1. კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ და ათქმევინა: წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა.
2. უთხრა მეფემ იოაბს, თავის ჯარის სარდალს: შემოიარე ისრაელის ყველა შტო დანიდან ბერშებამდე და აღრიცხე ხალხი, რომ ვიცოდე ხალხის რიცხვი.
3. უთხრა იოაბმა მეფეს: უფალმა, შენმა ღმერთმა შეჰმატოს ერს ერთი ამდენი და კიდევ ასჯერ მეტი, და ამის მომსწრე გახადოს მეფე-ბატონი. მაგრამ რად ინება მეფე-ბატონმა ეს საქმე?
4. იძალა მეფის სიტყვამ იოაბზე და ჯარის სარდლებზე და გავიდნენ მეფისგან იოაბი და ჯარის სარდლები ხალხის, ისრაელის, აღსარიცხად.
5. გავიდნენ იორდანეს გაღმა და ყაროყერში დაიბანაკეს, ქალაქის მარჯვნივ, გადის ხეობაში რომ მდებანეობს, იაყზერის პირდაპირ.
6. მერე მივიდნენ გალაადში და თახთიმ-ხოდშის მხარეში, აქედან წავიდნენ დან-იაყანში და ციდონის მიდამოებში.
7. მივიდნენ ტიროსის ციხე-სიმაგრესთან და მოიარეს ხივიმლთა და ქანაანელთა ყველა ქალაქი და გადავიდნენ იუდას სამხრით, ბერშებაში.
8. მოიარეს მთელი ქვეყანა და ცხრა თვისა და ოცი დღის შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდნენ.
9. მიართვა იოაბმა მეფეს ხალხის აღრიცხვის წიგნი და აღმოჩნდა ისრაელში რვაასი ათასი მებრძოლი, მახვილის მაშიშვლებელი, და იუდაში ხუთასი ათასი კაცი.
10. გულმა დაჰკრა დავითს მას შემდეგ, რაც აღრიცხა ერი. უთხრა დავითმა უფალს: დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა მიუტევე, უფალო, შეცოდება შენს მორჩილს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.
11. მეორე დღეს, როცა ადგა დავითი, უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველ გადს, დავითის მისანს:
12. წადი და უთხარი დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: სამ სასჯელს შემოგთავაზებ; ერთ-ერთი აირჩიე, რომ დაგსაჯო.
13. მივიდა გადი დავითთან და გამოუცხადა ეს ამბავი: რა გიჯობს, შვიდწლიანი შიმშილი შენს ქვეყანაშა, სამი თვის ლტოლვილება შენი მტრებისგან და მათგან შენი დევნა, თუ შავი ჭირი სამ დღეს შენს ქვეყანაში? ახლა იფიქრე და ასწონ-დასწონე, რა პასუხი მივუტანო ჩემს გამომგზავნელს.
14. უთხრა დავითმა გადს: მეტისმეტად დამწუხრებული ვარ, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება. ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩავვარდები.
15. მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში იმ დღიდან დათქმულ დრომდე. და გაწყდა დანიდან ბერშებამდე სამოცდაათი ათასი კაცი.
16. გაიწოდა ხელი ანგელოზმა იერუსალიმისკენ მის შესამუსვრელად, მაგრამ უფალმა აკმარა უბედურება და უთხრა ხალხის შემმუსვრელ ანგელოზს: კმარა! ახლა უკან წაიღე ხელი. ორნა იებუსეველის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი.
17. უთხრა დავითმა უფალს ხალხის გამწყვეტი ანგელოზის დანახვისას: აჰა, მე კი შევცოდე და დავაშავე, მაგრამ ამ ცხვრებმა რა გააკეთეს? ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი!
18. მოვიდა დავითთან გადი იმავე დღეს და უთხრა: წადი და აღუმართე უფალს სამსხვერპლო ორნა იებუსეველის კალოზე.
19. წავიდა დავითი გადის სიტყვისაებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს.
20. გამოიხედა ორნამ და დაინახა მისკენ მომავალი მეფე და მისი მორჩილნი. გამოვიდა ორნა და მდაბლად თაყვანისცა მეფეს.
21. თქვა ორნამ: რისთვის მოსულა მეფე-ბატონი თავის მორჩილთან? უთხრა დავითმა: შენგან კალოს საყიდლად და უფლის სამსხვერპლოს ასაშენებლად, რათა განერიდოს ხალხს ჟამი.
22. უთხრა ორნამ დავითს: აიღოს და აღავლინოს მეფე-ბატონმა, რაც ენებოს. აჰა, ხარები აღსავლენად, აჰა, კევრი და ხარის უღელი შეშად.
23. ყველაფერი მისცა მეფეს ორნამ და უთხრა ორნამ მეფეს: უფალი, შენი ღმერთი გწყალობდეს!
24. უთხრა მეფემ ორნას: არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან; ვერ შევწირავ უფალს, ჩემს ღმერთს, მუქთ აღსავლენს. იყიდა მეფემ კალო და ხარები ორმოცდაათ შეკელ ვერცხლად.
25. აუგო დავითმა იქ უფალს სამსხვერპლო, აღავლინა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. შეიწყალა უფალმა ქვეყანა და განერიდან ჟამი ისრაელს.