1. კვლავ შეკრიბა დავითმა ყველა რჩეული ისრაელში, ოცდაათი ათასი კაცი;
2. ადგა და წავიდა დავითი მთელი ხალხითურთ, ვინც მასთან იყო, იუდას ბაალედან, რომ ამოეტანათ ღვთის კიდობანი, რომელსაც ეწოდა სახელი ცაბაოთ უფლისა, ქერუბიმებზე მჯდომარისა.
3. შედგეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოიღეს აბინადაბის სახლიდან, გიბყაში რომ არის. ყუზა და ახიო, აბინადაბის ვაჟები, მიუძღოდნენ ამ ახალ ურემს.
4. გამოიდგნეს აბინადაბის სახლიდან, გიბყაში რომ არის; ყუზა ღვთის კიდობნის გვერდით მოდიოდა, ახიო წინ მიუძღვებოდა კიდობანს.
5. დავითი და მთელი ისრაელის სახლი უკრავდნენ უფლის წინაშე კვიპაროსის ხის საკრავებს, ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს.
6. როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან კინაღამ გამოაგდეს იგი ხარებმა.
7. აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ ხელყოფისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან.
8. შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა. დღემდე ეწოდება ამ ადგილს ფერეც-ყუზა (ყუზას დაღუპვა).
9. შეეშინდა უფლისა დავითს იმ დღეს და თქვა: როგორ მოვა ჩემამდე უფლის კიდობანი?
10. არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის მოტანა თავისთან, დავითის ქალაქში და გეთელი ყობედ-ედომის კარ-მიდამოსკენ გაახვევინა.
11. სამი თვე ესვენა უფლის კიდობანი გეთელი ყობედედომის კარმიდამოში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომი და მთელი მისი კარ-მიდამო.
12. როცა შეატყობინეს დავითს, აკურთხა უფალმა ღვთის კიდობნის გამო ყობედ-ედომის კარ-მიდამო და მთელი მისი საბადებელიო, წავიდა დავითი და სიხარულით ამოიტანა ღვთის კიდობანი ყობედ-ედომის კარმიდამოდან დავითის ქალაქში.
13. უფლის კიდობნის გადატანისას, ყოველ ექვს ნაბიჯზე თითო ხარსა და ნაპატივებ ვერძს სწირავდა მსხვერპლად.
14. რაც ძალი და ღონე ჰქონდა როკავდა დავითი უფლის წინაშე; სელის ეფოდი ემოსა დავითს.
15. ყიჟინითა და ბუკის ცემით მიჰქონდათ უფლის კიდობანი დავითისა და ისრაელის მთელ სახლს.
16. როცა უფლის კიდობანი შევიდა დავითის ქალაქში, სარკმლიდან გადმოხედა საულის ასულმა მელქოლამ, დაინახა უფლის წინაშე მოხტუნავე და მროკველი დავითი და დასცინა მას თავის გულში.
17. მიიტანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს თავის ადგილზე კარავში, რომელიც გაშლილი ჰქონდა მისთვის დავითს. მერე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი შესწირა დავითმა უფალს.
18. როცა მორჩა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლის შეწირვას, ცაბაოთ უფლის სახელით დალოცა ერი.
19. ჩამოურიგა მთელს ერს, ისრაელის მთელს კრებულს, კაცსა და დედაკაცს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის წილობი და თითო ქადა. მერე თავ-თავის სახლებში წავიდა ხალხი.
20. როცა დაბრუნდა დავითი თავისი სახლის დასალოცად, გამოეგება მელქოლა, საულის ასული, დავითს და უთხრა: როგორ განდიდდა დღეს ისრაელის მეფე, რომ გაშიშვლდა დღეს თავის მორჩილთა და მხევალთა თვალწინ, როგორც შიშვლდება ხოლმე ქარაფშუტა ვინმე.
21. მიუგო დავითმა მელქოლას: უფლის წინაშე, რომელმაც მამჯობინა მამაშენს და მთელს მას სახლს, როცა დამადგინა უფლის ერის, ისრაელის წინამძღოლად, უფლის წინაშე სიხარულით ვიროკებ.
22. რაც უფრო დავმცირდები და დავმდაბლდები ჩეძს თვალში, მით უფრო დიდებული გამოვჩნდები მხევაღთა წინაშე, მათ წინაშეც კი, შენ რომ ახსენე.
23. მელქოლას, საულის ასულს, არ ჰყოლია შვილი სიკვდილის დღემდე.