1. მოხედა იქ ერთი უვარგისი კაცი, სახელად შებაყ ბიქრის ძე, ბენიამინიანი. ჰკრა ბუკს და გამოაცხადა: არა გვაქვს წილი დავითში, არა გვაქვს ხვედრი იესეს ძეში! თქვენ-თქვენი კარვებისკენ, ისრაელო!
2. ზურგი აქცია დავითს ისრაელმა და გაჰყვნენ შებაყ ბიქრის ძეს, ხოლო იუდა არ მოშორებია თავის მეფეს იორდანედან იერუსალიმამდე.
3. დაბრუნდა მეფე თავის სახლში, იერუსალიმში გამოიყვანა ათი ხარჭა, სახლის საპატრონებლად რომ ჰყავდა დატოვებული, და ჩაყარა საპატიმროში. არჩენდა მათ, მაგრამ არ შედიოდა მათთან. გამოკეტილნი იყვნენ სიკვდილის დღემდე და ქვრივებად ცხოვრობდნენ.
4. უთხრა მეფემ ყამასას: სამ დღეში შემიყარე იუდა და შენც აქ მეახლე.
5. წავიდა ყამასა იუდას შესაყრელად, მაგრამ გადააციღა მისთვის დაწესებულ ვადას.
6. უთხრა დავითმა აბიშაის: აბესალომზე უფრო მეტად გვიბოროტებს ახლა შებაყ ბიქრის ძე. აიყვანე შენი ბატონის მორჩილნი და დაედევნე, თორემ გამაგრებულ ქალაქებს იპოვის და მიეფარება ჩვენს თვალს.
7. გაჰყვა მას იოაბის ხალხი, ქერეთელები და ფელეთელები, უმამაცესი ხალხი, და გავიდნენ იერუსალიმიდან შებაყ ბიქრის ძის დასადევნებლად.
8. გაბაონში, დიდ ქვასთან, რომ მივიდნენ, ყმასა წარუდგა მათ. იოაბს აბჯარს ზემოთ თასმით მახვილი ჰქონდა გადაკიდებული, ზედ თეძოსთან თავის ქარქაშით, და სიარულისას მიწაზე სცემდა.
9. უთხრა იოაბმა ყამასას: ხომ მშვიდობით ხარ, ძმაო? და წვერზე მოჰკიდა იოაბმა ყამასას მარჯვენა ხელი საკოცნელად.
10. არ მოერიდა ყამასა მახვილს, იოაბს რომ ეჭირა ხელში, ჩასცა იოაბმა ფერდში და ნაწლავები გადმოაყრევინა მიწაზე. მეორედ აღარ ჩაურტყამს, მკვდარი იყო. მერე დაედევნენ იოაბი და მისი ძმა აბიშაი შებაყ ბიქრის ძეს.
11. თავზე ედგა მოკლულს იოაბის მსახურთაგანი და ამბობდა: ვისაც იოაბი უყვარს და ვინც დავითის მხარეზეა, გაჰყვეს იოაბს!
12. შუა გზაზე სისხლში ეგდო ყამასა. დაინახა იმ კაცმა, რომ ჩერდებოდა ხალხი, და გადაათრია გზიდან მინდორში ყამასა, და სამოსელი გადააფარა, რადგან ხედავდა, ვინც კი თავს წაადგებოდა გვამს, ჩერდებოდა.
13. როცა გზიდან იქნა გადათრეული, ყველანი გაჰყვნენ იოაბს, რომ შებაყ ბიქრის ძეს დასდევნებოდნენ.
14. მან კი ისრაელის ყველა შტო გაიარა აბელამდე და ბეთ-მაყაქამდე. შეიკრიბნენ ბერიელები და გაჰყვნენ მას.
15. მოვიდა იოაბის ხალხი და მოიმწყვდიეს იგი აბელ-ბეთმაყაქაში. აღმართეს ქალაქის წინ მიწაყრილი და მიადგნენ კედელს. მთელი ხალხი, იოაბს რომ ახლდა, შეუდგა კედლის ნგრევას.
16. დაიძახა ერთმა გონიერმა დედაკაცმა ქალაქიდან: ისმინეთ! ისმინეთ! უთხარით იოაბს, რომ ახლოს მოვიდეს, სიტყვა მაქვს სათქმელი.
17. მიუახლოვდა მას იოაბი და ჰკითხა დედაკაცმა: შენა ხარ იოაბი? მიუგო: მე ვარ. უთხრა: ყური უგდე შენი მორჩილის სიტყვას. მიუგო: ყურს ვუგდებ.
18. უთხრა დედაკაცმა: ასე იტყოდნენ ძველად, აბელში იკითხონ და ისე გადაწყვიტონ საქმეო.
19. მე ერთი მშვიდობიანი და პატიოსანი ქალაქი ვარ ისრაელის ქალაქებში. შენ გინდა გაანადგურო ქალაქი, დედა ისრაელში? რისთვის სპობ უფლის წილხვედრილს?
20. მიუგო იოაბმა და უთხრა: ნუმც მეფიქროს ნგრევა და განადგურება.
21. აქ სხვა ამბავია: ერთმა კაცმა ეფრემის მთიდან, სახელად შებაყ ბიქრის ძემ, ხელი აღმართა მეფე დავითზე. მხოლოდ ის მოგვეცი და დავეხსნებით ქალაქს. უთხრა დედაკაცმა იოაბს: კეთილი, გალავნიდან გადმოგიგდებენ მის თავს.
22. მივიდა დედაკაცი ხალხთან თავისი ბრძნული სიტყვით. მოკვეთეს თავი შებაყ ბიქრის ძეს და გადაუგდეს იოაბს. ბუკს ჰკრა თუ არა იოაბმა, ყველანი მოსცილდნენ ქალაქს და თავ-თავის კარვებში მიმოიფანტნენ. და გაბრუნდა იოაბი იერუსალიმში მეფესთან.
23. იოაბი სარდლობდა ისრაელის მთელს ლაშქარს, ხოლო ბენაია იეჰოიადაყის ძე - ქერეთელებსა და ფელეთელებს.
24. ადორამი ხარკის აკრეფას განაგებდა, იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო,
25. შევა-მწერალი, ცადოკი და აბიათარი - მღვდლები.
26. ყირა იარელიც მღვდელი იყო დავითთან.