1. ამის შემდეგ იყო, რომ მოვიდნენ მოაბიანები და ყამონიანები (ყამონელნიც მათთან იყვნენ) იოშაფატის წინააღმდეგ საბრძოლველად.
2. მოვიდნენ, ამბავი მიაუტანეს იოშაფატს და უთხრეს: დიდი ურდო გადმოვიდა შენს წინააღმდეგ საბრძოლველად ზღვის გაღმიდან და არამიდან. აჰა, ისინი ხაცეცონ-თამარში არიან, ყენ-გედიში.
3. შეშინდა იოშაფატი და შესაკითხად უფალს მიმართა. მთელ იუდაში მარხვა გამოაცხადა.
4. შეიკრიბა იუდა უფლისგან შემწეობის სათხოვრად. იუდას ყველა ქალაქიდან მოვიდნენ უფლის საძიებლად.
5. წარდგა იოშაფატი იუდასა და იერუსალიმის კრებულში, უფლის სახლში, ახალი ეზოს წინ,
6. და თქვა: უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, განა შენ არა ხარ ღმერთი ზეცაში? განა შენ არ ბატონობ ხალხთა ყველა სამეფოში? შენს ხელთ არის ძალა და სიმტკიცე. არავინ არის, წინ რომ აღგიდგეს.
7. განა შენ არ განდევნე ამ ქვეყნის მცხოვრებნი შენი ერის, ისრაელის თვალწინ? განა შენ არ მიეცი იგი სამარადისოდ შენი მოყვასის, აბრაამის მოდგმას?
8. დამკვიდრდნენ იქ, საწმიდარი აგიშენეს შენს სახელზე და თქვეს:
9. თუ თავს რამე უბედურება დაგვატყდება, მახვილი იქნება. მსჯავრი, ჭირი თუ შიმშილი, დავდგებით ამ სახლის წინაშე და შენს წინაშე, რადგან შენი სახელია ამ სახლში, და მოგიხმობთ ჩვენს გასაჭირში, შენ კი მოისმენ და გვიხსნი.
10. აჰა, ახლა ყამონიანები და მოაბი, სეყირის მთიელები, მათზე გავლის ნება რომ არ დართეს ისრაელიანებს, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ბრუნდებოდნენ, ამიტომ მათ გვერდი აუარეს და არ გაანადგურეს ისინი.
11. ახლა სამაგიეროს იმით გვიხდიან, რომ მოვიდნენ ჩვენი სამკვიდრებლის წასართმევად, რომელიც შენ დაგვიმკვიდრე.
12. ჩვენო ღმერთო, განა შენ არ დასდებ მათ მსჯავრს? რადგან უძლურნი ვართ ამ მრავალრიცხოვანი ურდოს წინაშე, ჩვენს წინააღმდეგ რომ არის მოსული. ჩვენ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, რადგან შენკენაა ჩვენი თვალი მოპყრობილი.
13. მთელი იუდა უფლის წინაშე იდგა, თავიანთი ჩვილებით, ცოლებითა და ვაჟებით.
14. მაშინ გადმოვიდა შუაგულ კრებულში ღვთის სული იეხაზიელზე, ძეზე ზაქარიასი, ძისა ბენაიასი, ძისა იეყიელისა, ძისა მათანიასი, ლევიანზე ასაფიანთაგან.
15. და თქვა: ყური მიგდე, მთელო იუდავ, იერუსალიმის მცხოვრებნო, მეფე იოშაფატ! ასე გეუბნებათ უფალი: ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით ამ უზარმაზარი ურდოს წინაშე, რადგან თქვენ კი არ გმართებთ ომი, არამედ ღმერთს.
16. ხვალ დაეშვით მათკენ. აჰა, ისინი ჰაციცის მაღლობზე ამოდიან. ხევის ბოლოში წააწყდებით მათ, იერუელის უდაბნოს წინ.
17. ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ. გადით, დადქით და უცქირეთ უფლის მიერ თქვენს ხსნას. იუდავ და იერუსალიმო! ნუ გეშინიათ და ნუ ძრწიხართ. ხვალ გახვალთ მის წინააღმდეგ და უფალი იქნება თქვენთან.
18. იოშაფატი პირქვე დაემხო მიწაზე. მთელი იუდა და იერუსალიმის მცხოვრებნი უფლის წინაშე დაემხვნენ უფლის თაყვანისცემად.
19. წამოიმართნენ ლევიანები კეჰათიანთაგან და კორახიანთაგან, რათა მაღალი ხმით ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა.
20. ადგნენ დილაადრიან და თეკოაყის უდაბნოსკენ გავიდნენ. გასვლისას ადგა იოშაფატი და თქვა: მისმინეთ, მთელო იუდავ და იერუსალიმის მცხოვრებნო! დაენდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, მტკიცედ იდექით. გწამდეთ მისი წინასწარმეტყველებისა და მოგემართებათ ხელი.
21. დაეთათბირა ხალხს და დაუყენა უფალს მგალობელნი, წმიდა სამოსელში გამოწყობილნი, რომ ექოთ უფალი შეიარაღებულთა წინ გამოსვლისას, ეთქვათ: ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
22. იმ დროს, როცა დაიწყეს ყიჟინა და სიმღერა, უფალმა ალყაში მოაქცია იუდას წინააღმდეგ მოსული ყამონიანები, მოაბიანები და სეყირის მთიელები და გაანადგურა.
23. აღდგენ ყამონიანებზე, მოაბიანებზე და სეყირის მთის მცხოვრებლებზე მათ დასახოცად და ამოსაწყვეტად. როცა სეყირის მცხოვრებთ მოუღეს ბოლო, ერთმანეთს დაერივნენ დასახოცად.
24. ავიდა იუდა უდაბნოს ბორცვზე, გადახედა ურდოს, და აჰა, გვამები ყრია მიწაზე!
25. მივიდნენ იოშაფატი და მისი ხალხი მათთან ნადავლისთვის და იპოვეს დიდძალი ქონება, სამოსელი, საუცხოო ჭურჭელი. იმდენი შეაგროვეს, რომ წაღება აღარ შეეძლოთ. სამ დღეს ეზიდებოდნენ ნადავლს, იმდენი იყო.
26. მეოთხე დღეს კურთხევის ველზე შეიკრიბბენ, რადგან იქ აკურთხეს უფალი. ამიტომ ეძახიან დღემდე იმ ადგილს კურთხევის ველს.
27. გამობრუნდა მთელი იუდა და იერუსალიმი იოშაფატის მეთაურობით, რათა გახარებულები დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში, რადგან უფალმა გაახარა ისინი მტრებზე.
28. შევიდნენ იერუსალიმში ქნარებით, ბობღნებითა და საყვირვბით უფლის სახლისკენ.
29. შიში დაეცათ ქვეყანათა ყველა სამეფოს, როცა გაიგეს, რომ ისრაელის მტრებს უფალი ებრძოდა.
30. მოისვენა იოშაფატის სამეფომ, სიმშვიდე უბოძა მას ირგვლივ თავისმა ღმერთმა.
31. და მეფობდა იოშაფატი იუდაზე. ოცდათხუთმეტი წლისა იყო იოშაფატი, როცა გამეფდა, და ოცდახუთ წელს მეფობდა იერუსალიმში. მისი დედა იყო ყაბუზა, შილხის ასული.
32. თავისი მამის, ასას გზას ადგა და არ უხვევდა მისგან. სწორად იქცეოდა უფლის თვალში.
33. ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული. და ხალხსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მტკიცედ მობრუნებული გული თავიანთი მამა-პაპის ღმერთისკენ.
34. იოშაფატის დანარჩენი საქმენი, პირველნი და უკანასკნელნი, ჩაწერილია იეჰუ ხანანის ძის მატიანეში, რომელიც შეტანილია ისრაელის მეფეთა წიგნში.
35. ამის შემდეგ იოშაფატ იუდას მეფემ კავშირი შეკრა ახაზიასთან, ისრაელის მეფესთან, რომელიც უკუღმართად იქცეოდა.
36. მასთან კავშირი იმიტომ შეკრა, როძ ხომალდები აეგო თარშიშში წასასვლელად. ხომალდები ყეციონ-გაბერში ააგეს.
37. იწინასწარმეტყველა იოშაფატზე ელიყეზერ დოდანის ძემ, მარეშელმა, და თქვა: რაკი კავშირი შეჰკარი ახაზიასთან, ამიტომ უფალი ჩაფუშავს შენს საქმეს. და დაილეწა ხომალდები და ვეღარ შესძლეს თარშიშში წასვლა.