1. როგორც კი დაიწყო ცხოვრება მეფემ თავის სახლში, მოასვენა იგი უფალმა ირგვლივ მტრებისგან.
2. უთხრა მეფემ ნათან წინასწარმეტყველს: შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი სავანის ქვეშ ასვენია.
3. უთხრა ნათანმა მეფეს: გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი.
4. იმ ღამით იყო, რომ ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა:
5. წადი და უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად?
6. მე ხომ არ დავმკვიდრებულვარ სახლში იმ დროიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ისრაელიანები, მუდამ კარავში და სავანეში ვიმყოფებოდი მგზავრობისას.
7. ნუთუ ისრაელიანთა შორის მოარულს ოდესმე მითქვამს ისრაელის რომელიმე შტოსთვის, ვისთვისაც ჩემი ერის, ისრაელის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?
8. ახლა ასე უთხარი ჩემა მორჩილს დავითს. ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის ფარიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლი ყოფილიყავი.
9. ყველგან შენთან ვიყავი, სადაც კი გივლია; მინადგურებია შენი მტრები შენს წინაშე; განმიდიდებია შენი სახელი, მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეეანაზე.
10. ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს, და დავაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად და ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ ძველებურად.
11. იმ დროიდან, რაც მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრისაგან. უფალი გამცნობს შენ, რომ სახლს აგიშენებს უფალი.
12. როცა დრო მოგივა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად ნაშიერს, შენი საზარდულიდან გამომავალს, და მეფობას განვუმტკიცებ.
13. ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და მე გავამტკიცებ მისი მეფობის ტახტს სამარადისოდ.
14. მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის. თუ დააშავებს, გავწკეპლავ კაცთა წესით და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით.
15. არ წაერთმევა მას ჩემი წყალობა, როგორც წავართვი საულს, რომელიც ჩამოგაცილე.
16. მტკიცედ იდგება მისი სახლი და სამეფო სამარადისოდ ჩემს წინაშე; მყარი იქნება მისი ტახტი სამარადისოდ.
17. თანახმად ამ სიტყვებისა და ამ ხილვისა ელაპარაკა ნათანი დავითს.
18. მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა. ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო ჩემო, ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე აღმაზევე!
19. ესეც მცირე ყოფილა შენს თვალში, უფალო ღმერთო ჩემო, რომ სამომავლოდაც აღუთქვი დაპირება შენი მორჩილის სახლს. ადამის ძეთა წესია ეს, უფალო ღმერთო ჩემო.
20. კიდევ რა უნდა გითხრას დავითმა? შენ თავად იცნობ შენს მორჩილს, უფალო ღმერთო ჩემო!
21. შენი სიტყვისათვის და შენი გულის თანახმად სჩადიხარ ამ სადიადეს და ამცნობ შენს მორჩილს.
22. ამიტომაც დიდი ხარ შენ, უფალო ღმერთო; რადგან არავინაა შენი მსგავსი, არ არის ღმერთი შენს გარდა, ყველაფრის თანახმად, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ.
23. თუ არის ამქვეყნად თუნდაც ერთი ხალხი შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც მოვლენია ღმერთი, რომ თავისთვის გამოესყიდა იგი, რომ ექცია თავის ერად, რომ სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი ამბები შენი ქვეყნისთვის ერის წინაშე, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტისგან, ხალხებისგან და ღმერთებისგან?
24. შენ განამტკიცე შენთვის შენი ერი ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო სამარადისოდ და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი!
25. ახლა სამარადისოდ განამტკიცე, უფალო, ღმერთო, ეგ სიტყვა, შენს მორჩილზე და მის სახლზე რომ გიბრძანებია, აღასრულე, როგორც ნაბრძანები გაქვს.
26. იდიდოს შენმა სახელმა სამარადისოდ, თქვან: ცაბაოთ უფალი ღმერთობს ისრაელზე! მტკიცე იყოს შენს წინაშე შენი მორჩილის დავითის სახლი!
27. რადგან ეს შენ იყავი, ცაბაოთ უფალო, ისრაელის ღმერთო, რომ გამოუცხადე შენს მორჩილს, სახლს აგიშენებო. ამიტომაც გაუწია გულმა შენს მორჩილს ასეთი ლოცვით ელოცა შენს მიმართ.
28. ახლა, უფალო ჩემო, ღმერთი ხარ შენ და შენი სიტყვები ჭეშმარიტია, და შენი მორჩილისთვის ეს სიკეთე გაქვს გამოცხადებული.
29. ახლა მოდი, აკურთხე შენი მორჩილის სახლი, რომ სამარადისოდ შენს წინაშე იყოს, რადგან ეს შენ წარმოთქვი, უფალო ჩემო! იკურთხოს შენი კურთხევით შენი მორჩილის სახლი სამარადისოდ!