1. წარმოთქვა დავითმა უფლისადმი ამ გალობის სიტყვები, რა დღესაც იხსნა უფალმა იგი ყველა მისი მტრისა და საულის ხელიდან.
2. თქვა: უფალი კლდეა ჩემი, სიმაგრე ჩემი, მხსნელი ჩემი!
3. ღმერთი კლდეა ჩემი, სადაც შევეფარვი; ფარია ჩემი და რქაა ჩემი გადარჩენისა; სიმაღლე ჩემი და მისაქცეველი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენი მოძალადისგან!
4. უფალს დიდებულს შევღაღადე და მტრებს გადავურჩი.
5. მომაწყდნენ სიკვდილის ტალღები, ბელიალის ნიაღვრებმა შემაშინეს,
6. შავეთის ქსელები შემომეხლართა, სიკვდილის ბადეებმა მომიცვეს.
7. ჩემს გასაჭირში შევღაღადე უფალს; ჩემს ღმერთს შევძახე და ისმინა თავის სასახლეში ჩემი ხმა და ჩემი ღაღადი მისწვდა მის ყურებს.
8. შებარბაცდა, შეტოკდა დედამიწა, ცათა საფუძველნი აძროდნენ და ირყეოდნენ, რადგან რისხვით აინთო იგი.
9. ავარდა კვამლი მისი ნესტოებიდან და მჭამელი ცეცხლი მისი ბაგეებიდან; მისგან მუგუზლები აგიზგიზდნენ.
10. მოდრიკა ცა და ჩამოვიდა; ღრუბელი მოექცა მის ფეხქვეშ.
11. ამხედრდა ქერუბიმზე და გაფრინდა, და გამოჩნდა ქარის ფრთებზე.
12. კარვად წყვდიადი მოიბურა, წყლის ჯურღმული და ცის ღრუბელი.
13. მისი ბრწყინვალებით გიზგიზებენ ცეცხლის ნაკვერცხლები.
14. ციდან დაიქუხა უფალმა, უზენაესმა ხმა გამოსცა.
15. ისრები გატყორცნა და მიმოფანტა ჩემი მტრები, აგრგვინა და აუბნია გზა-კვალი.
16. გამიაჩნდა ზღვის ფსკერი, გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძვლები უფლის მუქარისგან, მისი რისხვის ქარისაგან.
17. ხელი გადმოყო ზეგარდამო, ჩამჭიდა და წყლის მორევიდან ამომიყვანა.
18. მიხსნა ძლიერი მტრისგან, ჩემს მოძულეთაგან, რომელთაც დამძალეს.
19. ჭირში ვიყავ, როცა დამეცნენ, მაგრამ უფალი იყო ჩემი საყრდენი.
20. ფართოზე გამიყვანა და მიხსნა, რადგან შემიტკბო მან.
21. მომაგო უფალმა ჩემი სიმართლისაებრ და ჩემი ხელების სიწმიდისაებრ გადამიხადა.
22. რადგან ვიცავდი უფლის გზას და არ შემიცოდავს ჩემი ღმერთისათვის.
23. რადგან მისი მცნებები წინ მედო და მისი წესებისივის არ გადამიხვევია.
24. წრფელი ვიყავ მის მიმართ და ცოდვას გავურბოდი.
25. გადამიხადა უფალმა ჩემი სიმართლისაებრ და სიწმიდისაებრ მის თვალში.
26. მოწყალესთან მოწყალეობ, წრფელ კაცთან წრფელობ.
27. უმწიკვლოსთან უმწიკვლო ხარ, უკუღმართთან - ცბიერი.
28. დაჩაგრულთა მხსნელი ხარ, მედიდურებს მზერით აცამტვერებ.
29. რადგან, უფალო ჩემო, ლამპარი ხარ! უფალი ბნელს მინათებს.
30. რადგან შენით ურდოებს შევებმები. ჩემი ღმერთით გალავანს გადავევლები.
31. წრფელია ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა, მის მოიმედეთა ფარია იგი.
32. რადგან სად არს სხვა ღმერთი გარდა უფლისა? სად არს კლდე გარდა ჩვენი ღვთისა?
33. ღმერთია ჩემი გამაძლიერებელი, გზის წრფელად წარმმართველი.
34. ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებზე დამაყენებს.
35. საბრძოლველად გამიწრთვნის ხელებს და მოჭიმავს სპილენძის მშვილდს ჩემი მკლავი.
36. ხსნის ფარს შენ მაძლევ, შენი მოწყალება განმადიდებს.
37. შენ მიფართოებ ნაბიჯებს, აღარ მეჩორთება კოჭები.
38. მტერს ვედევნები მოსასპობად და არ ვბრუნდები, ვიდრე ბოლოს არ მოვუღებ.
39. ვსპობ და ვანადგურებ, ვეღარ დგებიან, ჩემს ფეხებთან ეცემიან.
40. შენ შემომარტყამ ძალას საბრძოლველად, ჩემს წინაშე აჩოქებ ჩემს მომხდურებს.
41. მტრების ზურგს მაჩვენებ და ვაცამტვერებ ჩემს მოძულეებს.
42. აქეთ-იქით იხედება, მაგრამ არა ჩანს მხსნელი; უფლისაკენ - მაგრამ ხმას არ სცემს.
43. მიწის მტვერივით ვაცამტვერებ, ქუჩის გოროხივით ვამტვრევ და ვჯეგავ.
44. შენ მიხსენი ჩემი მეამბოხე ხალხისაგან; შენ მინახავ ერების მთავრად. ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება.
45. უცხო ხალხები მეპირფერებიან; როგორც კი მოესმებათ ჩემი, მემორჩილებიან,
46. უცხოთესლთ ღონე ეხდებათ, გარბიან თავიანთი სიმაგრეებიდან.
47. ცოცხალ არს უფალი, კურთხეულ არს კლდე ჩემი! ამაღლდეს ჩემი ღმერთი, კლდე ჩემი ხსნისა,
48. ღმერთი, ჩემი შურისმგებელი, ხალხების ჩემთვის დამმორჩილებელი,
49. მტრებისაგან ჩემი გამრიდებელი და ჩემს მეამბოხეებზე ჩემი ამამაღლებელი; შემავიწროებელთაგან დამფარავი.
50. ამიტომ გადიდებ, შენ, უფალო, ხალხთა შორის და შენს სახელს ვუმღერი.
51. ხსნის გოდოლია თავისი მეფისთვის, მწყალობელია თავისი ცხებულისთვის, დავითისთვის და მისი მოდგმისთვის უკუნისამდე!