1. მოვიდა ისრაელის ყველა შტო დავითთან ხებრონს და ასე უთხრეს: აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ ყველანი.
2. წინათაც, როცა საული მეფობდა ჩვენზე, შენ მიგყავდა და მოგყავდა ისრაელი, შენ გითხრა უფალმა: შენ უნდა მწყემსო ჩემი ერი ისრაელი, შენ უნდა იყო ისრაელის წინამძღოლი.
3. მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და შეჰკრა დავითმა მათგან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე და სცხეს ისრაელის მეფედ დავითი.
4. ოცდაათი წლისა იყო დავითი, როცა გამეფდა და იმეფა ორმოცი წელი.
5. ხებრონში შვიდ წელიწადს და ექვს თვეს მეფობდა იგი იუდაზე; იერუსალიმში მეფობდა ოცდაცამეტი წელი მთელს ისრაელზე და იუდაზე.
6. გაილაშქრეს დავითმა და მისმა კაცებმა იერუსალიმისკენ იებუსეველთა, ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ. ხოლო მათ ასე უთხრეს დავითს: ვერ შემოხვალ, რადგან ბრმები და კოჭლები გაგაქცევენ უკან. ამბობდნენ: ვერ შემოვაო დავითი.
7. მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი.
8. თქვა იმ დღეს დავითმა: იებუსეველებთან შებრძოლებულმა მახვილით მოსრას კოჭლი და ბრმა, დავითის მოძულე. ამიტომაც ამბობენ, კოჭლი და ბრმა არ შევიდესო ტაძარში.
9. დადგა დავითი ციხე-სიმაგრეში და უწოდა მას დავითის ქალაქი; და ააშენა დავითმა მილოს გარშემო და შიგნით.
10. სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა დავითი და უფალი, ცაბაოთ ღმერთი მასთან იყო.
11. გამოუგზავნა ხირამმა, ციდონის მეფემ, დავითს მოციქულები, ფიჭვის ძელები, ხუროები, ქვისმთლელები და აუშენეს სახლი დავითს.
12. მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ და რომ აღამაღლა მისი მეფობა თავისი ერის, ისრაელის გამო.
13. კიდევ მოიყვანა იერუსალიმში დავითმა ხარჭები და ცოლები ხებრონიდან მოსვლის შემდეგ და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები.
14. აჰა, მათი სახელები, ვინც იერუსალიმში შეეძინა მას: შამყუაყი, შობაბი, ნათანი და სოლომონი.
15. იბსარი, ელიშუაყი, ნეფეგი და იაფიაყი,
16. ელიშამაყი, ელიადაყი და ელიფალეტი.
17. შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი და დაიძრნენ ფილისტიმელები დავითის შესაპყრობად. შეიტყო დავითმა და ციხე-სიმაგრეში შევიდა.
18. მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე გაიშალნენ.
19. დაეკითხა დავითი უფალს: გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ ხელში მათ? მიუგო უფალმა დავითს: გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.
20. მივიდა დავითი ბაალ-ფერაციმში და იქ სძლია მათ დავითმა და თქვა: წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემს წინაშე, როგორც წყალი წალეკავს; ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს ბაალ-ფერაციმი.
21. იქ მიატოვეს თავიანთი კერპები და დავითმა და მისმა კაცებმა წაიღეს ისინი.
22. კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და რეფაიმის ველზე გაიშალნენ.
23. დაეკითხა დავითი უფალს. მიუგო: პირისპირ ნუ მიეჭრები. უკან მოუარე და ფიჭვნარის მხრიდან მიადექი.
24. როგორც კი ფიჭვების კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმწამსვე შეიმართე, რადგან სწორედ მაშინ წაგიძღვება უფალი ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსრავად.
25. ისე მოიქცა დავითი, როგორც დაარიგა იგი უფალმა, და გაბაონიდან გაზერამდე მუსრს ავლებდა ფილისტიმელებს.