენ ორნი და მოვიდნენ ბახურიმს, ერთი კაცის სახლში. ჭა ჰქონდა ეზოში კაცს და შიგ ჩავიდნენ.
19. ადგა ცოლი და გადასაფარებელი გადააფარა ჭის თავს, ზედ ბურღული დაყარა, ასე დაიფარა კვალი.
20. მივიდნენ აბესალომის კაცები ამ ქალთან სახლში და ჰკითხეს: სად არიან ახიმაყაცი და იონათანი? მიუგო ქალმა: წყალს გაღმა გავიდნენ. ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ.
21. მათი წასვლის შემდეგ ამოვიდნენ ჭიდან და ამბავი მიუტანეს მეფე დავითს, უთხრეს დავითს: ადექით და წყალგაღმა გადით, რადგან ასე და ასე ურჩიაო თქვენზე ახითოფელმა.
22. ადგა დავითი და მთელი მისი ხალხი და განთიადამდე სათითაოდ გადავიდნენ იორდანეზე; არავინ დარჩენილა იორდანეს გაღმა გაუსვლელი.
23. როცა დაინახა ახითოფელმა, რომ არ გავიდა მისი თათბირი, შეკაზმა სახედარი და წავიდა სახლში, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა სახლეულს და თავი ჩამოიღრჩო. მოკვდა და მამისეულ სამარხში დამარხეს.
24. ამასობაში დავითი მივიდა მახანაიმში, ხოლო აბესალომმა გადალახა იორდანე და უკან მიჰყვა მთელი ისრაელის ხალხი.
25. იოაბის ნაცვლად ყამასა დაადგინა აბესალომმა მხედართმთავრად. ყამასას მამა იყო კაცი, სახელად ითრა იზრეყელელი, რომელიც შევიდა აბიგაილთან, ნახაშის ასულთან, ცერუიას დასთან, იოაბის დედასთან.
26. დაიბანაკა ისრაელმა და აბესალომმა გალაადის ქვეყანაში.
27. როცა დავითი მახანაიმში მივიდა, შობი ნახაშის ძემ ყამონიანთა რაბათიდან, მაქირ ყამიელის ძემ ლოდებარიდან, ბარზილაი გალაადელმა როგელიმიდან,
28. ქვეშაგებელი, თასები და თიხის ჭურჭელი, ხორბალი და ქერი, ფქვილი და ქუმელი, ცერცვი და ოსპი,
29. თაფლი და ერბო, ცხვარი და ხბორები, მიართვეს დავითსა და მის ხალხს საჭმელად, რადგან ფიქრობდნენ, მშიერ-მწყურვალი და დაქანცულნი მოვიდოდნენო უდაბნოდან.