1. იერობოამის მეფობის მეთვრამეტე წელს აბია გამეფდა იუდაზე.
2. სამ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო მიქაიაჰუ, აბესალომის ასული, გიბყადან. ომი იყო ამტყდარი აბიასა და იერობოამს შორის.
3. აბიამ ომში მამაც მებრძოლთაგან ოთხასი ათასი რჩეული ვაჟკაცი გამოიყვანა. იერობოამი კი მათ წინააღმდეგ საომრად რვაასი ათასი რჩეული და მამაცი მეომრით გამოვიდა.
4. დადგა აბია ცემარაიმის მთაზე, ეფრემის მთებში რომაა, და თქვა: მისმინეთ, იერობიაამ და მთელო ისრაელო!
5. განა არ იცით, რომ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, დავითსა და მის ძეებს მარილის აღთქმით მისცა მეფობა ისრაელზე სამარადჟამოდ?
6. მაინც აღსდგა იერობოამ ნაბატის ძე, სოლომონ დავითის ძის მორჩილი, და გაილაშქრა თავისი ბატონის წინააღმდეგ.
7. შემოიკრიბა თავის ირგვლივ უღირსი, უგვანი ხალხი, და სძლიეს რობოამ სოლომონის ძეს. რობოამი ყმაწვილი იყო და გულმხდალი, ამიტომ ვერ გაუძლო მათ.
8. ახლა თქვენ ფიქრობთ, გაუმკლავდეთ უფლის სამეფოს, რომელიც დავითის ძეთა ხელშია. თქვენ ჩვენზე ბევრად მეტნი ხართ და თქვენთან არის ოქროს ხბოები, იერიაბოამმა რომ ღმერთებად დაგიყენათ.
9. განა თქვენ არ გამორეკეთ უფლის მღვდლები - აარონის ძენი და ლევიანები? განა თქვენ არ იყავით, რომ მღვდლები სხვა ქვეყნების ხალხთა მსგავსად გაიჩინეთ? ყველა, ვინც თავის საკურთხევლად მოდის კურატითა და შვიდი ბატკნით, ცრუღმერთის მღვდელი ხდება.
10. ჩვენ კი უფალი, ჩვენი ღმერთი გვყავს. არ მიგვიტოვებია იგი. მღვდლები უფალს ემსახურებიან, აარონის ძენი და ლევიანები თავიანთ საქმეზე დგანან.
11. დილა-საღამოობით უფლისთვის აღსავლენს აღავლენენ, სურნელებას აკმევენ, საწირ პურს სუფთა ტაბლაზე აწყობენ, ანთებენ ლამპრებს ოქროს სასანთლეზე, ღამ-ღამობით რომ ენთონ, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის მცნებებს ვასრულებთ, თქვენ კი მიატოვეთ ისინი.
12. აჰა, ღმერთი და მისი მღვდლები ჩვენთან არიან და სათავეში გვიდგანან, მომარჯვებული გვაქვს მქუხარე საყვირები, თქვენს წინააღმდეგ დასაყვირებლად, ისრაელიანებო! არ გაბედოთ უფალთან, თქვენი მამა-პაპის ღმერთოან ბრძოლა, რადგან არ მოგემართებათ ხელი.
13. ამასობაში იერობოამმა უკან ჩაუსაფრა მათ ხალხი, თვითონ იუდაელთა წინ იყვნენ, საფარი კი მათ უკან ეყენათ.
14. თვალი მოავლო იუდამ და, აჰა, წინიდან და უკნიდან ომია გაჩაღებული. მაშინ მოუხმეს მათ უფალს და მღვდლებმაც ჩაჰბერეს საყვირებს.
15. შეჰღაღადეს იუდაელებმა. როდესაც იუდაელებმა შეჰღაღადეს, ღმერთმა დაამარცხა იერობოამი და მთელი ისრაელი აბიასა და იუდას წინაშე.
16. გაურბოდნენ ისრაელის ძეები იუდას, მაგრამ ღმერთმა მათ ხელში ჩაყარა ისინი.
17. სძლია მათ აბიამ და მისმა ხალხმა დიდი ძლევით. ხუთასი ათასი მკვდარი დაეცა ისრაელის რჩეულ ვაჟკაცთაგან.
18. მაშინ მოდრკნენ ისრაელიანები, იუდაელები კი გაძლიერდნენ, რადგან მინდობილნი იყვნენ უფალზე, თავიანთი მამა-პაპის ღმერთზე.
19. გაედევნა აბია იერობოამს და წაართვა ქალაქები: ბეთ-ელი თავისი დაბებით, იეშანა თავისი დაბებით, ყეფრაინი თავისი დაბებით.
20. ვეღარ მოიკრიბა იერობოამმა ძალა აბიაჰუს დღეებში, დაჰკრა მას უფალმა და მოკვდა იგი.
21. აბიაჰუ კი გამტკიცდა და თოთხმეტი ცოლი შეირთო. შეეძინა ოცდაორი ვაჟი და თექვსმეტი ქალი.
22. აბიას დანარჩენი ამბები, საქმეები და მისი სიტყვები აღწერილია ყიდო წინასწარმეტყველის წიგნში.
23. განისვენა აბიამ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად ასა, მისი ძე, გამეფდა.