1. სამ წელიწადს ზედიზედ შიმშილობა იყო დავითის დროს. დაეკითხა დავითი უფალს და უთხრა უფალმა: საულისა და მისი სისხლიანი სახლის გამოა, რადგან გაბაონელნი გაწყვიტა.
2. დაიბარა მეფემ გაბაონელნი და ელაპარაკა მათ. გაბაონელნი არ იყვნენ ისრაელიანები, არამედ დანაშთომ ამორეველთა შთამომავალნი იყვნენ. ისრაელიანებმა შეჰფიცეს მათ, მაგრამ საული ცდილობდა მათ გაწყვეტას ისრაელიანთა და იუდას მიმართ ერთგულების გამო.
3. უთხრა დავითმა გაბაონელებს: რა გაგიკეთოთ, რომ გამოვისყიდო ცოდვა, რომ აკურთხოთ უფლის სამკვიდრო.
4. მიუგეს გაბაონელებმა: არც ვერცხლი და არც ოქრო არ გვინდა საულისგან და მის სახლისგან, არც იმას მოვითხოვთ, რომ ვინმე მოკლან ისრაელში. თქვა მეფემ: რასაც იტყვით, აგისრულებთ.
5. უთხრეს მეფეს: რაკი გვანადგურებდა ის კაცი და ჩვენს გადაშენებას ცდილობდა ისრაელის საზღვრებიდან,
6. ჩაგვაბარონ შვიდი კაცი მის შთამომავალთაგან და ჩვენც ჩამოვკიდებთ მათ უფლის წინაშე უფლის რჩეულის, საულის გიბყაში. თქვა მეფემ: ჩაგაბარებთ.
7. დაინდო მეფემ მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა საუფლო ფიცის გამო, რომელიც დიდებული იყო მათ შორის, დავითსა და იონათან საულის ძის შორის.
8. წამოიყვანა მეფემ რიცფას ორი ვაჟი აიას ასულისა, რომელმაც უშვა საულს არმონი და მეფიბოშეთი, და მიქალის ხუთი ვაჟი, საულის ასულისა, რომელმაც უშვა ისინი ყადრიელს, მეხოლათელი ბარზილაის ძეს,
9. და ხელთ მისცა გაბაონელებს და მათაც ჩამოჰკიდეს ისინი მთაზე უფლის წინაშე. ასე დაიღუპა შვიდივე ერთად. მოიკლნენ ისინი მკათათვის პირველ დღეებში, ქერის მკის დასაწყისში.
10. აიღო რიცფამ, აიას ასულმა, ჯვალო, დაიფინა კლდესთან და იყო იქ მკის დაწყებიდან, ვიდრე ციურმა წყალმა არ იწვიმა მათზე, და უგერიებდა გვამებს დღისით ცის ფრინველებს და ღამით მტაცებელ მხეცებს.
11. შეატყობინეს დავითს, რაც გააკეთა რიცფამ, საულის ხარჭამ.
12. მაშინ წავიდა დავითი და წამოიღო საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები გალაადის იაბეშის მკვიდრთაგან, რომელთაც მოიპარეს ისინი ბეთშანის მოედნიდან, სადაც ფილისტიმელებმა ჩამოკიდეს, როცა მოკლეს ფილისტიმელებმა გილბოაყში საული.
13. ამოიტანა იქიდან საულისა და მისი ძის იონათანის ძვლები, და მოკრიფეს ჩამოკიდებულთა ძვლებიც.
14. დამარხეს საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები ბენიამინის ქვეყანაში, ცელაყში, მისი მამის კიშის სამარხში. ყველაფერი შეასრულეს, რაც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს. ამის შემდეგ მოიღო ღმერთმა ქვეყანაზე მოწყალება.
15. კვლავ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებსა და ისრაელს შორის. ჩამოვიდა დავითი თავის ხალხითურთ და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს. დაიღალა დავითი.
16. იშბი-ბენობმა, რაფას ნაშიერთაგანმა, რომელსაც სამასშეკელიანი სპილენძის შუბი ჰქონდა და ახალი მახვილი ერტყა წელზე, დავითის მოკვლა განიზრახა.
17. მაგრამ მიეშველა მას აბიშაი ცერუიას ძე, დაჰკრა ფილისტიმელს და მოკლა იგი. მაშინ დააფიცეს დავითი მისმა ხალხმა და უთხრეს: აღარ გამოხვიდე ჩვენთან ერთად საბრძოლველად, რომ ისრაელის ლამპარი არ ჩააქრო.
18. ამის შემდეგ კვლავ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებთან გობში. აქ სიბქა ხუშათელმა განგმირა საფი, რომელიც რაფას ნაშიერთაგანი იყო.
19. კიდევ მოხდა ბრძოლა გობში ფილისტიმელებთან; ელხანან იაყარე-ორეგიმის ძემ, ბეთლემელმა, განგმირა გეთელი გოლიათი, რომლის შუბის ტარი მქსოველთა ლილვისოდენა იყო.
20. კიდევ მოხდა ბრძოლა გეთში; იყო იქ უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელებზე და ფეხებზე ექვს-ექვსი თითი ება - სულ ოცდაოთხი. ისიც რაფას ნაშიერი იყო.
21. დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათან შიმყის ძემ, დავითას ძმისწულმა.
22. ეს ოთხი ეყოლა რაფას გეთში; ყველა ესენი დავითსა და მისი ხალხის ხელით დაეცნენ.