1. მოვიდა რობოამი იერუსალიმში და შეჰყარა იუდასა და ბენიამინის მთელი სახლი - ასოთხმოცი ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელს და მეფობა დაებრუნებინათ რობოამისთვის.
2. გამოეცხადა ღვთის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს:
3. ასე უთხარი რობოამ სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, მთელ ისრაელს და იუდასა და ბენიამინის მთელ სახლს:
4. ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს ძმებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი. ისმინეს უფლის სიტყვა და იერობოამთან საომრად გასულნი უკან გაბრუნდნენ.
5. რობოამი იერუსალიმში ცხოვრობდა და ციხე-სიმაგრეებად აქცია ქალაქები იუდაში.
6. მან ააშენა: ბეთლემი, ყეტამი, თეკოაყი,
7. ბეთ-ცური, სოქო, ყადულამი,
8. გათი, მარეშა, ზიფი,
9. ადორაიმი, ლაქიში, ყაზეკა,
10. ცარყა, აიალონი, ხებრონი - გამაგრებული ქალაქები, იუდასა და ბენიამინს რომ ეკუთვნოდა.
11. გაამაგრა ეს ციხე-სიმაგრეები, ჩააყენა მათში წინამძღოლნი და მისცა სურსათ-სანოვაგის, ზეთისა და ღვინის მარაგი.
12. ყველა ქალაქს ფარ-შუბები ჩამოურიგა და ძლიერ გაამაგრა. მის ხელში იყო იუდა და ბენიამინი.
13. მღვდლები და ლევიანები, ვინც კი იყო მთელს ისრაილში, თავ-თავიანთი საზღვრებიდან შეუდგნენ მას.
14. ვინაიდან ტოვებდნენ ლევიანები თავიანთ სანახებს, სამფლობელოებს და მიდიოდნენ იუდაში და იერუსალიმში, რადგან იერობოამი და მისი ძენი უშლიდნენ მათ უფლის მღვდლობას.
15. დაიყენა მღვდლები გორაკებისთვის, ციკნებისთვის და ხბორებისთვის, თვითონ რომ გააკეთა.
16. მათ მიჰყვნენ ისრაელის ყველა ტომიდან, ვინც გულით ეძებდა უფალს, ისრაელის ღმერთს. ისინი მოვიდნენ, რომ მსხვერპლი შეეწირათ უფლისთვის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთისთვის.
17. გაამაგრეს იუდას სამეფო და სამ წელიწადს მხარს უჭერდნენ რობოამს, სოლომონის ძეს, რადგან ამ სამ წელს დადიოდა დავითისა და სოლომონის გზით.
18. რობოამმა ცოლად შეირთო მახალათი, იერიმოთ დავითის ძის ასული და აბიხაილი, ელიაბ იესეს ძის ასული.
19. უშვა მას ვაჟები: იეყუში, შემარია და ზაჰამი.
20. ამის შემდეგ შეირთო მაყაქა, აბესალომის ასული. უშვა მას: აბია, ყათაი, ზიზა, შელომითი.
21. რობოამს ყველა თავის ცოლზე და ხარჭაზე მეტად უყვარდა რეხაბყამი, სოლომონის ასული. რადგან თვრამეტი ცოლი და სამოცი ხარჭა ჰყავდა, შეეძინა ოცდარვა ვაჟი და სამოცი ქალი.
22. დააყენა უფროსად რობოამმა აბია, მაყაქას ვაჟი, წინამძღოლად თავის ძმებში, რადგან მისი გამეფება ეწადა.
23. გონივრულად მოიქცა და ყველა თავისი შვილი იუდასა და ბენიამინის ყველა კუთხეში და ყველა გამაგრებულ ქალაქში ჩაასახლა. უხვად მისცა სარჩო და უთხოვა მრავალი ცოლი.