1. ბრძანა სოლომონმა სახლის აშენება უფლის სახელისთვის და სამეფო სახლის აშენება თავისთვის.
2. სოლომონმა აღრიცხა სამოცდაათიათასი მტვირთავი, ოთხმოციათასი ქვის მჭრელი მთაში და სამიათას ექვსასი მათი ზედამხედველი.
3. შეუთვალა სოლომონმა ხურამს, ტვიროსის მეფეს: როგორც მამაჩემს დავითს ექცეოდი და ნაძვებს უგზავნიდი მისი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, მეც ასე მომექეციო.
4. აჰა, ვაშენებ უფლის, ჩემი ღმერთის სახლს მისთვის საკურთხევლად, საკმევლის საკმევად, საწირი პურის მუდამჟამს მისართმევად, აღსავლენის აღსავლენად დილა-საღამოობით, შაბათობით, ახალმთვარობებისა და ჩვენი უფლის, ღმერთის დღესასწაულებისთვის, რაც სამარადისოდ აკისრია ისრაელს.
5. დიდია ის სახლი, უფლისათვის რომ ვაშენებ, რადგან ჩვენი ღმერთი ყველა ღმერთებზე დიდია.
6. ვის შესწევს ძალა, რომ უფლის სახლი ააშენოს, როცა მას ცანი და ცათა ცანიც ვერ იტევს? ან მე ვინღა ვარ, რომ მის წინაშე საკმევლის საკმევი ალაგის გარდა, სხვა სახლი ავუშენო?
7. ახლა კი გამომიგზავნე ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის და ძოწეულის, მეწამული და ლურჯი ფერის ნართების დამუშავების მცოდნე კაცი, ჩუქურთმის კვეთა რომ იცოდეს და იმუშაოს იმ ხელოსნებთან ერთად, იუდასა და იერუსალიმში რომ მყავს, რომელნიც მამაჩემმა, დავითმა, მოამზადა.
8. ლიბანიდან გამომიგზავნე კედარის ხეები, კვიპაროსები და სანდალოზის ხეები, რადგან ვიცი, რომ შენმა მორჩილებმა იციან ლიბანის ხეების ჭრა და აჰა, ჩემი მორჩილნი შენს მორჩილებთან ერთად იქნებიან,
9. რათა უხვად დამიმზადონ ხეები, რადგან სახლი მე რომ ვაშენებ, დიდებული და მშვენიერი უნდა გამოვიდეს.
10. აჰა, ვაძლევ ტყისმჭრელებს, ხეებს რომ ჩეხავენ, შენს მორჩილთ, ოციათას ქორ ხორბლის ფქვილს, ოციათას ქორ ქერს, ოციათას ბათ ღვინოსა და ოციათას ბათ ზეთს.
11. ხურამმა, ტვიროსის მეფემ, წერილით უპასუხა სოლომონს და შეუთვალა: რაკი უფალს უყვარს თავისი ერი, ამიტომ დაგადგინა მასზე მეფედ.
12. კიდევ ეს უთხრა ხურამმა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, რომელმაც მეფე დავითს ბრძენი, ჭკვიანი და გონიერი ვაჟი უბოძა, რომელიც აშენებს სახლს უფლისათვის და სამეფო სახლს თავისთვის.
13. ახლა კი გიგზავნი ბრძენსა და გამოცდილ კაცს - ხურამ-აბის,
14. დანელი ქალის ძეს, მამით ტვიროსელს, რომელმაც იცის ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ქვის, ხის, ძოწეული და ლურჯი ნართების, სელის და ყირმიზის დამუშავება, ყოველგვარი ჩუქურთმის კვეთა, ყველა ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რაც კი დაევალება შენს ხელოსნებთან და ჩემი ბატონის, დავითის, ხელოსნებთან ერთად.
15. ახლა გამოუგზავნოს ჩემმა ბატონმა ის ხორბალი, ქერი, ზეთი და ღვინო, თავის მორჩილთ რომ შეჰპირდა.
16. ჩვენ კი ლიბანში მოვჭრით ხეებს, რამდენიც დაგჭირდება და ზღვაზე ტივებით დავაცურებთ იოფისკენ, იქიდან კი იერუსალიმს აიტანე.
17. აღრიცხა სოლომონმა ყველა ხიზანი, ვინც კი ისრაელის ქვეყნად დავითის, მამამისის, აღრიცხვის შემდეგ მოსულიყო. და აღმოჩნდა ასორმოცდაცამეტი ათას ექვსასი კაცი.
18. მათგან სამოცდაათი ათასი მტვირთავად გაამწესა, ოთხმოცი ათასი - ქვის მჭრელად მთაში, სამი ათას ექვსასი - ზედამხედველად, ხალხი რომ ემუშავებინათ.