1. იერუსალიმის მცხოვრებლებმა მის ნაცვლად მისი უმცროსი ვაჟი ახაზია გაამეფეს, რადგან უფროსები ბანაკში შემოჭრილმა არაბებმა გაჟლიტეს. გამეფდა ახაზია, იუდას მეფის, იორამის ვაჟი.
2. ორმოცდაორი წლისა იყო ახაზია, რომ გამეფდა, და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ღოთოლია, ყომრის ასული.
3. ისიც აქაბის სახლის გზით დადიოდა, ვინაიდან დედამისი ურჩევდა ბოროტის ქმნას.
4. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, აქაბის სახლის მსგავსად, რადგან ისინი იყვნენ მისი მრჩევლები, მისდა საუბედუროდ.
5. მათივე რჩევით დადიოდა და გაჰყვა იორამ აქაბის ძეს, ისრაელის მეფეს, არამის მეფესთან, ხაზაელთან საბრძოლველად გალაადის რამოთში; დაჭრეს არამელებმა იორამი.
6. მობრუნდა, რომ იზრეყელში ემკურნალა ჭრილობებისთვის, რომლებიც მიაყენეს, როცა ხაზაელს, არამის მეფეს ეომებოდა. ჩამოვიდა ახაზია იორამის ძე, იუდას მეფე, იზრეყელში იორამ აქაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი.
7. ღვთისგან იყო ახაზიას დაღუპვა იორამთან მისვლით. მისვლისთანავე იორამთან ერთად რომ გაილაშქრა იეჰუ ნიმშის ძეზე, რომელსაც უფალმა სცხო ახაბის სახლის დასაქცევად.
8. როცა იეჰუ მსჯავრს სდებდა ახაბის სახლს, მოძებნა იუდას მთავარნი და ახაზიას ძმისწულნი, ახაზიას რომ ემსახურებოდნენ, და დახოცა ყველანი.
9. მოძებნა ახაზიაც და შეიპყრეს იგი, როცა სამარიაში იმალებოდა, და მიჰგვარეს იეჰუს. მერე მოკლეს და დამარხეს, რადგან თქვეს: შვილია იოშაფატისა, რომელიც მთელი გულით ეძებდა უფალს. აღარავინ დარჩა ახაზიას სახლში, მეფობა რომ შესძლებოდა.
10. როცა ღოთოლიამ, ახაზიას დედამ დაინახა, რომ მოკვდა მისი ვაჟი, ადგა და გაწყვიტა იუდას სახლის მთელი სამეფო მოდგმა.
11. მაგრამ იეჰოშაბყათმა, მეფის ასულმა, აიყვანა იოაში, ახაზიას ვაჟი, და მოარიდა დასახოცავად განწირულ უფლისწულებს და თავის ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში გადამალა. იეჰოშაბყათმა, მეფე იორამის ასულმა, იეჰოიადაყ მღვდლის ცოლმა, ახაზიას დამ, გადამალა იგი ღოთოლიასგან და ვერ მოკლეს.
12. ექვს წელს იმალებოდა მასთან ერთად ღვთის სახლში, ხოლო ქვეყანაზე ღოთოლია მეფობდა.