1. უხვად ჰქონდა დოვლათი და პატივი იოშაფატს, და დაუმოყვრდა აქაბს.
2. რამდენიმე წლის შემდეგ ჩავიდა აქაბთან სამარიაში და უამრავი ცხვარ-ძროხა დაუკლა აქაბმა მას და იმ ხალხს, თან რომ ახლდა. და დაიყოლია გალაადის რამოთში ლაშქრობაზე.
3. უთხრა აქაბმა, ისრაელის მეფემ, იოშაფატს, იუდას მეფეს: წამომყვები გალაადის რამოთზე? მიუგო: რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაჰყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი? შენთან ვარ ომში.
4. უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: აბა, დაეკითხე უფლის სიტყვას.
5. შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი - ოთხასამდე კაცი, და უთხრა მათ: გავილაშქრო გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავო? მიუგეს: გაილაშქრე, მეფეს ჩაუგდებს ხელში ღმერთი.
6. თქვა იოშაფატმა: ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხოთ?
7. უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისათვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. მიქაი იმლას ძეა. თქვა იოშაფატმა: ნუ ამბობს ასე მეფე.
8. უხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ ჯარისკაცს და უთხრა: სასწრაფოდ მომგვარე მიქაი იმლას ძე.
9. ისრაელის მეფე და იუდეას მეფე იოშაფატი სამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავის სავარძლებში კალოზე, სამარიის კარიბჭესთან, და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე.
10. გაიკეთა ციდკია ქენაყანის ძემ რკინის რქები და თქვა: ასე ამბობს უფალი: ამით ურქენ არამს და ბოლოს მოუღებ.
11. ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა: მიუხდი გალაადის რამოთს და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი.
12. ასე ეუბნებოდა მიქაის მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: აჰა, მეფის სასიკეთოს ამბობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი. შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს. შენცა თქვი სასიკეთო.
13. თქვა მიქაიმ: უფალს ვფიცავ, იმას ვიტყვი, რასაც ღმერთი მიბრძანებს.
14. მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: მიქაი! გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ? მიუგო: გაილაშქრე და გაიმარჯვებ, თქვენს ხელში ჩაცვივდებიან.
15. უთხრა მეფემ: რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე-მეთქი უფლის სახელით?
16. უთხრა: ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მთებზე მიმოფანტული. და თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაბრუნდნენ თავ-თავის სახლებში.
17. უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: ხომ გეუბნებოდი, სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.
18. თქვა მიქაიმ: აბა, ისმინეთ უფლის სიტყვა: ვიხილე, თავის ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ.
19. თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს აქაბს, ისრაელის მეფეს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთს? ერთი ერთს ამბობდა, მეორე - სხვას.
20. გამოვიდა სული, წარუდგა უფალს და თქვა: მე გავიტყუებ. უთხრა უფალმა: რითი?
21. მიუგო: გავალ და საცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.
22. აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა უფალმა ამ შენ წინასწრმეტყველებს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.
23. მიეჭრა ციდკია ქენაყანის ძე და სილა გააწნა მიქაიას, უთხრა: როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სიტყვამ და შენში მეტყველებს?
24. თქვა მიქაიმ: მაშინ დაინახავ, ოთახიდან ოთახში რომ დაიწყებ სირბილს დასამალავად.
25. თქვა ისრაელის მეფემ: შეიპყარით მიქაი და მიჰგვარეთ ქალაქის თავს და უფლისწულ იოაშს.
26. და უთხარით: ასე ამბობს-თქო მეფე: დილეგში ჩააგდეთ ეს კაცი და აჭამეთ სიმწრის პური და ასვით სიმწრის წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე.
27. თქვა მიქაიმ: თუ მშვიდობით მობრუნდი, უფალს არ ულაპარაკნია ჩემი პირით. თქვა: ისმინეთ ყეელამ, ხალხნო!
28. წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატ იუდას მეფე გალაადის რამოთზე.
29. უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: მე გადავიცვამ და ისე გავალ საბრძოლველად. შენ შენი სამოსელი გეცვას. გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდა საბრძოლველად.
30. უბრძანა არამის მეფემ ეტლების მეთაურებს, ვინც ჰყავდა: ნუ შეებრძოლებით ნურც მცირეს, ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ.
31. როცა დაინახეს ეტლების მეთაურებმა იოშაფატი, იფიქრეს, ეს არისო ისრაელის მეფე და მისკენ გაეშურნენ, რომ შებრძოლებოდნენ. მაშინ იყვირა იოშაფატმა და უფალი შეეწია - ღმერთმა მოაშორა მას მომხდურნი.
32. როცა მიხვდნენ ეტლების მეთაურები, რომ არ იყო იგი ისრაელის მეფე, გაერიდნენ მას.
33. ალალბედზე მოზიდა მშვილდი ვიღაც კაცმა და ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა ისრაელის მეფე. უთხრა თავის მეეტლეს: გატრიალდი და ბრძოლიდან გამიყვანე, რადგან დაჭრილი ვარ.
34. გახურდა ომი იმ დღეს, დარჩა ეტლში ისრაელის მეფე არამელთა პირისპირ საღამომდე და მოკვდა მზის ჩასვლისას.