ძველი აღთქმა
მეორე მეფეთა
თავი მესამე
1. გაიმართა ხანგრძლივი ბრძოლა საულის სახლსა და დავითის სახლს შორის.
დავითი უფროდაუფრო ძლიერდებოდა, ხოლო საულის სახლი უფროდაუფრო სუსტდებოდა.
2.
შეეძინა დავითს ვაჟიშვილები ხებრონში; პირმშო ამნონი იზრეყელელ ახინოყამისგან.
3.
მისი მომდევნო - ქილაბი აბიგაილისგან, ქარმელელი ნაბალის ქვრივისგან; მესამე -
აბესალომი, მაყაქას შვილი, გეშურის მეფის, თალმაის, ასულისა.
4. მეოთხე, ადონია -
ხაგითის შვილი; მეხუთე, შეფატია - აბიტალის შვილი.
5. მეექვსე, ყეგლას შვილი,
დავითის ცოლისა; ყველა ესენი ხებრონში შეეძინა დავითს.
6. საულის სახლსა და
დავითის სახლს შორის ბრძოლაში აბნერს საულის სახლის მხარი ეჭირა.
7. ჰყავდა ხარჭა
საულს, სახელად რიცფა, აიას ასული. უთხრა იშბოშეთმა აბნერს: რატომ შეხვედი
მამაჩემის ხარჭასთან?
8. ძლიერ განრისხდა აბნერი იშბოშეთის სიტყვებზე და უთხრა:
იუდას ძაღლთა თავი ხომ არ ვარ? დღეს სიკეთეს ვუკეთებ მამაშენის, საულის სახლს, მის
ძმებსა და მოყვასებს და არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში. ახლა ამ ქალთან ცოდვას
მაბრალებ?
9. ასე და ასე უყოს ღმერთმა აბნერს და კიდევ უარესი მიუსართოს, თუ ისე არ
მოვიქეცი, როგორც დავითს შეჰპირდა უფალი,
10. მეფობას წავართმევ საულის სახლს და
დავადგენ დავითის ტახტს ისრაელზე და იუდაზე დანიდან ვიდრე ბერშებამდე.
11. სიტყვა
ვეღარ შეუბრუნა აბნერს, რადგან ეშინოდა მისი.
12. გაუგზავნა აბნერმა თავისგან
მოციქულები დავითს, და დააბარა ეკითხათ: ვისია ქვეყანა? ეთქვათ: შეკარი
კავშირი ჩემთან და, აჰა, ჩემი ხელი შენთან იქნება, რომ მოგიმხროს მთელი ისრაელი.
13. თქვა დავითმა: კეთილი, შევკრავ შენთან კავშირს, ოღონდ ერთსა გთხოვ: ჩემს სახეს
ვერ იხილავ, თუ მელქოლა, საულის ასული, არ მოგიყვანია ჩემთან, როცა ჩემს სანახავად
მოხვალ.
14. გაუგზავნა მოციქულები დავითმა იშბოშეთს, საულის ძეს, და შეუთვალა:
მომეცი ჩემი ცოლი მელქოლა, რომელიც ასი წინდაუცვეთელი ფილისტიმელით დავწინდე.
15.
გაგზავნა კაცი იშბოშეთმა მის წამოსაყვანად ქმრისგან, ფალტიელ ლაიშის ძისგან.
16.
წამოჰყვა ქმარი ქალს და გამუდმებით მოსტიროდა ბახურიმამდე. აქ უთხრა აბნერმა: წადი,
გაბრუნდი. და ისიც გაბრუნდა.
17. დაელაპარაკა აბნერი ისრაელის უხუცესობას და უთხრა: გუშინაც, გუშინწინაც
გინდოდათ დავითი მეფედ.
18. ახლა აღასრულეთ ეს, რადგან
უბრძანებია უფალს დავითზე: ჩემი მორჩილის დავითის ხელით, უნდა ვიხსნა ჩემი ერი,
ისრაელი, ფილისტიმელთა ხელიდან და ყველა მტრის ხელიდან.
19. ასევე ელაპარაკა აბნერი
ბენიამინსაც. მერე დავითთან წავიდა ხებრონში, რომ ეთქვა მისთვის რაც სურდა ისრაელს
და ბენიამინის მთელს სახლს.
20. მივიდა აბნერი დავითთან ხებრონს, თან ოცი კაცი
ახლდა. ლხინი გაუმართა დავითმა აბნერს და მის კაცებს.
21. უთხრა აბნერმა დავითს:
წავალ და შევუკრებ ჩემს ბატონ მეფეს მთელს ისრაელს, აღთქმას დაგიდებენ და იმეფებ
შენს ნებაზე. გაისტუმრა დავითმა აბნერი და ისიც წავიდა მშვიდობით.
22. ამ დროს
დაბრუნდნენ დავითის მორჩილნი და იოაბი თარეშიდან და დიდძალი ნადავლი მოიტანეს თან.
აბნერი არ იყო დავითთან ხებრონში, რადგან გაგზავნილი ჰყავდა დავითს, და ისიც წავიდა
მშვიდობით.
23. მოვიდნენ იოაბი და მასთან მყოფი მთელი ლაშქარი და აცნობეს იოაბს:
მოვიდა აბნერ ნერის ძე მეფესთან, გაისტუმრა იგი მეფემ და ისიც წავიდა მშვიდობით.
24. მივიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: ეს რა ჰქენი? აბნერი მოსულა შენთან, შენ კი
გაგისტუმრებია და ისიც წასულა თავის ნებაზე.
25. ხომ იცნობ აბნერ ნერის ძეს? შენს
მოსატყუებლად მოვიდა, რომ გაიგოს შენი ასავალ-დასავალი, და ყველაფერი ნახოს, რასაც
აკეთებ.
26. გამოვიდა იოაბი დავითისგან, კაცები დაადევნა აბნერს და სირას ჭიდან დააბრუნა
იგი, ისე რომ არაფერი გაუგია დავითს.
27. როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი
იოაბმა კარიბჭის შიგნით, თითქოს განმარტოებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში
ჩასცა მახვილი. მოკვდა იგი იოაბის ძმის, ყასაელის სისხლის წილ.
28. როცა გაიგო მერე
ეს ამბავი დავითმა, თქვა: ბრალი არ გვადევს მე და ჩემს სამეფოს უფლის წინაშე
სამარადისოდ აბნერ ნერის ძის სისხლში.
29. დაატყდეს იოაბის თავს და მამამისის
სახლს! ნუმც გამოლეულა იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ხელყავარჯნიანი,
მახვილით განგმირული, პურს დანატრებული!
30. ხოლო იოაბმა და მისმა ძმამ, აბიშაიმ,
იმის გამო მოუსწრაფეს სიცოცხლე აბნერს, რომ მან მოკლა მათი ძმა ყასაელი ბრძოლაში,
გაბაონთან.
31. უთხრა დავითმა იოაბს და მასთან მყოფ მთელს ხალხს: შემოიგლიჯეთ
სამოსელი, შემოირტყით ჯვალო და დაიტირეთ აბნერი. მეფე დავითი თავად მიჰყვებოდა
საკაცეს.
32. როცა მარხავდნენ აბნერს ხებრონში, ხმამაღლა ტიროდა მეფე აბნერის
საფლავზე, ტიროდა მთელი ხალხი.
33. იგლოვა მეფემ აბნერი და თქვა განა სამარცხვინო
სიკვდილით უნდა მომკვდარიყო აბნერი?
34. ხელი შეკრული არა გქონია, ფეხებზე ბორკილები
არა გდებია. დაეცი, როგორც ბოროტმოქმედთა ხელით ეცემიან. კიდევ უფრო ატირდა ხალხი.
35. ჯერ კიდევ დღე იყო, რომ მოდიოდა ხალხი და პურს სთავაზობდნენ დავითს. იფიცებიადა
დავითი და ამბობდა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესი მომისართოს, თუ მზის
ჩასვლამდე ვიგემო პური ან სხვა რამე.
36. მაშინ ყველაფერს მიხვდა მთელი ხალხი და
მოეწონათ ეს ისევე, როგორც ყველაფერი მოსწონდათ, რასაც მეფე აკეთებდა.
37. გაიგო
მთელმა ხალხმა და მთელმა ისრაელმა ამ დღეს, რომ უბრალო იყო მეფე აბნერ ნერის ძის
მკვლელრაში.
38. უთხრა მეფემ თავის მორჩილთ: იცით თუ არა, როგორი სარდალი და დიდებული დაეცა
დღეს ისრაელში?
39. მე დღეს სუსტი ვარ, თუმცა ცხებული მეფე ვარ. ეს
ხალხი კი, ცერუიას შვილები, ჩემზე ძლიერნი არიან. მიუზღოს უფალმა ბოროტმოქმედს მისი
ბოროტების წილ!
|