1. ასას მეფობის ოცდამეთექვსმეტე წელს ამხედრდა ისრაელის მეფე ბაყაშა იუდას წინააღმდეგ და ააშენა რამა, რათა შეეწყვიტა მისვლა-მოსვლა ასასთან, იუდას მეფესთან.
2. გამოიტანა ასამ ვერცხლი და ოქრო უფლის სახლისა და მეფის სახლის საგანძურებიდან. გაუგზავნა ბენჰადადს, არამის მეფეს, დამასკოში რომ იჯდა, და შეუთვალა:
3. იყოს კავშირი ჩვენს შორის, როგორც ჩვენს მამებს შორის იყო. აჰა, გიგზავნი ვერცხლსა და ოქროს. წადი და გაწყვიტე კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან, და ჩამომეხსნება.
4. დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას და გაგზავნა თავისი მხედართმთავრები, ვინც ჰყავდა, ისრაელის ქალაქთა წინააღმდეგ. დალაშქრეს ყიონი, დანი, აბელ-მაიმი და ნაფთალის ყველა სამარაგო ქალაქი.
5. ეს რომ შეიტყო ბაყაშამ, შეწყვიტა რამას შენება და შეაჩერა თავისი საქმე.
6. შეკრიბა მეფე ასამ მთელი იუდა და გადაზიდეს რამას ქვები და ხე-ტყე, რითაც ბაყაშა აშენებდა. ააშენა ამით გებაყი და მიცფა.
7. იმ დროს მივიდა მეფე ასასთან მისანი ხანანი და უთხრა: არამის მეფეს რომ მიენდე და არ მიენდე უფალს, შენს ღმერთს, ამის გამო გადაურჩა არამის ჯარი შენ ხელს.
8. განა ქუშელთა და ლუბიელთა ლაშქარი დიდი არ იყო, მრავლის უმრავლესი ეტლი და მხედარი არ ჰყავდათ? მაგრამ უფალს რომ იყავი მინდობილი, ამიტომაც ჩაგიგდო ისინი ხელში.
9. რადგან უფლის თვალი დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი. უგუნურად მოგივიდა ეს. ამიტომ ომები გექნება ამიერიდან.
10. განურისხდა ასა მისანს და საპყრობილეში ჩააგდო, რადგან გაგულისებული იყო ნათქვამის გამო. იმავე დროს ასა ჩაგრავდა ხალხიდან ზოგიერთებს.
11. ასას პირველი და უკანასკნელი ამბები ჩაწერილია იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნში.
12. თავისი მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს ასას ფეხები დაუსნეულდა. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, მაგრამ თავის სნეულებაშიც კი არ ეძებდა უფალს, არამედ მკურნალებს.
13. განისვენა ასამ თავის მამა-პაპასთან; მოკვდა თავისი მეფობის ორმოცდამეერთე წელს.
14. დამარხეს მის სამარხში, თავისთვის რომ გაიმზადა, დავითის ქალაქში. დაასვენეს იგი სარეცელზე, რომელიც აავსეს კეთილსურნელებითა და მენელსაცხებლეთა ხელობით დამზადებული ნაირნაირი ნელსაცხებლებით. და დაუნთეს მას დიდზე დიდი კოცონი.